დაბადება, თავი 24
მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.
უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი.
გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;
არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.
უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი?
უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.
უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.
თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.
ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.
თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!
აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად.
თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს.
ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს.
ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.
გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან.
უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.
შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.
უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.
კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.
როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.
უთხრა: ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?
უთხრა ქალმა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა.
კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.
მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.
გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.
ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან.
როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის, რებეკას, მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას, წყაროს პირას.
უთხრა: შინ წამოდი, უფლის კურთხეულო. გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გამზადებული მაქვს.
შევიდა კაცი სახლში. შეხსნა ლაბანმა აქლემებს საკაზმები, აქლემებს ბზე და საკვები დაუყარა, მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა.
გაუშალეს სუფრა, მან კი უთხრა: არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი. უთხრა ლაბანმა: თქვი.
თქვა: აბრაამის მორჩილი ვარ მე.
დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები;
უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი.
დამაფიცა ჩემმა პატრონმა, არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო,
არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს.
ვუთხარი ჩემს პატრონს: რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?
მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.
მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ; თუ არ გამოგაყოლეს, თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან.
მივედი დღეს წყაროსთან და ვთქვი: უფალო, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთო! სასიკეთოდ წარმიმართე გზა, რომელსაც ვადგივარ.
აჰა, ვდგავარ წყაროსთან. როცა მოვა ყმაწვილი ქალი წყლის ამოსაღებად და ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან,
ისიც მიპასუხებს, შენც დაგალევინებ წყალს და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი პატრონის შვილისთვის.
ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, აჰა, მოდის რებეკაც, მხარზე კოკაშედგმული; ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა: დალიე, და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.
ვკითხე: ვისი შვილი ხარ-მეთქი? მითხრა: ბეთუელის შვილი ვარ, ნახორის და მილქას ძისაო. მაშინ ჩამოვკიდე საყურეები და ხელზე სამაჯურები გავუკეთე.
მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად.
ახლა, მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.
მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: უფლისგან არის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.
აჰა, აგერ არის რებეკა; წაიყვანე და წადი! გახდეს შენი პატრონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს.
როცა მოისმინა აბრაამის მორჩილმა მათი ნათქვამი, მდაბლად თაყვანისცა უფალს.
ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სამოსელი და მისცა რებეკას; მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან.
უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი.
უთხრა მორჩილმა: ნუ დამაკავებთ. სასიკეთოდ წარუმართავს უფალს გზა ჩემთვის. გამიშვით და წავალ ჩემს პატრონთან.
თქვეს: დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.
დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი დაი, მისი ძიძითურთ, აბრაამის მორჩილი და მისი კაცები.
დალოცეს რებეკა და უთხრეს: ჩვენი და ხარ შენ. ბევრათასჯერ იმრავლე, თავისი მტრების ქალაქები დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ!
ადგნენ რებეკა და მისი მხევლები და შესხდნენ აქლემებზე, და გაჰყვნენ იმ კაცს. წაიყვანა მორჩილმა რებეკა და წავიდა.
ხოლო ისაკი წამოსულიყო ბერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგების მხარეში.
გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან.
გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.
უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
უამბო მორჩილმა ისაკს ყველაფერი, რაც გააკეთა.
შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე.
და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა მისისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა.
და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა, რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის.
არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.
ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?
ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.
უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან, რომელმან გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელ-იგი მეტყოდა მე და მეფუცა და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მუნით.
ხოლო უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვაჲ ჩუენ თანა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ
და დასდვა ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს.
და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ.
და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი.
და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა.
და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
და ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა შინა. მუნთქუეს-ვე რებეკა გამოვიდოდა, შობილი ბათოელისი, ძისა მელქასი, ცოლისა ნაქორისა, ძმისა აბრაჰამისაჲ, და აქუნდა სარწყული მჴართა თჳსთა.
ხოლო ქალწული შუენიერ იყო ხილვითა ფრიად, და ქალწული იყო, მამაკაცი არა უწყოდა მან. და შთავიდა წყაროსა მას და აღმოავსო სარწყული და აღმოვიდა.
ხოლო მირბიოდა ყრმაჲ მიგებებად მისსა და ჰრქუა მას: მეც მე წყალი, ისწრაფა და გარდამოიღო სარწყული იგი მისგან.
და თქუა: სუ, უფალო. და ასუა.
ვიდრე განძღებოდა სმითა. და თქუა: აქლემთაცა შენთა ვასუა, ვიდრემდის ყოველთა სუან.
ისწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული ისარნებსა შინა. და მირბიოდა მერმეცა ჯურღმულისა მიმართ აღმოვსებად წყლისა და ასვა ყოველთავე აქლემთა.
