იგავნი სოლომონისა, თავი 30
სიტყვები აგურ იაკეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი იეთიელის, იეთიელისა და უქალის მიმართ:
კაცთაგან ყველაზე უმეცარი ვარ და ადამიანური გონება არ გამაჩნია.
ვერ ვისწავლე სიბრძნე და ღვთიურისა არაფერი გამეგება.
ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?
უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ.
ორ რამესა გთხოვ და უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდებოდე:
სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე,
რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
მონას ცილს ნუ დასწამებ თავისი ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია, მაგრამ სიბინძურისგან არ განბანილა.
არის ხალხი - და როგორი ამპარტავანი და ქედმაღლად მომზირალი!
არის ხალხი, რომლის კბილები მახვილებია, რომლის ღოჯები დანებია, ქვეყნად ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად.
წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!
მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არის, რომ ვერ გამიგია:
ცაში არწივის კვალი, კლდეზე გველის კვალი, შუაგულ წყალში ხომალდის კვალი და ქალწულში კაცის კვალი.
ბოზი ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.
სამი რამე არყევს ქვეყანას, ოთხი რამე ვერ აუტანია:
გამეფებული მონა, პურით გამძღარი არამზადა,
საძულველი ქალი, როცა გათხოვდება, და მონაქალი, რომელიც თავისი ქალბატონის ადგილს იჭერს.
აჰა, ოთხნი მცირენი დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი:
ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან და თავიანთ საზრდოს ზაფხულობით აგროვებენ;
კურდღლები მაგრები არ არიან და თავიანთ სახლებს კლდეზე დგამენ;
კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან.
ხვლიკი ხელით შეიპყრობა, მაგრამ მეფის სასახლეებშია.
ეს სამნი თამამად დააბიჯებენ, ეს ოთხნი თამამად დადიან:
ლომი - ცხოველთა მეუფე, გზაზე რომ არავის ჩამოეცლება;
დარახტული ცხენი, ჯიხვი და მეფე თავისი ამალით.
თუ შენ შენი ამპარტავნობით სისულელე ჩაიდინე ან თუ ავი განიზრახე, პირზე მიიფარე ხელი.
რძის ჯანჯღარით კარაქი გამოდის, ცხვირში ჯანჯღარით სისხლი გამოდის, ბრაზის ჯანჯღარით ჩხუბი გამოდის.
ესრეთ ჰრქჳს კაცმან მორწმუნეთა ღმრთისათა, ვითარმედ: ვდუმნე. რამეთუ უსულელჱს ვარ ყოველთა კაცთა
და სიბრძნე კაცობრივი არა არს ჩემ თანა.
ღმერთმან მასწავა მე სიბრძნე და მეცნიერება წმიდათა გულისჴმა-ვყავ და ვიცი სიწმიდჱ.
ვინ აღჴდა ცად და გარდამოჴდა? ვინ შვკრიბნა ქარნი უბეთა თჳსთა, ანუ ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა? ვინ დაიპყრნა კიდენი ქუეყანისანი? რა არს სახელი მისი, ანუ რა არს სახელი ძისა მისისა, რათა უწყოდი?
რამეთუ ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი რჩეულ არიან და მგულებელ არს იგი მოშიშთა მისთა,
რათა არა შეგატყუას შენ და ცრუდ იპოო შენ.
ორსა ამას ვითხოვ შენგან: ნუ მიმიღებ ჩემგან მადლსა, ვიდრე არა მომკუდარ ვარ.
სიტყუათა ცრუთა, ამაოთა განმაშორე ჩემგან, სიმდიდრესა და უპოვარებასა ნუ მომცემ მე, არამედ აღწონით ყავ წესი,
რათა არა განვმდიდრდე და განვცრუვდე და თუ უპოვარი ვიყო, ვიპარო და ცილი ვფუცო სახელსა ღმრთისა ჩემისასა,
ნუ მისცემ მონასა ჴელთა უფლისა თჳსისათა, რათა არა გწყეოს შენ და განირყუნეს.
