იგავნი სოლომონისა, თავი 23
დიდკაცთან პურის საჭმელად რომ დაჯდები, დაკვირვებით იყავი:
ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.
ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცთური პურია იგი.
გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.
თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.
ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო.
რადგან როგორც იქცევა, ისე არ ფიქრობს; ჭამე და სვიო, გეუბნება, მაგრამ შენთან არ არის მისი გული.
შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად დახარჯავ.
ბრიყვს ყურში ნურაფერს ეტყვი, რადგან მას სძულს შენი გონივრული სიტყვები.
ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენს წინააღმდეგ.
გული მიაქციე შეგონებას და ყური - ცოდნის სიტყვებს.
ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება.
ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.
შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.
მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.
მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ.
შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.
მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
უკუეთუ დასჯდე სერობად ტაბლასა ძლიერისასა, ცნობით ცან წინადაგებული შენი და ეგრეთ მიყავ ჴელი შენი.
უწყოდე, რამეთუ ეგრეთ გიღირს განმზადებად, უკუეთუ უძღებ ხარ.
ნუ გული გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან ცხორებად ტყუვილისა.
ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა, არამედ გონებითა შენითა განეშორე.
უკუეთუ მიადგნე თუალნი, არასადა ჩნდეს იგი, რამეთუ განმზადებულ არიან მისა, ვითარცა ფრთენი ორბისანი, და მიიქცეს სახიდ ზედამადგინებელისა თჳსისა.
ნუ სჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქუამნ საჭმელთა მისთა.
რამეთუ, ვითარცა-იგი ვინ შთანსთქამნ თმასა, ეგრეთ ჭამდეს და სუმიდეს შენ თანა.
ნუცა შეიყვანებ შენ თანა და ნუცა სჭამ პურსა მის თანა, რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყუათა შენთა კეთილთა.
ყურთა მიმართ უგუნურთასა ნურას იტყჳ; ნუუკუე შეურაცხ-ყუნენ სიტყუანი შენნი გონიერნი.
ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა ობოლთასა ნუ შეხუალ, რამეთუ მჴსნელი მათი უფალი ძლიერი არს და საჯოს სასჯელი მართალი შენ თანა.
მიეც გული შენი სწავლასა და სასმენელნი შენნი განჰმზადენ სიტყუათა მეცნიერებისათა.
ნუ განაყენებ ჩჩჳლთა ყრმათა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს.
შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან.
შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა.
და იყვნენ ბაგეთა შინა ჩემთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, უკუეთუ მართალ იყვნენ.
ნუ ჰგაძავ გულითა შენითა ცოდვილთა, არამედ შიშსა შინა უფლისასა იყავ ყოველსა დღესა,
რამეთუ, უკუეთუ დაიმარხო, ესე გექმნეს შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს.
ისმინე, შვილო ჩემო, და ბრძენ იქმენ და წარჰმართო გონიერება გულისა შენისაჲ.
და ნუ იყოფი მეღჳნე და ნუცა ხედავ ზიარებასა სხუათასა ჴორცისა სყიდასა,
რამეთუ ყოველი მემთრვალე და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსო დაბებკული ყოველმან მოძილემან.
ისმინე შვილო, მამისა, რომელმან გშვა შენ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედა შენი.
მოიგე ჭეშმარიტებაჲ და ნუ განიშორებ სწავლულებასა.
კეთილად ზრდინ მამაჲ მართალი და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ გული მისი.
იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი და შენ ზედა და მხიარულ-ყვენ მშობელნი შენნი.
მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენნი გზათა ჩემთა ხედვასა.
ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღუმული იწროჲ უცხოჲ.
და ესე მოსწრაფედ წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს.
ვისსა ვაჲ? ვისსა შფოთი? ვისსა სასჯელი? ვისსა დაუწყუედელნი უძრვანი? ვისსა შემუსრვანი ამაონი? ვისნი ლბილ არიან თუალნი?
ანუ არა მათთა, რომელთა დაიყოვნიან ღჳნოსა ზედა? და რომელნი იმსტურობენ, სადაძი სუმანი არიან?
ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთსა სლვასა შინა, რამეთუ, უკუეთუ ფიალებსა და სასუმელებსა მისცნე თუალნი შენნი, უკუანაჲსკნელ ხჳდოდი უშიშულეს საცეხულისთავისა,
ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელი, განისხირპო და, ვითარცა რქოსანისა მის, განგეზაოს გესლი.
თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა.
და დაადნვის, ვითარცა გულსა შინა ზღჳსასა და ვითარცა ნავისმავლინებელი შორის მრავალთა ღელვათა.
და მაშინ სთქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, მეკიცხევდეს მე და არა ვცან, ოდესმე ცისკარი იყოს, რათა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი?