ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 12

1

აჰა, ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა, ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ,

2

მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდ-ისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან:

3

მეთაური ახიყეზერი და იოაში - შემაყა გიბყათელის ძენი, იზიელი და ფელეტი - ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი,

4

იშმაყია გაბაონელი, ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბედ გედერათელი,

5

ელყუზაი, ირიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ, შეფატიაჰუ ხარუფელი,

6

ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი, იოყეზერი, იაშაბყამი - კორახელნი,

7

იოყელა და ზებადია - იეროხამ გედორელის ძენი.

8

გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან უდაბნოს საფარში მივიდნენ მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი.

9

მეთაური ყეზერი, მეორე - ყობადია, მესამე - ელიაბი,

10

მეოთხე - შიშმანა, მეხუთე - იერემია,

11

მეექვსე - ყათაი, მეშვიდე - ელიელი,

12

მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი,

13

მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი.

14

ესენი იყვნენ გადის ძეთაგანნი, მხედრობის მეთაურნი. ყველაზე ნაკლები ერთი ასს უმკლავდებოდა და ყველაზე დიდი - ათასს.

15

მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ამ ველის მკვიდრნი.

16

ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მოვიდნენ დავითთან საფარში.

17

გამოეგება მათ დავითი, გამოელაპარაკა და უთხრა: თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოსულხართ ჩემთან, გიერთგულებთ; თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემი მტრის ხელში მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.

18

მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური და თქვა: მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთა, რადგან ღმერთია შენი შემწე. მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა.

19

მენაშესგანაც მიემხრნენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი: თქვეს, ჩვენდა საზიანოდ თავის ბატონ საულს მიემხრობაო.

20

როდესაც ციკლაგს მივიდა, მენაშესგან შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიაჰუ, ცილათი - მენაშელთა ასისთავები.

21

ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ.

22

დღიდან დღემდე მიედინებოდნენ დავითთან და ეხმარებოდნენ, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა.

23

აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.

24

იუდიანები, ფარ-შუბის მტვირთველნი, ექვსიათას რვაასნი იყვნენ, საომრად აღჭურვილნი.

25

სიმონიანთაგან შვიდიათას ასი მამაცი მოყმე იყო.

26

ლევიანთაგან - ოთხიათას ექვსასი.

27

ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან სამიათას შვიდასი ახლდა.

28

ცადოკს, მამაც ყმაწვილს, და მის მამისსახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა.

29

საულის ძმები ბენიამინიანთაგან სამიათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა.

30

ეფრემიანები ოციათას რვაასნი იყვნენ - მამაცი მოყმენი და მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები.

31

მენაშეს ტომის ნახევრიდან თვრამეტი ათასნი იყვნენ, რომელნიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ.

32

ისაქარიანთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა.

33

ზაბულუნიდან საბრძოლველად გამოდიოდნენ და საომრად იყვნენ დარაზმულნი ყველანაირი საბრძოლო აღჭურვილობით ორმოცდაათი ათასი, რათა უორგუღოდ დახმარებოდნენ.

34

ნაფთალიდან ათასი სარდალი იყო, ოცდაჩვიდმეტი ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით.

35

დანიდან იყვნენ ოცდარვაათას ექვსასნი, საომრად დარაზმულნი.

36

აშერიდან საბრძოლველად ორმოცი ათასი საომრად დარაზმული გამოდიოდა.

37

იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიდან, გადიდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ყველანაირ საბრძოლო საჭურველით - სულ ასოცი ათასი.

38

ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებღად.

39

სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ. ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მათთვის მოემზადებინათ.

40

ასევე მათ მეზობლებს, ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: ფქვილეული, ლეღვი, ჩირი, ღვინო, ზეთი, უამრავი ხარ-ძროხა და ცხვარი. ეს იმიტომ, რომ სიხარული იყო ისრაელში.

