ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 6

1

შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის,

2

მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით.

3

ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე.

4

თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს - თვლემას.

5

იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.

6

მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.

7

არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი.

8

ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას.

9

როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?

10

მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.

11

ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.

12

უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.

13

თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის;

14

ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.

15

ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.

16

აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:

17

ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,

18

ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,

19

ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.

20

დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.

21

სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული,

22

მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.

23

რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,

24

რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.

25

გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.

26

რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი.

27

თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად?

28

თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?

29

ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას.

30

არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია;

31

წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.

32

ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას.

33

ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.

34

რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს.

35

არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი.

1

შვილო, უკუეთუ თავს-იდვა მეგობარი შენი, მისცე ჴელი შენი მტერსა შენსა,

2

რამეთუ საფრჴე ძლიერ არიან კაცისა თჳსნი ბაგენი და შეიპყრობის სიტყჳთა პირისა მისისათა.

3

ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ და სცხოვნდე, რამეთუ შეჰვარდე ჴელთა ბოროტისათა მეგობრისა შენისათჳს, იყავ შენ განკრძალულ და ნუ დაჰჴსნი, განჰმზადე მეგობარიცა იგი შენი, რომელი თავს იდევ.

4

ნუ სცემ ძილსა თუალთა შენთა, ნუცა ჰრულის წამსა შენსა,

5

რათა განერე, ვითარცა ქურციკი საფრჴესა და ვითარცა მფრინველი მახესა.

6

იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა და იქმენ უბრძნეს მისსა,

7

რამეთუ მას ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა უფლისა ვის ქუეშე არს,

8

რომელმან განჰმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბის კალოთა ზედა; ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. სასურველ არს ყოველთა და დიდებულ, დაღაცათუ არს ძალითა უძლურ, სიბრძნესა პატივ-სცა და წარმოჴდა.

9

ვიდრემდის სწვე, ჵ, მცონარო, ანუ ოდეს ძილისაგან განიღჳძო?

10

მცირედ გეძინოს, მცირედ გრულოდის, მცირედღა და დაისხნე ჴელნი მკერდსა ზედა.

11

მაშინ მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე და ნაკლულევანებაჲ, ვითარცა კეთილი მსრბოლი. უკუეთუ უცონო იყო, მოვიდეს, ვითარცა წყაროჲ, ნაყოფი შენი, ხოლო ნაკლულევანებაჲ, ვითარცა ბოროტი კაცი, გევლტოდის.

12

კაცი უგუნური და უშჯულო ვალნ გზათა გულარძნილთა.

13

და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ თუალითა, და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა თითთათა,

14

გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა. ესევითარი იგი შფოთსა იქმნ ქალაქსა შინა.

15

ამისთჳს მოიწიოს მეყსეულად წარსაწყმედელი მისი, განკუეთა და შემუსრვაჲ უკურნებელი,

16

რამეთუ უხარინ ყოველსა ზედა, რომელი სძულს ღმერთსა, და შეიმუსრვის არაწმიდებითა სულისა თჳსისათა.

17

თუალნი მაგინებელნი და ენაჲ ცრუ, ჴელნი, რომელნი სთხევენ სისხლსა მართალისასა,

18

და გული, რომელი ზრახავნ გულისსიტყუათა ბოროტთა, და ფერჴნი, რომელნი ისწრაფიან ბოროტის-ყოფად, მოისრნენ.

19

ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან და მოავლინის საშჯელი შორის ძმათა.

20

შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ.

21

და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა ზედა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა,

22

რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი, და შენ თანა იყუნენ და, რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ და რათა, რაჟამს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ,

23

რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ,

24

რათა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა.

25

შვილო, ნუ გარევინ სიკეთე გულისთქუმისა, ნუცა მოინადირებ თუალთაგან შენთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა.

26

რაჟამს სასყიდელი მეძვისაჲ, ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, რამეთუ დედაკაცმან უკეთურმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის.

27

გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღთა და სამოსელი მისი არა დაიწჳს?

28

ანუ ვალნმე ვინ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწუას?

29

ეგრეთვე, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა ძჳრსა, ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას.

30

არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი.

31

უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რათა იჴსნეს სული თჳსი.

32

ხოლო მემრუშემან ნაკლულევანებითა გონებისათა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყუას.

33

სალმობაჲ ხოლო და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე,

34

რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა.

35

ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031