ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 11

1

მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.

2

ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.

3

წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.

4

არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან.

5

უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა.

6

გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან.

7

ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია.

8

მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს.

9

პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან.

10

მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს.

11

წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.

12

ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.

13

ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.

14

თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი, რიცხვმრავალ მრჩევლებში კი გადარჩება.

15

ვინც უცხოს თავდებად უდგება, ბოროტებას გადავყრვბა, ხოლო ვისაც თავდებობა სძულს, უსაფრთხოდ არის.

16

მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ.

17

მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.

18

ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი ჯილდოს ღებულობს.

19

სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება.

20

გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის.

21

იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება.

22

გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე.

23

მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა.

24

ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია.

25

ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება.

26

ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა.

27

ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა.

28

თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.

29

თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი გულბრძენის მორჩილია.

30

მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს იზიდავს.

31

თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს ბოროტეულს და ცოდვილს.

1

უღელი ზაკული საძაგელ არს წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი სიმართლისა სათნო არს მისსა.

2

სადა შევიდეს გინებაჲ, მუნცა უპატიოებაჲ, ხოლო პირი ბრძენთა იწურთიდეს სიბრძნესა.

3

სიმართლე უძღოდის მართალთა მათ და დაბრკოლებამან თავისმოთნენი დაამჴუნის.

4

არად სარგებელ-ეყოს მონაგები დღესა რისხვისასა, ხოლო სიმართლემან იჴსნეს სიკუდილისაგან. (მოკუდა მართალი და დაუშთა სინანული. ხოლო ჴელთ-დებაჲ და მოსაცხრომელ იქმნეს უღმრთოთა წარწყმედა).

5

ხოლო სიმართლემან უბიწოსამან წარიმართმეს გზანი, ხოლო უღმრთოებაჲ დაეტეოს ცრუთა ზედა.

6

სიმართლემან კაცთა მართალთამან იჴსნნეს იგინი, ხოლო უღმრთოებითა თჳსითა მოისრვიან უშჯულონი.

7

აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოებაჲ, ხოლო სიქადული უღმრთოთა მოისპოს.

8

მართალი მჴეცისაგან განერეს და მის წილ მიეცეს უღმრთოჲ.

9

პირსა უღმრთოთასა საფრჴე მოქალაქეთა, ხოლო ცნობამან მართლისამან განაგის იგი.

10

მართალმან კეთილსა შინა წარჰმართოს ქალაქი და წარწყმედა უღმრთისა სიხარული.

11

კურთხევითა წრფელთათა აღემართოს ქალაქი, ხოლო პირითა უღმრთოთათა დაიქცეს.

12

შეურაცხ-ყვნის მოქალაქენი ნაკლულევანმან გონებითა, ხოლო კაცი გონიერი მყუდროებით იქცევინ.

13

კაცი ორენა განაცხადებს მოყუსისა ხუაშიადსა, ხოლო სარწმუნომან დაფაროს იგი.

14

რომელთა არა აქუნდეს განკარგვა, დაცჳვეს ვითარცა ფურცელი, ხოლო ცხორება არა იპოოს მრავალთა განმზრახთა თანა.

15

ბოროტი ცდილობს, ბოროტი სადა შეამთხვიოს მართალსა და სძულან ჴმანი კეთილნი.

16

უღონონი მცირედ მდიდარ იქმნებიან, ხოლო მჴნეთა დაიმკვიდრონ სიმდიდრე.

17

სულსა თჳსსა კეთილი უყვის კაცმან მოწყალემან, ხოლო განხრწნის ჴორცნი თჳსნი უწყალომან.

18

უღმრთომან ქმნის საქმე სიცრუვისა, ხოლო თესლი მართალთა სასყიდელი ჭეშმარიტებისა.

19

შვილი მართალი იშვის ცხორებად, ხოლო დევნულებაჲ უღმრთოთა სიკუდიდ.

20

საძაგელ უფლისა გულარძნილნი გზანი; შეწყნარებულ მისსა ყოველნი უბიწონი,

21

რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უტანჯველ იყოს; ხოლო, რომელი სთესვიდეს სიმართლესა, მოიღოს სასყიდელი სარწმუნო.

22

ვითარცა საყური ყელსა ღორისასა - დედაკაცსა სახებოროტსა - სიკეთე.

23

გულისთქუმაჲ მართლისაჲ ყოველივე კეთილ, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.

24

არიან, რომელნი თესლსა სთესვენ და უფროჲსსა შეიკრებენ, და არიან, რომელნი შეიკრებენ სხუათასა და მოაკლდების.

25

სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ.

26

რომელმან შეიკრძალოს იფქლი, დაუშთის იგი წარმართთა, და რომელნი ძნელად ჰყოფდენ იფქლსა, ერის წყეულ იყავნ, ხოლო კურთხევაჲ უფლისაჲ თავსა ზედა უხჳსასა.

27

რომელი იქმოდის კეთილსა, ეძიებს მადლსა კეთილსა, ხოლო რომელი გამოეძიებს ბოროტსა, ეწიოს მასვე.

28

რომელი ესვიდეს სიმდიდრესა, დაეცეს, ხოლო, რომელი ეწეოდის მართალსა, იგი განბრწყინდეს.

29

რომელი არა შეეზავებოდის სახლსა თჳსსა, მან დაიმკჳდრნეს ქარნი, და ჰმონებდეს უგუნური ბრძენსა.

30

ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდეს ხე ცხორებისა; მიეხუნენ უჟამოსა სულნი უშჯულოთანი.

31

უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღამე იპოოს?

12345678910111213141516171819202122232425262728293031