დაბადება, თავი 1
თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.
თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.
თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.
თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.
შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.
იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.
თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.
დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.
ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.
და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.
და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.
და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.
და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.
და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.
და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.
და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.
და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.
და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.
და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.
და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.
და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.
და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.
და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.
და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.
და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.
და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.
და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.
და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.
და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.
და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.
და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა.
და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.
და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.
და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.