1

და ესენი მოვიდეს დავითისა სეკელაკად, ვიდრე შე-ღა-წყუდეულ იყო საულის მიერ, ძისა კისისა, და ესენი ძლიერთა მათ თანა შეეწეოდეს ბრძოლასა,

2

მშჳლდითა მარჯვენითა და მარცხენითა, და მეშურდულენი ქვითა და შჳლდითა - ძმათაგან საულისთანი და ბენიამენისგანნი:

3

მთავარნი აქიეზერ და იოას - ძენი სამეასნი, გაბაათელნი; იაზელ და ფალეტ, ძენი ამოთისნი: ბარაქია და იეულ, ანათოთელნი,

4

და საბეა, გაბაონელი, ძლიერი ოცდაათთა შორის და ოცდაათთა თანა; იერემია, და იეზეკიელ და იონან, და იოზაბად, გათეროთელნი,

5

ელიოზი, და არიმუთ, და ბაალია, და სამარია, და საფატია, არიფელნი,

6

ელკანა, ესია, ელიელ, ოზორა, იესაბამ აკორელნი,

7

იოველ და ზაბათია, ძენი ჰეროამისნი, გედურელისნი.

8

და გადისაგანნი შეუდგეს დავითს უდაბნოს, ძლიერნი ძალითა კაცნი, წყობასა ბრძოლისასა, რომელნი აღიღებდეს ფარსა და ლახვარსა; ვითარცა პირი ლომისა - პირები მათი და მალენი ფერჴთა მათთა ზედა, ვითარცა ქურციკნი სიმალითა.

9

იეზერ მთავარი, აბდია შემდგომი, ელიაბ მესამე,

10

მასამან მეოთხე, იერემიელ მეხუთე,

11

უთთი მეექუსე, ელიელ მეშჳდე,

12

იოანან მერვე, ელაზაბ მეცხრე,

13

იერმია მეათე, მიქაბან მეათერთმეტე.

14

ესე ძეთაგანნი გადისთანი მთავარნი ერისანი: ერთი ასთა მიმართ მცირე და დიდ ათასთა.

15

ესენი, რომელნი წიაღმოჴდეს იორდანესა თვესა მას პირველსა, და ესენი დაემკჳდრნეს ყოველსა ნადინებსა მისსა, და ამათგან დევნეს ყოველნი დამკჳდრებულნი ღელესა მას, მზისა აღმოსავლითგან ვიდრე მზისა დასავლადმდე.

16

და მოვიდეს ძეთაგან იუდასთა და ბენიამენისნი შემწედ დავითისა.

17

და დავით განვიდა მიგებებად მათა, და არქუა მათ: უკუეთუ მშჳდობით მოსულ ხართ ჩემდა, იყავნ გული ჩემი მარტოდ თქუენ ზედა; უკუეთუ მიცემად მოხუედით მტერთა ჩუენთა არა ჭეშმარიტითა ჴელითა, იხილოს ღმერთმან მამათა თქუენთამან და გამხილენ თქუენ.

18

და სულმან უფლისამან განაძლიერა ამასია, მთავარი იგი ოცდაათთა, და თქუა: ვიდოდე, დავით, ძეო იესესო, მშჳდობა შენდა და მშჳდობაჲ შემწეთა შენთა! რამეთუ შეგეწია შენ ღმერთი შენი. და შეიერთნა იგინი დავით მის თანა და დაადგინნა იგინი მთავრად ძლიერებისა.

19

და მანასესგანნი მოადგეს დავითს, მოსლვასა მას უცხოთესლთასა საულის ზედა ბრძოლად და არა შეეწივნეს მათ, რამეთუ ზრახვა ესრეთ იყო ერისთავთა მათგან უცხოთესლთასა, რამეთუ თქუეს: თავებითა მათ კაცთათა მივიქცეთ უფლისა ჩუენისა საულისა.

20

მისულასა მას მისსა სეკელაკად მოადგეს მას მანასესგანი: იდანა, და იოზაბად, და იედიელ, და მიქაელ და იოზაბედ, და ელიუ, და სელათი, მთავარნი ათასეულთანი მანასესნი.

