ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 15

1

აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.

2

მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ზიდოს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და სამარადისო მსახურებად.

3

შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.

4

შეყარა დავითმა აარონიანები და ლევიანები.

5

კეჰათიანთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი - ასოცი კაცი.

6

მერარიანთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი - ორასი კაცი.

7

გერშომიანთაგან: სარდალი იოელი და მისი ძმები - ასოცდაათი კაცი.

8

ელიცაფანიანთაგან: სარდალი შემაყია და მისი მოძმენი - ორასნი.

9

ხებრონიანთაგან: სარდალი ელიელი და მისი მოძმე - წინწილებს ახმიანებდნენ.

10

ყუზიელიანთაგან: სარდალი ყამინადაბი და მისი მოძმენი - თორმეტნი.

11

მოუხმო დავითმა ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებსა და ლევიანებს - ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს

12

და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.

13

რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხბოდით მას.

14

განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი.

15

ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით მხრებზე შეიდგეს.

16

დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.

17

ლევიანებმა დააყენეს: ჰიმან იოელის ძე, მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე, ხოლო მათი მოძმეების, მერარის ძეთაგან ეთან კუშიაჰუს ძე.

18

მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორეხარისხისანი: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუზი, ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარისმცველნი.

19

მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.

20

ხოლო ზაქარია, ყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენიაჰუ ქნარს ქალწულურ ჰანგზე.

21

მათითიაჰუ, ელეფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ ებნებს, რვა სიმიანს, სალოტბაროდ.

22

ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო.

23

ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ.

24

მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა, ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.

25

და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსაბრძანებლად ყობედ-ედომის კარ-მიდამოდან.

26

ღვთის შეწევნით, იყო, რომ გადააბრძანეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი შესწირეს.

27

დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა, ასევე ყველა ლევიანს, კიდობანს რომ მიაბრძანებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა.

28

მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკის ცემით, საყვირების, წინწიღების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.

29

როცა უფლის აღთქმის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მოხტუნავე და მროკველი მეფე დავითი და დასცინა მას თავის გულში.

1

და იქმნა თავისა თჳსისა სახლები ქალაქსა დავითისსა და განმზადა ადგილი კიდობნისა მისთჳს უფლისა და უქმნა მას კარავი.

2

მაშინ თქუა დავით: არა ვისი არს აღება კიდობნისა მის ღმრთისა, არამედ ლევიტელთა, რამეთუ იგინი გამოირჩივნა უფალმან აღებად კიდობნისა მის უფლისა და მსახურებად ღმრთისა მისა საუკუნოდ.

3

და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი იერუსალჱმად აღმოღებად კიდობნისა მის უფლისა ადგილსა მას, რომელი განმზადა მისთჳს.

4

და შეკრიბნა დავით ყოველნი ძენი აჰრონისნი და ლევიტელნი,

5

ძენი კაათისნი: ურიელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცნი,

6

და ძეთაგან მერარისთანი - საიას მთავარი და ძმანი მისნი ორასერგასისნი,

7

და ძეთაგან გერსონისნი - იოელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცდაათნი,

8

და ძეთაგან ელისაფასნი - სემეა მთავარი და ძმანი მისნი ორასნი,

9

ძეთაგანნი ქებრონისნი - ელიელ მთავარი და ძმანი მისნი ოთხმეოცნი,

10

ძეთაგან ოზიელისთა - ამინადაბ მთავარი და ძმანი მისნი ასდათორმეტნი,

11

და მოუწოდა დავით სადუკს და აბიათარს მღდელთა და ლევიტელთა: ურიელს, და საიას, და იოელს, და სემეიას, და ელიელს და ამინადაბს,

12

და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მთავარნი ტომთა ლევიტელთანი, განიწმიდენით თქუენ და ძმანი თქუენნი და აღიღეთ კიდობანი ღმრთისა ისრაჱლისა, სადა-იგი განუმზადე მას.

13

ანუ არა უწინარეს ყოფისა თქუენისა განკუეთა ჩუენ შორის ღმერთმან ჩუენმან, რამეთუ არა ვეძიებთ მას სამართლითა?

14

და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, რათა აღიღონ კიდობანი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ.

15

და აღიღეს ძეთა ლევიტელთა კიდობანი იგი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ამცნო მოსე სიტყჳთა ღმრთისაჲთა წერილისა მისებრ აღსაღებელითა მით მჴრითა მათითა.

16

და ჰრქუა დავით მთავართა მათ და ლევიტელთა: დაადგინენით ძმანი თქუენნი მგალობელნი ფსალმუნითა, სტჳრითა და საგალობელითა, ნესტჳთა, და ფანდურითა, და წინწილითა, ჴმითა მაღლითა და ჴმითა სიხარულისაჲთა.

17

და დაადგინნეს ლევიტელთა ემან, ძე იოელისი, ძმათაგან მისთა- ეთან, ძე კისესი,

18

და მის თანა ძმანი მათნი მეორენი: ზაქარია, და იოელ, და სემირანოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და ბანეა, და მაასია, და მატათია, და ელიფალა, და მაზელია, და აბდედომ, და იელიელ და ოოზია, მეკარენი.

19

და მგალობელნი: ემან, და ასაფ, და ეთან წინწილითა რვალისათა სასმენელ-ყოფად,

20

და ზაქარია, და ოზიელ, და სემირამოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და მასეა, და ნათია ნესტჳთა, და ალემოთად,

21

და მატათია, და ელიფანეა, და მაკელია, და აბდედომ, და იეიელ, და ოზია ამასენით ებნითა განძლიერებად,

22

და ქონენია, მთავარი ლევიტელთა, მთავარი გალობათა, რამეთუ გულისხმის-მყოფელ იყო,

23

და ბარაქია და ელკანა, მეკარე კიდობნისა,

24

და სობია, და იოსაფატ, და ნათანაელ და ამან, და ზაქარია, და ბანანია; და ელიეზერ და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუსა წინაშე კიდობნისა მის ღმრთისა: და აბდედომ და იეია მეკარე კიდობნისა მის ღმრთისა.

25

და წინავიდოდა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ათასისთავნი აღმოყვანებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა სახლისაგან აბედადარისა სიხარულით.

26

და იყო განძლიერებასა მას ღმრთისა მიერ მთავართა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და შესწირვიდეს შჳდსა ზვარაკსა და შჳდსა ვერძსა.

27

და დავითს შეემოსა სამოსელი ბისონისა, და ყოველთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და ვიდოდეს თანა მგალობელნი და ქონენია მთავარი გალობათა მგალობელთა. და დავითს ემოსა სამოსელი ბისონი.

28

და ყოველსა ისრაჱლსა აღმოაქუნდა კიდობანი იგი სჯულისა უფლისაჲ სასწაულითა და ჴმითა, სოფერითა, და საყჳრითა და წინწილითა, ჴმა-სცემდეს ნესტჳთა, ებნითა და სტჳრითა.

29

და იყო კიდობნისა მის სჯულისა უფლისა მისლვასა მის ვიდრე ქალაქადმდე დავითისა და მელქოლ, ასულმან საულისმან, გარდამოიხილა სარკუმელით და იხილა მეფე დავით, როკვიდა რა და იმღერდა და შეურაცხ-ყო იგი გულსა თჳსსა.

1234567891011121314151617181920212223242526272829