ლოცვანი
აპლიკაცია

დაბადება, თავი 8

1

გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი.

2

დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.

3

თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.

4

მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი.

5

თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.

6

ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.

7

გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე.

8

გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.

9

ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.

10

შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.

11

დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე.

12

შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან.

13

ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი.

14

მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.

15

ასე უთხრა ღმერთმა ნოეს:

16

გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები.

17

ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.

18

გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები.

19

ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.

20

აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.

21

იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.

22

ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.

1

და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა.

2

და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.

3

და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.

4

და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.

5

ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.

6

ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.

7

და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.

8

და განავლინა ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

9

და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, და განყო ჴელი მისი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად.

10

მერმე შემდგომად შჳდთა დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან.

11

და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

12

და მერმე და-ღა-ითმინა შჳდ დღე. და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე.

13

და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

14

ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა,განჴმა ქუეყანა.

15

და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს.

16

გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი.

17

და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.

18

და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი.

19

და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან.

20

და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.

21

და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.

22

ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.

1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363738394041424344454647484950