21

და ესენი ბრძოდეს დავითის თანა გედდურს, ისწრაფეს, რამეთნუ ძლიერ იყუნეს ყოველნი ძალითა და იყუნეს წინამძღუარ ერსა მას ზედა ძალითა.

22

რამეთუ დღითი დღედ მოვიდოდეს დავითისა ძალად დიდად, ვითარცა ძალი ღმრთისაჲ.

23

და ესე არს სახელები მთავართა მათ ერისათა, რომელნი მოვიდეს დავითისა ქებრონად, მოქცევად მეფობაჲ საულისა მისა, სიტყჳსა მისებრ უფლისა:

24

ძენი იუდასნი, ფაროსანნი და ლახუროსანნი ექუს ათას და რვაასნი, ძლიერნი ძალითა წყობასა;

25

ძენი სჳმიონისნი, ძლიერნი ძალითა წყობასა შჳდ ათას და ას;

26

ძენი ლევისნი - ოთხ ათას და ექუსას;

27

და იუდა, მთავარი აჰრონისი, ძეთა მისთა თანა სამ ათას და შჳდასნი;

28

და სადუკ, ჭაბუკი ძლიერი ძალითა, და მამულისაგან მისისა მთავარნი ოცდაორი;

29

და ძეთაგან ბენიამენისთა, ძმათა საულისთა, რიცხჳ სამ ათას; - და მერმე სხუანი უმრავლესნი მათგანნი ხედვიდესღა საცოსა სახლისა საულისასა.

30

და სახლისაგან ეფრემისი ოცი ათასი და რვაასი, ძლიერნი ძალითა კაცნი სახელოვანნი სახლად მამათა მათთა;

31

და კერძოსაგან ნათესავისა მანასესისა ათურამეტი ათასი, რომელთა სახელ-ედვა მათ სახელით მეფე-ყოფა დავითისა;

32

და ძეთაგან ისაქარისთა, რომელთა იცოდეს გულისხმის-ყოფა ჟამთა და უწყოდეს, რაჲ-იგი ყოფად ღირს არს ისრაჱლთა სამთავროსა თჳსსა ორასნი, და ყოველნი ძმანი მათნი მათ თანა;

33

და ზაბულონისგანნი, რომელნი გამოვიდოდეს წყობასა ბრძოლისასა ყოვლითა საჭურველითა და საბრძოლითა ერგასის ათას, შეწევნად დავითისა არა ჴელითა ცალიერითა.

34

და ნეფთალემისგანნი მთავარნი - ათას და მათ თანა ფაროსანნი და ლახუროსანნი ოცდაათჩჳდმეტ ათას;

35

დანის ნათესავისაგანნი განწყობილნი ბრძოლასა ოცდარვა ათას და ექუსას;

36

ასერის ტომისაგანნი, გამომავალნი შემწედ ბრძოლასა ორმოცი ათასი;

37

და წიაღ იორდანისა, რუბენის ტომისა და გადისი და კერძოსა ნათესავისა მანასესი, ყოვლითა ჭურითა და საბრძოლითა ას და ოც ათას.

38

ყოველნი ესე კაცნი მბრძოლნი, რომელნი ეწყვებოდეს წყობასა სულითა მშჳდობისათა და მოვიდეს ქებრონად მეფობად დავითისა ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და ნეშტი იგი ისრაჱლისა გულითა ერთითა იყუნეს მეფობად დავითისა.

39

და იყუნეს მუნ სამ დღე. ჭამდეს და სუმიდეს, რამეთუ მოუმზადეს მათ ძმათა მათთა

40

და მომძღურეთა მათთა, ვიდრე ისაქარითგან და ზაბულონით და ნეფთალემით მოართმიდეს მათ აქლემებითა და ჯორებითა და ვირებითა და აზავრებითა საზრდელსა: ფქჳლსა და ლეღჳსკუერსა, სკიჭსა და ღჳნოსა, ზეთსა, ჴბოსა და ცხოვარსა მრავლად, რამეთუ სიხარული იყო ისრაჱლსა.

1234567891011121314151617181920212223242526272829