ნაშობი უკეთური მამასა თჳსსა სწყევნ და დედასა თჳსსა არა აკურთხევნ.
ნაშობსა უკეთურსა მართალთა თანა შეურაცხიეს თავი თჳსი და საგმობელობა მისი არა განიწმიდის.
ნაშობსა უკეთურისანი ამპარტავან არიან თვალნი მისნი და წამწამითა თჳსითა მაღლოინ.
ნაშობისა უკეთურისანი, ვითარცა ჴრმალნი, ლესულ არიან კბილნი მისნი და შუანი მისნი, ვითარცა მკუეცელნი, შემუსრვად და შეჭმად მდაბალთა ქუეყანისათა და კაცთა გლახაკთა.
წურბელსა სამ ასულ ესხნეს სიყვარულითა, საყუარელნი და სამთავე მათ ვერ განაძღეს იგი, და მეოთხესა მას ვერ კმა-ეყო თქუმად, ვითარმედ: კმა არს.
ჯოჯოხეთი და ტრფიალება დედათა, და ტარტაროზი და ქუეყანა ვერ განმაძღარი წყლითა. წყალმან და ცეცხლმან არა თქუეს, ვითარმედ: კმა არს.
თვალნი, რომელნი ეკიცხევედ მამასა და შეურაცხ-ჰყოფედ სიბერე დედისასა აღმოჰჴადნედ იგინი ყორანთა ჴევისათა და შეჭამნედ იგინი მართუეთა ორბისათა.
სამ არს შეუძლებელი ჩემდა და მეოთხე იგი ვერ გულისჴმა-ვყავ:
კუალი ორბისა მფრინველისა, და გზა გუელისა კლდესა ზედა, ალაგნი სლვისა ნავისანი და გზანი კაცისანი სიჭაბუკესა შინა.
ესევითარი გზა არს დედაკაცისა მომრუშისა, რომელმან-იგი, რაჟამს ქმნის, დაიბანის და ეგრეთ თქჳს, ვითარმედ: არა უჯერო ვქმენ.
სამისაგან იძლევის ქუეყანა და მეოთხესა მას ვერ შემძლებელ ვარ დათმენად.
უკუეთუ მეფობდეს მონა, და უგუნური თუ განძღეს პურითა,
და მჴევალმან თუ გამოაძოს დედოფალი და საძულელი თუ ცოლი შეემთხჳოს ქმარსა კეთილსა.
ოთხი არს უმცირეს ქუეყანასა ზედა და იგინი არიან უბრძნეს ბრძენთასა.
ჯინჭველთა, რომელთა არა აქუს ძალი და განიმზადიან ზაფხულის საზრდელ,
და მაჩუთა ნათესავი უძლური, რომელთა შინა იქმნიან კლდეთა ბუდენი თჳსნი;
უმეფო არს მკალი და მრავალი განეწყობის, ვითარცა ერთისაგან ბრძანებისა წესიერად.
მსუენი ჴელითა ემტკიცებინ კედელსა, დაღათუ ადვილად შესაპყრობელ არს, არამედ დამკჳდრებულ არს იგი ტაძართა შინა სამეუფოთა.
სამი არს, რომელი კეთილად ვალს, და მეოთხე იგი კეთილად თანაწარჰვალს.
ლეკჳ ლომისა უძლიერესი მჴეცთა, რომელი არა გარემოიქცვვის, არცა შეძრწუნდების ნადირისაგან,
მამალი, რომელი იქცევინ დედალთა შორის განსუენებულად, და ვაცი, წინამძღუარი სამწყსოთა, და მეფე, რომელი იზახებნ თესლთა ზედა.
უკუეთუ მისცე თავი შენი შუებასა და მიჰყო ჴელი შენი ლალვით პირად შენდა, შეურაცხ იქმნე.
მოიწუელე სძე და იქმნეს ერბო, უკუეთუ გამოზიდვიდე დრყილსა, გამოჰჴდეს სისხლი, უკუეთუ დამოჰზიდვიდე სიტყუათა ამაოთა, გამოვიდენ სასჯელნი და ლალვანი.