ლოცვანი
აპლიკაცია

დაბადება, თავი 16

1

სარაის, აბრამის ცოლს, არ უშობია მისთვის, მაგრამ ჰყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი.

2

უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იღო აბრამმა სარაის ნათქვამი.

3

ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე.

4

შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.

5

მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.

6

უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.

7

ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.

8

უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.

9

უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.

10

უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.

11

უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.

12

კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.

13

ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენა ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი; რადგან თქვა: განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა?

14

ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ-ლახაი-როი; კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს იგი.

15

უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი.

16

ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს.

1

ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ.

2

და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.

3

და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.

4

და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე.

5

და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან, მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა.

6

და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა

7

ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა.

8

და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე.

9

და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა.

10

და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან.

11

და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.

12

ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს.

13

უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ, ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე ვიხილე გამოჩინებული ჩემდა.

14

ამისთჳს უწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, წინაშე ვიხილე, აჰა, საშუალ კადისა და საშუალ ვარადისა.

15

და უშვა აგარ აბრაამს ძე და უწოდა აბრაამ სახელი ძისა თჳსისა შობილისაჲ მისდა, რომელი შვა აგარ, ისმაილ.

16

ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს.

1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363738394041424344454647484950