დაბადება, თავი 37
დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში.
აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.
სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი.
დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად.
დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა.
უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
აჰა, ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში. აჰა, წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა, გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანისცეს ჩემს ძნას.
უთხრეს ძმებმა: ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო.
კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა: კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემენ თაყვანს.
უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?
შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.
წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასამწყესად.
უთხრა ისრაელმა იოსებს: შექემში არ მწყესავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი, ბატონო.
უთხრა იაკობმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს.
იპოვა იგი მინდორში ვიღაც კაცმა გზააბნეული და ჰკითხა იმ კაცმა: რას ეძებ?
უთხრა: ძმებს ვეძებ. მიმასწავლე, სად მწყემსავენ.
უთხრა იმ კაცმა: წასული არიან აქედან. ყური მოვკარი, ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ.
შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.
უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე.
ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.
გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.
უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, შემოაძარცვეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები; ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა.
დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს: ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.
უთხრა იუდამ ძმებს: რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
მოდი, მივყიდოთ ისმაელიანებს; ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დაუჯერეს ძმებმა.
ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.
მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და, ხედავს, აღარაა ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა.
დაბრუნდა ძმებთან და უთხრა: აღარსადაა ბავშვი. რა ვქნა ახლა, სად წავიდე?
აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი სისხლით კვართი.
აიღეს ჭრელი კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: ვიპოვეთ; ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?
იცნო კვართი და თქვა: ჩემი შვილის კვართია! ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები!
ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.
ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი.
მიდიანელებმა მიჰყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართუხუცესს.
ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა.
ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.
ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა, რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი.
და ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ მამასა უყვარს იგი უფროჲს ყოველთა ძეთა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მის თანა რაჲთურთით.
ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა.
და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა.
მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა.
ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდე ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისი ჩუენებათა მათ მისთათჳს და სიტყუათათჳს მისთა.
მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს.
შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?
და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.
და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა სჳქემად.
და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ.
ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად.
და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა ზედა. და ჰკითხა მას: ვის ეძიებ?
ხოლო მან ჰრქუა: ძმათა ჩემთა ვეძიებ: მითხარ მე სადა აძოებენ?
და ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმად. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა თჳსთასა და პოვნა იგინი დოთაიმს.
და მათ წინასწარ იხილეს იგი მიმავალი მათა შორის, ვიდრე მიახლებადმდე მათა, მოი-ძმაჲ-ცვეს მოკლვა მისი, ვიდრე მისლვადმდე მისა.
და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა, ჩუენებისმხილველი იგი მოვალს.
აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.
ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელისაგან მათისა.
და ჰრქუა მათ: არა მოვჰკლათ იგი მოკლვით, ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა უდაბნოსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რათამცა განარინა იგი ჴელთაგან მათთა და მისცა მამასა თჳსსა.
და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი, რომელ ემოსა.
და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა.
და დასხდეს ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილნეს, და, აჰა ესერა, მოგზაურნი ისმაელიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალათით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა, შტახსითა და მკურისკევითა და მივიდოდეს შთასლვად ეგჳპტედ.
ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვჰკლათ ძმა ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი?
მოდით და მივჰყიდოთ იგი ისმაელიტელთა მათ, ხოლო ჴელი ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.
და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა.
და შთაიყუანეს იგი ეგჳპტედ. მოაქცია რუბენ ჯურღმულსა მას და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას.
და დაიპო სამოსელი თჳსი და მიაქცია ძმათა თჳსთა და ჰრქუა მათ: ყრმაჲ იგი აქა არა არს და მე ვიდრე მივიდე?
ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა.
და სამოსელი ჭრელი მიუძღუანეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისა არს, ანუ არა.
და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისა არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იოსებ, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.
და დაიპო იაკობ სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძა წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.
შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი და ასულნი და მოვიდეს ნუგეშინის- ცემად მისა. და არა უნდა ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ: შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად. და ტიროდა მამა თჳსი.
ხოლო მადიამელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა ფარაოსასა მატაკარანსა.