დაბადება, თავი 32
იაკობიც წავიდა თავის გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები.
თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: ეს ღვთის ბანაკია; და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი (ორბანაკი).
იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან, სეყირის ქვეყანაში, ედომის ველისკენ.
დააბარა მათ: უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მორჩილი იაკობი: ლაბანთან ვმდგმურობდი და დავყოვნდი აქამდე.
მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში.
მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს: ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის ოთხასი კაცით შენს შესახვედრად.
იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ-ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად.
და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება.
თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო.
ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს.
აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას!
იქ გაათენა ის ღამე. გამოარჩია თავისი ქონებიდან ძღვენი ესავისთვის, თავისი ძმისთვის:
ორასი ნეზვი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნერბი და ოცი ვერძი.
ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი ჭაკი ვირი და ათი ჩოჩორი.
ჩააბარა თავის მორჩილთ ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი.
დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ და საით მიდიხარ, ვისია ეს ჯოგი წინ რომ მოირეკავო.
უთხარი: შენი მორჩილის, იაკობის, არის-თქო; ჩემი ბატონის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია-თქო, აგერ, თავადაც უკან მოგყვება-თქო.
დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს გააყოლა, ასე უთხარითო ესავს შეხვედრისას.
უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო.
ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია.
ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე.
აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა.
მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.
როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.
უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი.
უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა.
უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.
ამოუბრწყინდა მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს; და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს, თეძოს სახსარზე, რომ არის, რადგან შეეხო ის იაკობის მენჯის ძვალს, თეძოს სახსარზე.
და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი.
ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი წმიდაჲ არს ესე და უწოდა ადგილსა მას "ბანაკებ".
წარავლინნა იაკობ მაუწყებელნი წინაშე ესავისა, ძმისა თჳსისა, ქუეყანად სეირად, სოფელსა ედომისასა.
ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონა შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე ვიდრე აქამომდე.
და მოვიგე ზროხაჲ და ვირები და ცხოვარი, მონები და მჴევლები. და მივავლინე უფლისა ჩემისა ესავისა თხრობად, რათა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.
და მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა.
ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად.
და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად.
და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ.
კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად.
განმარინე მე, ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზედა.
შენ სთქუ: კეთილად კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლისაგან.
და დაიძინა მუნ ღამესა მას. და მოიღო რომელ-იგი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა.
თხანი ორასი, ვაცნი ოცნი, ცხოვარნი ორასი, ვერძნი ოცნი.
და აქლემი ჴდალი და კიცვები მათი ოცდაათი, ზროხაჲ ორმეოცი და კუროჲ ათი, ვირნი ოცნი და კარაულნი ათნი.
და მისცა იგი ჴელთა მონათა მისთასა სამწყსო თჳს-თჳს და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და ხანი დაუტევეთ სამწყსოჲ და სამწყსოსა.
და ამცნო პირველსა მას და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხუალ და ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე შენსა?
არქუ შენ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი რომელი მიუძღუანა უფალსა ესავს და აჰა, იგი შემდგომად ჩუენსა მოვალს.
ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისა, და ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ თქუენ ესავს, რაჟამს გპოვნეს მან.
და არქუთ: აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა. შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს.
და შემიმთხჳოს მე. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა. ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას.
და აღდგა მას ღამესა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი თჳსნი რა ორნი მჴევალნი და ათორმეტნი ძენი მისნი და წიაღმოჴდა წიაღმოსლვასა მას რაბოკისასა და წარმოიყუანნა იგინი.
და წიაღმოჴდა ნაღუარევსა მას და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რა-ცა იყო მისი.
და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.
და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.
და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.
და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.
და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო.
ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.
და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი".
და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით.
ამისთჳს არა ჭამონ ძეთა ისრაჱლისათა ძარღჳ, რომელი დაუბუშდა, რომელი არს ვრცელსა ბარკლისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე, რომელსა შეახო ვრცელსა ბარკლისასა ძარღუსა იაკობისსა, რომელ დაუბუშა.