დაბადება, თავი 30
დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.
განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?
თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.
მისცა ბალა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
დაორსულდა ბალა და უშვაა იაკობს ვაჟი.
მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი.
კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი, და უშვა იაკობს მეორე ვაჟი.
თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად.
უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ვაჟი.
თქვა ლეამ: ჩემდა ბედად! და უწოდა ვაჟს სახელად გადი.
უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ვაჟი.
თქვა ლეამ: ჩემდა ნეტარებად! რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი.
გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას. უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.
უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ? უთხრა რახელმა: კარგი, შენთან დაწვეს ამაღამ, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.
დაბრუნდა იაკობი საღამო ხანს მინდვრიდან, გამოეგება ლეა და უთხრა: შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი შვილის მანდრაგორებით, დაწვა მასთან იმ ღამით იაკობი.
უსმინა ღმერთმა ლეას: დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეხუთე ვაჟი.
თქვა ლეამ: ღმერთმა გადამიხადა სამაგიერო, იაკობს რომ მივეცი ცოლად ჩემი მხევალი. უწოდა სახელად ვაჟს ისაქარი.
კიდევ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ვაჟი.
თქვა ლეამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟიშვილი გავუჩინე. უწოდა სახელად ვაჟს ზებულონი.
მერე შვა ასული და უწოდა სახელად დინა.
გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.
დაორსულდა და შვა ვაჟი, თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხვილს.
უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც.
როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში.
გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი.
უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა.
უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.
უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი.
რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქნა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?
უთხრა ლაბანმა: რა მოგცე? უთხრა იაკობმა: ნურაფერს მომცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოვუვლი შენს ცხვარს.
დღეს გავივლი შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი, ყველა შავი ცხვარი, ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
ხვალ პასუხს გაგცემს ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდლად ჩამითვალე.
უთხრა ლაბანმა: კეთილი, აგრე იყოს.
ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეზვი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა.
დააგდო ლაბანმა სამი დღის სავალი თავისსა და იაკობს შორის; და მწყესავდა იაკონი ლაბანის დანარჩენ ფარას.
აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა.
ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე.
ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები.
გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს; მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა, თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან.
ჯანსაღი ფარის ახურებისასა პირუტყვის თვალწინ ჩაჰყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ;
თუ ფარა სუსტი იყო, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს - ჯანსაღი.
გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები.
და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.
განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.
ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.
და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.
და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს.
და თქუა რაქელ: მისაჯა მე ღმერთმან და ისმინა ვედრებისა ჩემისა და მომცა მე შვილი. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დაან.
და მერმე მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და შვა ძე მეორე.
და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და უწოდა სახელი მისი ლეფთალემ.
და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყუანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად და შევიდა მისა მიმართ იაკობ.
და მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და უშვა იაკობს ძე.
და თქუა: კეთილ და ბედნიერ, და უწოდა სახელი მის გაად.
და მერმე მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და შვა ძე მეორე.
და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.
განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი.
და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა.
შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა.
და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე.
და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.
და მიუდგა ლია და უშვა იაკობს, ძე მეექუსე.
და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ.
და ამისა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა.
ხოლო მოეჴსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო საშოჲ მისი.
მიუდგა და უშვა იაკობს ძე და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი.
და უწოდა სახელი მისი იოსებ. და თქუა რაქელ: შემძინა მე ღმერთმან შჳლი სხუაჲ.
და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა.
და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.
ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა.
და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე შენ.
ჰრქუა მას იაკობ: შენ იცი, რამეთუ გმონე შენ და რაოდენ იყო საცხოვარი შენ ჩემ თანა, რამეთუ მცირედ იყვნეს, რაოდენ-იგი იყვნეს ჩემ წინაშე.
და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს-ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.
ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.
წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა.
და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდებულ იყავნ ჩემდა.
ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!
და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა და სამწყოსოჲ თჳს-თჳსად.
განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.
ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ გამოქურთნა ჭრელად.
და დაუსხა კუერთხები იგი წინა ისარნებსა მას წყლისსასუმელსა, რათა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წყლისა წინაშე კუერთხთა მოსლვასა მათსა სუმად.
მიხედოდიან ცხოვართა მათ და ისახოდიან კუერთხებსა მას და შობდეს სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრისფერად სხურებულსა.
ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა.
და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ.
და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა.
და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები.