დაბადება, თავი 4
შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.
გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.
შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.
მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
შვა ცილამაც - თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად.
თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ.
კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.
შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.
ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.
და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა.
და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა.
და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა.
ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი.
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.
ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.
და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.
და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?
და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.
და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.
რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.
და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.
და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.
და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.
და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.
და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს.
ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ.
და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა.
და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა.
და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა.
ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა.
და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა.
რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის.
ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.
და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.