დაბადება, თავი 15
ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო.
უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია.
კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ.
კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა: არ იქნება იგი შენი მემკვიდრე; მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.
გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა.
ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს.
უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.
უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ?
უთხრა: მომიყვანე სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, სამი წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი.
აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს.
დააცხრნენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრამმა.
მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი.
უთხრა უფალმა აბრამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს.
იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან.
შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.
მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.
მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, აკვამლებული თონე, და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის.
ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
ქვეყანა კენეველთა, კენიზელთა, კადმონელთა,
ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
ამოთეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსეველთა.
და შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად.
და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ.
და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე.
და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.
და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი.
და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.
ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად.
და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი.
და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი.
ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.
და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.
ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას.
და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ.
და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა.
ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.
და მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.
ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ.
მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად.
კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი.
და ქეტელნი და ფერეზელნი და რაფიმელნი.
და ამორეველნი და ქანანელნი და გერგესეველნი და იებოოსლელნი.