ლოცვანი
აპლიკაცია

დაბადება, თავი 46

1

გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.

2

უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.

3

უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.

4

მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.

5

აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა.

6

წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი მონაგარი.

7

თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები - მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.

8

აჰა, ისრაელიანთა სახელები, რომელნიც ეგვიპტეში ჩავიდნენ: იაკობი და მისი ძენი; იაკობის პირმშო რეუბენი.

9

რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.

10

სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული - ქანაანელი დედაკაცის შვილი.

11

ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.

12

იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყური და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.

13

ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.

14

ზებულონის ძენი: სერედი, ელონი და იეხალიელი.

15

ესენი არიან ლეას შვილები, რომელნიც უშვა მან იაკობს ფადან-არამში - და დინა, მისი ასული. სულ ოცდაცამეტი სული - ვაჟი და ასული.

16

გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, უცბონი, ყეთი, აროდი და არიელი.

17

აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი; ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი.

18

ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას, და უშვა მან იაკობს ისინი - თექვსმეტი სული.

19

რახელის ძენი; იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.

20

შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა: მენაშე და ეფრემი.

21

ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბეხერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.

22

ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს - სულ თოთხმეტი სული.

23

დანის ძე: ხუშიმი.

24

ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.

25

ესენი არიან შვილები ბილჰასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს, და უშვა ისინი იაკობს - სულ შვიდი სული.

26

იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი, მისი საზარდულიდან გამოსულნი, იაკობის ძეთა ცოლების გარდა, სულ იყვნენ სამოცდაექვსი სული.

27

და იოსების ძენი, რომელნიც შეეძინა მას ეგვიპტეში - სულ ორი სული. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ სამოცდაათი სული.

28

წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში, და წავიდნენ გოშენის მხარისკენ.

29

აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი.

30

უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ.

31

უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.

32

მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები; ცხვარ-ძროხა და ყველაფერი, რაც კი ებადათ, წამოასხეს-მეთქი.

33

როცა მოგიხმობთ ფარაონი და შეგეკითხებათ, რა საქმეს მისდევთო.

34

უთხარით, მეჯოგე ხალხი გართ შენი მორჩილი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც-თქო, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე.

1

წარმოიტრო ისრაჱლ და ყოველივე მისი. და მოვიდა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა.

2

ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა; იაკობ, იაკობ, ხოლო მან თქუა: რა არს?

3

და თქუა: მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ:

4

და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა.

5

და აღდგა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარიყვანეს ძეთა მისთა ისრაჱლ, მამაჲ მათი და აღსხეს ჭურჭელი მათი და ცოლები მათი ურმებსა მას, რომელ მიუძღუანა იოსებ ახუმად მათ ზედა და საცხოვარნი მათნი და შთავიდეს ეგჳპტედ.

6

და ყოველივე მონაგები მათი, რაოდენი-რაჲ მოეგო ქუეყანასა ქანანისასა. და შევიდეს ეგჳპტედ იაკობ და ნათესავი მისი მის თანა.

7

ძენი მისნი და ძეთა მისთანი და ასულნი მისნი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველივე ნათესავი მისი შეიყუანა ეგჳპტედ.

8

და ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, იაკობ და ძენი მისნი. პირმშოჲ იაკობისი - რუბენ.

9

და ძენი რუბენისნი: ენუქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.

10

და ძენი სჳმეონისნი იემუელ და იამინ და აოდ და აქიმ და საარ და საულ ქანანელისაგანნი.

11

და ძენი ლევისნი: გეთსონ და კაათ და მერარი.

12

და ძენი იუდასნი: ჰერ და ავნან, სელომ ფარეზ და ზარა. და მოსწყდეს ჰერ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. და იყვნეს ძენი ფარეზისნი: ესრომ და იამოჱლ.

13

და ძენი იზაქარისნი: თოლა და ფოა და იასუქ და ზამბრამ.

