ლოცვანი
აპლიკაცია

დაბადება, თავი 38

1

ამ ხანებში გამოეყო იუდა თავის ძმებს და დაესახლა ერთი ყადულამელის მეზობლად; რომელსაც სახელად ერქვა ხირა.

2

დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან:

3

დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა მას სახელად ყერი.

4

კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა სახელად ონანი.

5

კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; და დაარქვა სახელად შელა; მისი შობის დროს ქეზიბში იყო იუდა.

6

მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი.

7

არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.

8

უთხრა იუდამ ონანს: შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას.

9

იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი, და როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი.

10

არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა.

11

უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: იცხოვრე ქვრივად მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი ძე შელა მოიწიფებოდეს. რადგან იფიქრა, მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში.

12

კარგა ხანმა განვლო და მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი. გამოიგლოვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან, თან წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა.

13

ემცნო თამარს, აჰა, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრის გასაპარსავად.

14

გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.

15

დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან ქალს სახე დაფარული ჰქონდა.

16

გზად ჩაუარა და უთხრა: მომიშვი შენთან. რადგან არ იცოდა, მისი რძალი რომ იყო. ქალმა უთხრა: რას მომცემ, ჩემთან რომ მოხვიდე?

17

უთხრა იუდამ: თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. უთხრა ქალმა: წინდს თუ მომცემ, ვიდრე თიკანს გამომიგზავნიდე?

18

უთხრა იუდამ: რა მოგცე წინდად? უთხრა ქალმა: ეგ ბეჭედი, ეგ თასმა და ეგ არგანი, ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან. დაორსულდა მისგან ქალი.

19

ადგა ქალი და წავიდა; გადაიძრო მოსასხამი და კვლავ ქვრივის სამოსელი ჩაიცვა.

20

გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რომ უკან დაებრუნებინა ქალისთვის მიცემული წინდი, მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი.

21

ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის ის მეძავი ქალი, ყენაიმის კარიბჭესთან რომ იჯდა? უთხრეს: აქ არ ყოფილა მეძავი ქალი.

22

დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე ქალი. იქაურმა ხალხმაც მითხრა, არ ყოფილაო აქ მეძავი.

23

უთხრა იუდამ: წაეღო ბარემ, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი.

24

გავიდა სამიოდე თვე და ემცნო იუდას, გაბოზდაო თამარი, შენი რძალი, და დაორსულდაო კიდეც ბოზობით. თქვა იუდამ: გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.

25

როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა ქალმა თავის მამამთილს: ვისიც ეს ნივთებია, მისგან ვარ ორსულად. აჰა, იცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმები და არგანი.

26

იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან.

27

მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.

28

შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად.

29

როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.

30

მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფი რომ ება, და დაერქვა სახელად ზარახი.

1

და იყო მის ჟამსა, ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათა თჳსთაგან და მოვიდა ვიდრე კაცისა ვისამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა ირას.

2

და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავანა, და მოიყუანა იგი და შეირთო.

3

და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ჱერ.

4

და მერმე მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ავნან.

5

და შესძინა მერმე და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი.

6

და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.

7

და იყო პირმშო იგი ჰერ, ძე იუდასი, უკეთურ წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.

8

და ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.

9

გულისჴმა-ყო ავნან, ვითარმედ არა მისსა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა, რათა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.

10

ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან.

11

ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

12

აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად.

13

და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა, მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი მისი.

14

განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად.

15

და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი.

16

და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა.

17

და იუდა ჰრქუა მას: მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა.

18

და იუდა ჰრქუა: რაჲ წინდი მიგცე შენ? ხოლო მან ჰრქუა: ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა იგი და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან.

19

და იგი აღდგა და მოიძარცვა თერისტრა თავისაგან თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისა მისისა.

20

ხოლო იუდა მიუძღუანა თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა მის ოდოლამელისათა, რათა მიიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი

21

და ჰკითხა კაცითა მის ადგილისათა: ვითარმედ სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენანს გზასა ზედა?

22

და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი.

23

და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.

24

და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა.

25

და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.

26

ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად მისა.

27

და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა. და შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა.

28

და თქუა: ესე გამოვიდეს პირველად.

29

და ვითარცა შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი ფარეზ.

30

და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი, რომლისსა იყო ჴელსა მისსა ზედა მეწამული და უწოდა სახელი მისი ზარა.

1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363738394041424344454647484950