იგავნი სოლომონისა, თავი 25
ესეც სოლომონის იგავებია, რომელიც იუდას მეფის ხიზკიას კაცებმა შეკრიბეს.
საქმის დამალვა ღვთის დიდებაა, მეფეთა დიდება კი საქმის გამოაშკარავებაა.
როგორც ზეცაა მაღალი და მიწა ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
ვერცხლს წიდა მოაშორე და ოქრომჭედელს ჭურჭლად ექნება.
მეფეს ბოროტეული მოაშორე და მისი ტახტი სიმართლით გამტკიცდება.
მეფის წინაშე ნუ იტრაბახებ და დიდკაცთა ადგილზე ნუ დადგები;
რადგან სჯობს გითხრან, აქ ამოდიო, ვიდრე დიდებულის წინაშე დაგამდაბლონ.
ნუ იჩქარებ თვალით დანახულის მიტანას სამსჯავროზე, თორემ რაღას იზამ, როცა ბოლოს შენი მახლობელი შეგარცხვენს?
დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი საიდუმლო;
თორემ გამგონე გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება.
მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;
ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.
თოვლის სიგრილე მკის დროს იგივეა, რაც ერთგული მაცნე მისი გამგზავნელისთვის - იგი თავის ბატონს სულს უბრუნებს.
რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი ძღვენით მოქადული კაცი.
მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.
თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ გატყვრე და უკან არ ამოანთხიო.
მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს.
ლახტი, მახვილი და წამახული ისარია კაცი, რომელიც ცრუმოწმედ გამოდის თავისი მახლობლის წინააღმდეგ.
ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის, როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში.
გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია.
თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;
რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.
ჩრდილოეთის ქარი წვიმას იწვევს, ჩურჩული კი სახის მოღუშვას.
სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.
რაღა ცივი წყალი მწყურვალისთვის და რაღა სასიხარულო ამბავი შორეული ქვეყნიდან.
რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.
ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი, მაგრამ სხვისი დიდების ძიება სასახელოა.
რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს.
იგავნი სოლომონისნი, მეფისა ისრაჱლისანი, გამოუკულეველნი, რომელ აღწერნეს მეგობართა ეზეკია მეფისა ურიასტანისათა.
დიდებაჲ ღმრთისა ჰფარავს სიტყუათა, ხოლო დიდებაჲ მეფისა პატივ-სცემს მეფესა.
ცაჲ მაღალ არს და ქუეყანაჲ ღრმა, ხოლო გული მეფისა გამოუკუველ.
განჭედე გამოუცდელი ვეცხლი და განწმიდნეს ყოვლად წმიდად.
და მოისპნენ წარმართნი პირისაგან მეუფისა და წარემართოს სიმართლით საყდარი მისი.
ნუ ლაღად იქცევი წინაშე მეფისა, ნუცა ადგილსა ძლიერსა დასჯდები.
უმჯობეს არს შენდა, რათა გრქუან: აღმორე ზემო, ვიდრე დამდაბლებასა შენსა წინაშე ძლიერისა.
რაჲ-იგი იხილეს თუალთა შენთა, თქუ: ნუ წარმდებ იქმნები ლალვასა, რათა არა ინანდე უკუანასკნელ, რაჟამს გაყუედროს მეგობარმან.
გარემიიქცევ მისგან, ნუუკვე შეურაცხ-გყოს.
ნუუკვე გაყუედროს მეგობარმან და ლალვა და მტერობაჲ არა განგეროს შენ, არამედ იყოს სწორ სიკუდილისა; მადლი და მეგობრობაჲ განგააზნაურებს. დაიმარხე თავისა შენისა, რათა არა საყუედრელ იქმნე, არამედ დაიმარხენ გზანი შენნი კეთილად,
ბირთჳ ოქროჲსა მძივსა სარდიონისასა თქუმად სიტყუაჲ;
საყურსა ოქროჲსასა და ანთრაკითა პატიოსნითა შემკული არს სიტყუაჲ სიბრძნისა ყურთა მორჩილთასა.
ვითარცა გამოსლვაჲ თოვლისა მკათა ზედა სიცხესა საგრილობელ, ეგრევე მოციქული სარწმუნოჲ, რომელთა წარავლინონ იგი, რამეთუ გულთა, რომელთა იჴსენონ იგი - სარგებელ არს იგი.
ვითარცა ქარნი და წჳმანი და ღრუბელნი სასტიკნი, ეგრეთვე რომელნი იქადიან საცემელსა ტყუელვით.