14

და ძენი ზაბულონისნი სედერ და ალონ და აიჱელ.

15

ესენი ძენი ლიასნი, რომელ უშვნა იაკობს შუამდინარეს ასურეთისა და დინა, ასული მისი, ყოველი ძენი და ასულნი ოცდაათსამეტნი.

16

და ძენი გადისნი: საფონ და ანგის და სავნის და თასუბამ და აედის არუჱლის და არჱილის.

17

და ძენი ასერისნი: იემნა და იესო და ბარია და იეოლ და სარა დაჲ მათი. და ძენი ბარიასნი: ქობორ და მელქიელ.

18

ესე ძენი ზელფასნი, რომელ მოსცა ლაბან ლიას ასულსა თჳსსა რომელ, უშვნა ესე ძენი იაკობს სული ათექუსმეტი.

19

და ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი, იოსებ და ბენიამენ.

20

ხოლო იყვნეს ძენი იოსებისნი ეგჳპტეს, რომელნი უშვნა მას ასენეთ, ცოლმან მისმან ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან მანასე და ეფრემ, ხოლო იყვნეს ძენი მანასესნი, რომელნი უშვნა მას ხარჭმან მან ასურმან მაქირ. და მაქირ შვა გალად, ძენი ეფრემისნი ძმისა მანასესნი: სუტალმან და ტალამ. ძენი სუტალმისნი: ედემ.

21

ძენი ბენიამენისნი: ბალა ქობორ და ასბჱლ, ხოლო იყვნეს ძენი ბალასნი: გირა და ნოემან და ჰნქის და როს და მამფენ და ოფიმენ და გირა შვა არად.

22

ესე ძენი რაქელისნი, რომელ უშვნა იაკობს, ყოველი სული ათრვამეტნი.

23

და ძენი დანისნი ასომ.

24

და ძენი ნეფთალემისნი: ასიჱლ და გოვინი და ესარ და სულლემ.

25

ესე ძენი ბალასნი, რომელნი მისცნა ლაბან რაქაელს, ასულსა თჳსსა, და უშვნა ესენი იაკობს ყოველი სული შჳდ.

26

და ყოველნივე, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, რომელნი გამოსრულ იყვნეს, წყვილთაგან მისთა გარეშე ცოლთა ძეთა იაკობისთა ყოველი სული სამეოცდაექუს.

27

და ძენი იოსებისნი, რომელნი ესხნეს ეგჳპტეს ორ და ყოველი სული, რომელი შევიდა ეგჳპტედ იაკობის თანა სამეოცდაათხუთმეტ.

28

ხოლო იუდა წარავლინა წინასწარ მისა იოსებისა, რათა მოეგებოდის მას კათერონ ქალაქად, ქუეყანასა რამჱსასა.

29

აღაგნა იოსებ ეტლნი თჳსნი და აღვიდა შემთხუევად იაკობისა მამისა თჳსისა კათერონ ქალაქად და იხილა იგი და მოეხჳა ყელსა მამისასა და ტიროდა ტირილითა დიდითა ფრიად.

30

და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ, ამიერითგან ვიხილე პირი შენი, რამეთუ შენ ცოცხალ-ღა ხარ.

31

და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას, ვითარმედ ძმანი ჩემნი და სახლი მამისა ჩემისა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქანანისასა, მოსრულ არიან ჩემდა.

32

ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ ცხოვარის მზრდელმან ცხოვარნი მათნი და ზროხაჲ და ყოველივე, რაჲცა არს მათი, მოსრულ არიან ჩემდა.

33

უკუეთუ გიწოდოს თქუენ ფარაო და გრქუას, რაჲ არს საქმე თქუენი:

34

თქუთ, ვითარმედ კაცნი საცხოვრის მზრდელ ვართ მონანი შენნი სიყრმითგან-ვე აქამომდე ჩუენ და მამანი ჩუენნი, რათა დაეშენნეთ ქუეყანასა გესემისასა არაბიასა, რამეთუ საძაგელ არს მეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ.

1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363738394041424344454647484950