ლოცვანი
აპლიკაცია

დაბადება, თავი 18

1

გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.

2

თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.

3

უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.

4

მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.

5

პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.

6

გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.

7

მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.

8

გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.

9

უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.

10

თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.

11

მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.

12

გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.

13

უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?

14

რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.

15

გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე.

16

ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.

17

თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?

18

აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით;

19

რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე.

20

თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.

21

ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.

22

გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.

23

მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?

24

იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?

25

არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.

26

უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.

27

მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:

28

ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.

29

განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.

30

თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.

31

თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.

32

უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.

33

წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.

1

ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.

2

და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.

3

და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა.

4

მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.

5

და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.

6

და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.

7

და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.

8

და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.

9

და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა.

10

და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა.

11

ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.

12

ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.

13

და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?

14

ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.

15

ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.

16

ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი.

17

ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.

18

ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი.

19

რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.

20

და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად.

21

გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.

22

და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.

23

და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ?

24

უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა?

25

არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა.

26

და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს.

27

და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ.

28

უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო.

29

და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს.

30

და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს.

31

და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს.

32

და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.

33

და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.

1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363738394041424344454647484950