დაბადება, თავი 11
ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.
როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.
უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.
ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.
ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.
ეს არის სემის მოდგმა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ.
იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი. და შვა ძენი და ასულნი.
ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როცა შვა შალახი.
იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.
ოცდაათი წლისა იყო შალახი, როცა შვა ყებერი.
იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.
ოცდათოთხმეტი წლისა იყო ყებერი, როცა შვა ფალეგი.
იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.
ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ.
იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი.
ოცდათორმეტი წლისა იყრ რეღუ, როცა შვა სერუგი.
იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.
ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შვა ნახორი.
იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ და შვა ძენი და ასულნი.
ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შვა თერახი.
იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.
ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი.
მოკვდა ჰარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეში თავის სამშობლო ქვეყნად, ქალდეველთა ურში.
ითხოვეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლი იყო სარაი, ნახორის ცოლი კი მილქა, ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქას მამა და ისქას მამა.
ბერწი იყო სარაი, შვილი არ უჩნდებოდა.
მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.
თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანაში.
და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.
და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ.
და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ.
და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.
და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად.
მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.
და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.
ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
და ესე შობანი სემისნი : სემ ძე ასის წლის იყო, ოდეს შვა არფაქსად მეორესა წელსა შემდგომად წყლით რღუნისა.
და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
და ცხოვნდა არფაქსად ასოცდაათხუთმეტ წელ და შვა სალა.
და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის სალასა, სამასოცდაათ წელ, და შუნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
და ცხოვნდა სალა ასოცდაათ წელ და შვა ებერ.
და ცხოვნდა სალა შემდგომდა შობისა მის ებერისსა სამასერგასის წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
და ცხოვნდა ებერ ასოცდაათოთხმეტ წელ, და შვა ფალეგ.
და ცხოვნდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისსა ორასსამეოცდაათ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
და ცხოვნდა ფალეგ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა რაგავ.
და ცხოვნდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორასდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
და ცხოვნდა რაგავ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა სერუქ.
და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისსა ორასდაშჳდ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
და ცხოვნდა სერუქ ასოცდათ წელ და შვა ნაქორ.
და ცხოვნდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისსა ორას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა.
და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
და ცხოვნდა თარრა სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან.
ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ.
და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა.
და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი.
და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ.
და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ.
და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა.