დაბადება, თავი 40
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს.
განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესს და მეპურეთუხუცესს.
და ჩაყარა ისინი ქონდაქართუხუცესის სახლში, საპყრობილეში, იქ, სადაც იოსები იყო დამწყვდეული.
მიუჩინა მათ ქონდაქართუხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
ესიზმრა ერთ ღამეს ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი, ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი.
მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა, რომ დაღვრემილნი იყვნენ.
შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში: დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე?
უთხრეს: სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი ამხსნელი. უთხრა იოსებმა: განა ღვთისგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.
უამბო მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა: ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ.
სამი ლერწი აქვს ამ ვაზს; როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო ყვავილი და დამწიფდა მტევანი.
ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი.
უთხრა იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
სამი დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი.
ოღონდ გამიხსენე, როდესაც კარგად გექნება საქმე; მიყავი სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან.
რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, ამ დილეგში რომ ჩავეგდე.
დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: მეც მესიზმრა სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე.
ზემო კალათაში ფარაონის ნაირ-ნაირი საჭმელი აწყვია, მზარეულის გაკეთებული, ჩიტი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.
მიუგო იოსებმა და უთხრა: ეს იქნება ახსნა: სამი კალათი სამი დღეა.
სამი დღის შემდეგ აგწევს ფარაონი, ხეზე ჩამოგკიდებს და ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს.
მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
დააბრუნა მწდეთუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს.
ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც განუმარტა მათ იოსებმა.
არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა.
და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარღჳნისმწდემან მეფისა ეგჳპტისამან და მეპურეთ მოძღუარმან უფალსა მათსა მეფესა ეგჳპტისასა.
და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნისმნესა მას და მეპურეთმოძღუარსა.
და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ იყო.
და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთმთავარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა და იყუნეს იგინი საპყრობილესა შინა მრავალ დღე.
და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისა, ღჳნისმნემან მან და მეპურეთმოძღუარმან მან, რომელ-იგი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტელისანი. და ესენი იყვნეს საპყრობილესა შინა.
შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, რამეთუ იყვნეს შეძრწუნებულ.
და ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა მას შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს.
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე.
და უთხრა ღჳნისმნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და თქუა: ვხედევდ ძილსა შინა ჩემსა.
და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა და ვენაჴსა მას სამნი ძირნი ჯდა. იგი ჩენთა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი მისნი.
და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა ფარაოსთა.
და ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.
სამნი დღენი წარჴდენ, მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ შენი და კუალად დაგადგინოს შენ მთავრად ღჳნისმნეობასავე შენსა და მისცე სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა მისსა, პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ პირისმწდე.
არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გიყოს შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.
რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.
და ვითარცა იხილა მეპურეთმოძღუარმან მან, რამეთუ მართალ გამოუთარგმნა მას, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლაკანნი სამინდოთა მაქუნდეს თავსა ზედა ჩემსა.
ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა ჩემსა.
მიუგო მას იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ეგე ლაკანნი სამნი დღენი არიან.
სამნი-ღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდონ შენ ძელსა. და მოვიდენ მფრინველნი ცისანი და შეჭამონ ჴორცნი შენნი.
და იყო, მესამესა დღესა დღე იყო შობისა ფარაოსი და ყო სმა დიდი ყოველთა მონათა თჳსთა თანა და მოეჴსენა პატივი ღჳნისმნისა მის და პატიჟი მეპურეთმოძღურისა მის შორის მონათა თჳსთა.
და კუალად დაადგინა ღჳნისმნე იგი მთავრობასავე თჳსსა ზედა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსთა.
ხოლო მეპურეთმოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმნა მას იოსებ.
ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.