ლოცვანი
აპლიკაცია

დაბადება, თავი 33

1

გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი ოთხასი კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს.

2

წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები.

3

თავად კი მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდგზის მდაბლად თაყვანისცა ძმას.

4

სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი.

5

აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს.

6

ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურ და თაყვანი სცეს.

7

ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანისცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს.

8

უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.

9

უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.

10

უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.

11

მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.

12

უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.

13

უთხრა: იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, და ცხვარ-ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი.

14

თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა; მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდე სეყირში.

15

უთხრა ესავმა: ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს. უთხრა: რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.

16

იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ.

17

ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც დაუდგა კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი (ქარავანი).

18

მოვიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ.

19

შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.

20

აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი ისრაელისა.

1

აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა, აჰა, ესავ, ძმაჲ მისი, მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა.

2

და განუყვნა ყრმანი იგი ლიას და რაქელს და ორთა მათ მჴევალთა. და დაადგინა ორნი იგი მჴევალნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკანაჲსკნელ.

3

და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა.

4

და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე.

5

და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი.

6

და მოეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს.

7

და მოეახლა ლია და შვილი მისნი და თაყუანის-სცეს, და ამისა შემდგომად მოეახლნეს რაქელ და იოსებ და თაყუანის-სცეს.

8

მიუგო და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები, რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი მონამან შენმან წინაშე შენსა.

9

ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ შენივე.

10

ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე.

11

და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო.

12

ჰრქუა მას ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ.

13

ჰრქუა მას მან: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი.

14

წარვედინ უფალი ჩემი წინაშე მონისა თჳსისა და მე შეუძლო გზასა ზედა მოცალედ სლვით წინაშე ჩემსა და შემდგომად ყრმათა მისლვადმდე ჩემდა უფლისა ჩემისა სეირად.

15

ჰრქუა მას ესავ დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი არს ჩემ თანა. ხოლო მან ჰრქუა: რაჲსათჳს? ესე კმა არს, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, უფალო.

16

და მიაქცია ესავ მას დღესა შინა გზასა თჳსსა სეირად.

17

და იაკობ წარმოვიდა კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის "კარვებ".

18

და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუა მდინარით ასურეთისათ, და დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას.

19

და მოიგო ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა, ასის ტარიგისა.

20

და აღმართა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა.

1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363738394041424344454647484950