დაბადება, თავი 12
უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.
წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.
თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.
გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.
მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა.
შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.
როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.
დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.
როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი.
დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში.
ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები.
დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო.
მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი?
რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!
მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ.
და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ.
და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.
და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით.
და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.
და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.
და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.
წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა:
და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.
და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.
ხოლო იყო, რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა აბრაამ სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ;
იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ.
თქუ, უკუე ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით.
და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად.
და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.
და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.
და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.
და მოუწოდა ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს.
რად თქუ, დაჲ ჩემი არს, და მოვიყუანე თავისა ჩემისა ცოლად? და აჰა ცოლი შენი წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე.
ჰრქუა ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა.