დაბადება, თავი 6
როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,
დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.
ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.
თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.
მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე.
შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით.
გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.
უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ.
გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე.
ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.
აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.
შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.
ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.
წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც.
ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.
და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.
ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.
და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.
და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.
ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.
და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.
და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.
ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.
ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.
ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.
ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა.
და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.
და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.
იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.
და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.
შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.
ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.
და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.
და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ.
ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი.
ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად
და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.