ლოცვანი
აპლიკაცია

დაბადება, თავი 27

1

როცა დაბერდა ისაკი და თვალს დააკლდა, დაუძახა ესავს, თავის უფროს შვილს, და უთხრა: შვილო! მიუგო: აქა ვარ!

2

უთხრა ისაკმა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები.

3

აიღე შენი იარაღი, მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე.

4

მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე.

5

ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად.

6

უთხოა რებეკამ იაკობს, თავის უმცროს შვილს: გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს და ეუბნებოდა:

7

მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის ნებით, ვიდრე ცოცხალი ვარო.

8

ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი:

9

წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე; რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი.

10

წაუღე მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ.

11

უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბანლო ვარ?

12

ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.

13

უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე.

14

წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამისს. მოამზადა დედამისმა შეჭამადი, მამამისს რომ უყვარდა.

15

აიღო რებეკამ თავისი უფროსი შვილის, ესავის, ძვირფასი ტანისამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს შვილს.

16

ხელები და უბანლო კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა.

17

მისცა ხელში იაკობს თავისი მომზადებული კერძი და პური.

18

მივიდა მამასთან და უთხრა: მამაჩემო! მიუგო: რა იყო? რომელი ხარ, შვილო?

19

უთხრა იაკობმა მამამისს: ესავი ვარ, შენი პირმშო. გაგიკეთე, რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა.

20

უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია, შვილო. უთხრა: უფალი, შენი ღმერთი შემეწია.

21

უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა.

22

მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია!

23

ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი,

24

უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ.

25

მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა, შეჭამა; ღვინო მიუტანა, შესვა.

26

უთხრა ისაკმა, მამამისმა: მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო.

27

მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელის სუნი და აკურთხა შვილი: აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა!

28

მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო!

29

გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!

30

როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც.

31

მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა.

32

უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ.

33

შიშის ზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება.

34

მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა; უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო!

35

უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა.

36

თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?

37

მიუგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, ჩემო შვილო?

38

უთხრა ესავმა მამას: ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო! ხმამაღლა ატირდა ესავი.

39

მიუგო ისაკმა, მამამისმა, და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცის ცვარი - კურთხევად.

40

შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს.

41

გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.

42

ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი.

43

ახლა მომისმინე, შვილო. ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში.

44

ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას.

45

სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება, რაც უყავი, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. რატომ დაგკარგოთ ორთავენი ერთ დღეს?

46

უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი?

1

და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.

2

ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.

3

აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.

4

და მიქმენ მე სანოვაგენი, ვითარ-იგი მე მიყუარს. და მომართუ მე და ვჭამო, რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

5

ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ესავს, ძესა თჳსსა და ვითარცა განვიდა ესავ ველად და ნადირობად ნადირისა მამისათჳს თჳსისა.

6

მოუწოდა რებეკა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა, და ჰრქუა: ესერა, მესმა, ვითარ-იგი ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა:

7

მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

8

აწ უკუე, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ

9

და წარვედ არვედ და მომართუენ მიერ ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი.

10

და უქმნე იგი სანოვაგედ მამასა შენსა, ვითარ-იგი უყუარს მას. და შეართვი იგი მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდილადმდე მისსა.

11

ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ.

12

ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.

13

ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ.

14

ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა.

15

და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა.

16

და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა.

17

და მისცა საჭმელი იგი, რომელ ქმნა და პური ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა.

18

და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო და მან ჰრქუა: აჰა, მე, ვინ ხარ შენ, შჳლო?

19

და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შჳლი შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

20

ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.

21

ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა.

22

და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი - ესავისნი.

23

და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავის, ძმისა მისისანი, ფაჩუნიერ და აკურთხა იგი.

24

და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ? და თქუა: მე ვარ.

25

და ჰრქუა ისაკ: მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა და ღჳნოჲ სუა.

26

და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო.

27

და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან.

28

მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.

29

და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ.

30

და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით.

31

და უქმნა საჭმელი და შეართუა მამასა თჳსსა და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

32

და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ.

33

განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.

34

და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ესავს ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.

35

ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი.

36

და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა ისაკს: არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო?

37

მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო?

38

ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად.

39

მიუგო ისაკ და ჰრქუა: აჰა ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.

40

და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნენ უღელი მისი ქედისაგან შენისა.

41

და ძჳრსა უთქმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა იგი ისაკ, მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი.

42

უთხრეს რებეკას სიტყუაჲ ესე ძისა თჳსისა უხუცესისა. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად.

43

აწ უკუე, შჳლო, ისმინე ჴმისა ჩემისა: და აღდეგ და წარივლტოდე შუამდინარედ ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანად.

44

და იყავ მის თანა რაოდენმე დღე, ვიდრემდე გარე მიიქცეს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისა შენგან.

45

და დავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ, ნუუკუე უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგან-ვე ერთსა შინა დღესა.

46

და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?

1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363738394041424344454647484950