ხოლო კაცი შეისწავლიდა მას და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა.
და იყო, ვითარცა დასცხრეს ყოველნი აქლემნი სმისაგან, მოიხუნა კაცმან საყურნი ოქროჲსანი თითოჲ დიდრაქმისა საწონისანი და ორნი სალტენი ჴელთა მისთა ოქროჲ საწონი მათნი.
და ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად.
და ჰრქუა მან მას: ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს.
და ჰრქუა მას: ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა და ადგილი დავანებად.
და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა.
და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა
და მირბიოდა ქალი და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ.
ხოლო რებეკას ძმაჲ იყო, რომლისა სახელი ლაბან. და მირბიოდა კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა.
და იყო ვითარცა იხილნა სალტენი და საყურნი ჴელთა ზედა დისა თჳსისათა, რამეთუ ესმნეს სიტყუანი დისა მისისა რებეკას მეტყუელისანი: ესრეთ მეტყოდა მე კაცი, და მოვიდა კაცისა მომართ, დგა რა იგი აქლემთა თანა წყაროსა ზედა.
და ჰრქუა მას: მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა.
და შევიდა კაცი სახიდ და გარდატჳრთნა აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა.
და დაუგნა მან პურნი ჭამად. და თქუა მან: არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა.
და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე.
უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და ამაღლდა. და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი.
და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი.
და მაფუცა მე უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა.
არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით.
ხოლო მე ვარქუ: უკუეთუ არა მოვიდეს დედაკაცი ჩემ თანა?
და მრქუა მე უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა.
მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა, ხოლო რაჟამს წარხჳდე ტომისა მიმართ ჩემისა და არა მოგცენ შენ და იყო უბრალო ფიცისაგან.
და მო-რა-ვედ მე დღეს წყაროსა ზედა, ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვალ მე.
აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა.
და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს.
და იყო პირველ დასრულებისა ჩემგან, მეტყუელისა გონებასა შინა, მეყსეულად რებეკა გამოვიდოდა მქონებელი სარწყულისა მჴართა ზედა. და შთავიდა წყაროსა ზედა და აღმოივსო. ხოლო ვარქუ მას: მასუ მე.
და მოსწრაფე ქმნილმან შთა-მოიღო სარწყული თავისაგან თჳსისა და თქუა: სუ შენცა ღა აქლემთაცა შენთა ვასუა. და აქლემთაცა ასუა.
და ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ხარ ასული? ხოლო მან თქუა: ასული ბათოელისი, რომელი უშვა მელქა. და შეუსხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა.
და სათნო ჩენილმან თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა მე გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასულისა ძმისა უფლისა ჩემისა ძისა მისისათჳს.
აწ უკუეთუ ჰყოფთ ვიდრემე თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა თანა ჩემისა, მითხართ მე, ხოლო უკუეთუ არა, რათა მივაქციო მარჯუენით, ანუ მარცხენით.
მიუბეს ლაბან და ბათოელ და თქუეს: უფლისაგან გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვერ ძალ-გჳც უკუე წინააღდგომად, თქუმად ჰავ-კარგობისა.
აჰა, რებეკა წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე და ეყავნ ცოლ ძესა უფლისა შენისასა, ვითარცა თქუა უფალმან.
ხოლო იყო ყრმისაგან სმენასა აბრაჰამისსა სიტყუათა მათთასა, თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა.
და გამომღებელმან ყრმამან ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა და მისცნა რებეკას. და ძღუენი მისცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.
და ჭამეს და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა.
მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ.
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი, წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა.
ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა.
და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე.
და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველნი.
და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარ შენ, იყავ ათასეულად ბევრეულთა და დაიმკჳდრონ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთაჲ.
აღდგა რებეკა და შიმუნვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა ზედა და წარვიდეს, კაცისა მის თანა და წარიყუანა მონამან მან რებეკა და წარვიდა.
ხოლო ისაკ იქცეოდა უდაბნოსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას სამხრითკერძოსა.
და განსრულ იყო იგი ველად განცხრომად მიმწუხრი. და აღმხილველმან თუალთამან იხილნა აქლემნი მომავალნი ათნი.
და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ.
და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოგებებად ჩუენდა? ხოლო მან ჰრქუა: ესე უფალი ჩემი. და გარდამოჴდა იგი აქლემისა მისგან და მოიღო თერისტროჲ და გარე მოისხა.
მაშინ მიუთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო.
ხოლო შევიდა ისაკ სახიდ დედისა თჳსისასა და შეიყუანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და შეიყუარა იგი და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს დედისა თჳსისა.