იგავნი სოლომონისა, თავი 3
შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის.
პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.
ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები.
უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;
რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს.
ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!
რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს.
მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.
მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.
იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.
უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი.
მისი გამჭრიახობით გაიხსნა უფსკრულები და ღრუბლები ცვარად იცრებიან.
შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი.
ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.
მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ;
დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება.
არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა;
რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს.
ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება:
ნუ იტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს.
ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად ცხოვრობს შენთან.
ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის.
ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას,
რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი.
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია.
გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს.
დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.
შვილო, სჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებ და სიტყუანი ჩემნი დაიმარხენინ გულმან შენმან.
რამეთუ სიგრძე ჟამთა და წელიწადნი ცხორებისანი და მშჳდობაჲ შეგეძინოს შენ.
მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბენ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა.
და ჰპოო მადლი წინაწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცთა.
იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრაძნესა შენსა ნუ აჰყვები.
ყოველთა შინა გზათა შენთა იცან იგი, რათა წარჰმართნეს გზანი შენნი და ფერჴი შენი არა წარჰკუეთო.
ნუ იქმნები შენ ბრძენ თავით თჳსით; გეშინოდენ უფლისა და მოიქეც ყოვლისაგან ბოროტისა.
მაშინ კურნებაჲ იყო ჴორცთა შენთაჲ და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთა.
პატივ-ეც უფალსა ნაშრომთაგან შენთა სიმართლისათა და შეწირე მისსა პირველთა ნაყოფთაგან შენთა სამართალთა.
რამეთუ აღივსნენ საუნჯენი შენნი სიმაძღრითა იფქლისათა, და ღჳნითა საწნეხელნი შენნი გარდამოეცემოდიან.
შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა,
რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.
ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ,
რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვერცხლისა საუნჯეთა,
და უპატიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას,
რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს.
გზანი მისნი - გზაჲ კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი მშჳდობით.
ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ.
ღმერთმან სიბრძნითა თჳსითა დააფუძნა სოფელი და განჰმზადნა ცანი გონიერებით.
მეცნიერებითა უფსკრულნი გამოეცნეს და ღრუბელნი ადინებდეს ცუარსა. შვილო,
ნუ მოჰმედგრდები, დაიცვენ ზრახვანი ჩემნი და მცნებანი,
რათა ცხონდეს სული შენი, და მადლი იყოს თავსა შენსა, და იყოს კურნებაჲ ჴორცთა შენთა, და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთაჲ,
რათა ხჳდოდი სასოებით, მშჳდობით ყოველთა გზათა შენთა და ფერჴი შენი არა წარსცე.
უკუეთუ შჯდე, უშიშად შჯდე; და, უკუეთუ გეძინოს, განსუენებით გეძინოს
და არა გეშინოდის შენ შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედამოსლვისა უღმრთოთაგან მოწევნულისა,
რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერჴნი შენნი, რათა არა შეიძრა.
ნუ დააყენებ კეთილის-ყოფად ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელსა შენსა შეწევნა.
ნუ ეტყჳ - წარვედ აწ და მოვედ და ხვალე გცე: ძალ-თუ-გედვას კეთილის-ყოფად, რამეთუ არა უწყი, რაჲ შვეს ხვალემან.
ნუ ზრახავ მეგობრისა შენისათჳს ძჳრსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა.
ნუ მტერ-მოყუარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუუკუე ბოროტი რაჲმე გიყოს შენ. ნუ მოიგებ კაცთა ბოროტთა მაყუედრებელად,
ნუცა ჰბაძავ გზათა მათთა;
რამეთუ არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე უშჯულოჲ და მართალთა თანა არა დაადგრეს იგი.
წყევაჲ უფლისა სახლთა შინა უღმრთოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნეს უფლისა მიერ.
უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ.