პირველი ნეშტთა, თავი 11
მოვიდნენ ისრაელიანები დავითთან ხებრონს და უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ.
გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი. უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის მთავარი.
მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.
გაილაშქრეს დავითმა და ისრაელიანებმა იერუსალიმისკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი - იმ ქვეყნის მკვიდრნი.
უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს, აქ ვერ შემოხვალო. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
თქვა დავითმა, ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდებაო თავკაცი და სარდალი. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.
დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში, ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.
მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი ძველი ქალაქი აღადგინა.
სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი მასთან იყო.
აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ.
აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშაბყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი; მან თავისი შუბის ერთი მოქნევით სამასი კაცი მოკლა.
მას შემდეგ ელეზარი ძე დოდოსი, ახოხელი, ერთერთი იმ სამ მოყმეთაგანი.
იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.
ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. მაშინ დიდი ხსნა მოუტანა მათ უფალმა.
ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა.
ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?
გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მოუტანეს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! აღარ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.
აბშაი, იაბის ძმა, ამ სამის უფროსი იყო. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას მეტი სახელი ჰქონდა ამ სამში.
ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მქმნელი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.
მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა; შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც ფეიქარს საქსოვი ლილვი. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და მისივე შუბით განგმირა.
ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის.
ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ სამს ვერ უტოლდებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანან დოდოს ძე, ბეთლემელი,
შამოთ ჰაროლელი, ხალეც ფელონელი,
ყირა ყიკეშის ძე, თეკოყელი, აბიყეზერ ყანათოთელი,
სიბქაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი,
მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი,
ითაი რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფარყათონელი,
ხურაი ნახალე-გაყასელი, აბიელ ყარბათელი,
ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი.
ჰაშემ გიზონელის ძენი: იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,
ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე,
ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი,
ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე,
იოელი, ნათანის ძმა, მიბხარ გერის ძე,
ცელეკ ყამონელი, ნახრაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,
ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
ურია ხეთელი, ზაბად ახლაის ძე.
ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენიანთა თავკაცი და ოცდაათი მასთან ერთად.
ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი,
ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეთიელი - ხოთამის ძენი, ყაროყერელნი.
იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა თიციელი,
ელიელ მახაველი, ირიბაი, იოშავია - ელნაყარის ძენი და ითმა მოაბელი.
ელიელი, ყობედ და იაყისელ მეცობაელნი.
და მოვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა დავითისა ქებრონად და არქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ ძუალნი შენნი და ჴორცნი შენნი ვართ.
და გუშინ და ძოღან ვიდრე იგი იყოღა საულ მეფე, და შენვე იყავ შემომყვანებელ და გამომყვანებელ ისრაჱლისა. და გრქუა შენ უფალმან ღმერთმან შენმან: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი, და შენ იყო წინამძღუარი ისრაჱლსა ზედა.
და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი დავითის მეფისა ქებრონად, და აღუთქუა აღთქმა დავით მეფემან წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა სამუელ წინაწარმეტყუელისათა.
და წარვიდა დავით მეფე და კაცნი ისრაჱლისანი იერუსალჱმდ, ესე იგი არს იებუსი, და მუნ იებუსელნი მკჳდრობდეს ქუეყანასა.
და არქუეს მკჳდრთა მათ იებუსელისათა დავითს: არა შემოხჳდე აქა! და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი სიონისა, ესე არს ქალაქი დავითისი.
და თქუა დავით: ყოველმან, რომელმან სცეს პირველად იებუსელსა, იყოს იგი მთავრად და ერისთავად. და აღჴდა პირველად იოაბ, ძე სარუიასი, და იქმნა იგი მთავარ.
და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი. ამისთჳს უწოდა მას ქალაქი დავითისი.
და აღაშენა ქალაქი იგი გარემოს, და ბრძოდა და დაიპყრა ქალაქი იგი.
და ვიდოდა დავით და განდიდნებოდა. და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.
ესენი იყუნეს მთავარნი და ძლიერნი დავითისნი, რომელნი განძლიერდებოდეს მის თანა მეფობასა მისსა ყოვლისა თანა ისრაელისა, რომელნი ამეფებდეს მას სიტყჳსა მისებრ უფლისა ისრაჱლსა ზედა.
და ესე არს რიცხჳ ძალთა მათ დავითისთა: ისბაამ, ძე აქიმანისი, უმთავრესი მათ სამთა. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ერთგზის სამასთა ზედა წყლვად ერთსა შინა ჟამსა და მოსწყჳდნა იგინი.
და მის თანა ელეაზარ, ძე გოდასი, აქოქელი, ესე იყო სამთა მათ შორის ძლიერთა დავითისათა.
და ესევე იყო დავითის თანა ფასოდომინს, და უცხოთესლნი შეკრბეს მუნ ბრძოლად, და იყო მუნ ნაწილი აგარაკისა სავსე ქრთილითა, და ერი იგი ივლტოდა პირისაგან უცხოთესლთასა.
და დადგა შორის ნაწილსა მას და განარინნა იგინი და მოსრნა უცხოთესლნი იგი. და ყო უფალმან მის მიერ მაცხოვარება დიდი.
და შთავიდეს სამნი მათ ოცდაათთა მთავართაგანნი კლდესა მას დავითისსა ქუაბსა ოდოლამისასა და ბანაკი იგი უცხოთესლთა დაბანაკებულ იყო ღელესა მას გმირთასა.
და დავით იყო მაშინ გარემოცულსა მას, და ძალი იგი უცხოთესლთა დგა მაშინ ბეთლემს.
და შეეწყურვა დავითს და თქუა: ვინმცა მასუა მე წყალი ჯურღმულისა მისგან ბეთლემისა, რომელ არს ბჭეთა ბჭეთასა?
და განაპეს სამთა მათ ბანაკი იგი უცხოთესლთა და ივსეს წყალი ჯურღმულისა მისგან, რომელი იყო ბეთლემს ბჭეთა ზედა, წარიღეს და მოვიდეს დავითისა, და არა ინება დავით სუმად იგი, არამედ შეწირა იგი უფალსა.
და თქუა: ლხინება იყავნ ჩემდა ღმერთო, ყოფად სიტყუაჲ ესე! უკუეთუ სისხლი კაცთა ამათ ვსუა სულთა მათთა? რამეთუ სულითა მათითა მოიღეს იგი. და არა ინება სუმად წყალი იგი. ესე ყვეს სამთა მათ ძლიერთა.
და აბესა, ძმა იოაბისი, ესე იყო მთავარ სამთა მათ. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ზედა ექუსასთა მათ წყლვად, და მოსწყჳდნა იგინი ერთსა ჟამსა შინა. და ესე იყო სახელოვან სამთა მათ შორის
და სამთა მათგან უფროს, ორთა მათ დიდებულ, და იყო მათ ზედა მთავარ, და სამთამდე არა მოვიდა.
და ბანეა, ძე იოდაესი, ძე კაცისა ძლიერისა, და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი უფროს კაბესაბელისა: მან მოსწყჳდნა ორნი ძენი არიელბანისა და ესე შთაუჴდა ჯურღმულსა და მოკლა ლომი დღეთა ზამთრისათა.
და ამან მოკლა კაცი იგი მეგჳპტელი, კაცი სახილველი ხუთ წყრთა სიგრძითა, და ჴელსა მის ეგჳპტელისასა აქუნდა ლახვარი, ვითარცა ლვილი ქსელთა. და მიუჴდა მას ბანეა კუერთხითა და მოუღო ჴელისგან მის ეგჳპტელისა ლახვარი. და მოკლა იგი ლახურითავე მისითა.
ესე ქმნა ბანეა ძემან იოდაესმან, და იყო მისი სახელი სამთა მათ შორის ძლიერთა
უფროს მათ სამთა, და უდიდებულეს იყო ესე და სამთა მათ არა მოვიდა. და დაადგინა იგი დავით მამულსა მისსა ზედა.
და ძლიერნი ძლიერთანი: ასაელ, ძმა იოაბისი; ელეანანი, ძე გოვდიასი, ბეთლემელი;
სამოთ არევდელი; აგქელეს ფალონისი;
ორია, ძე თეკუჱლისა; აბიეზერ ანათოთელი;
სობოქე ასოთელი; ელეე აქონელი;
ნოორე ნეტოფატელი; ელტა, ძე ბანაასი, ნეთოფათინელი;
ეთაი, ძე რიფასი, ბორცჳსა ბენიამენისი; ბანიას ფარათონელი;
ური ინექალესისა; აბიელ სარაბეთელი;
აზამოთ ბარსომელი; ელიაბ ასანოღაბელი.
ძენი ასამისნი გოვინიმით: იონათან, ძე მაგესი, არორიმელი;
აქამ, ძე აქარისი, არარეველისა; ელიფაალი, ძე ორაისი.
ფერომე ქორათელი; აქია ოფელონელი;
ასრაი კარმენელი; ნოორანი, ძე აზაბისი;
იოელ, ძმა ნათანისი; მაბარ, ძე აგარაისი;
სელეკ ამმონელი; ნაარაი ბერეთელი, რომელსა აქუნ საჭურველი იოაბისი, ძისა სარუიასი;
ირას ურეფელი, გაბეთ იერეთელი;
ურია ქეტელი; ზაბად, ძე საულისა;
ადინა, ძე სელქასი, რუბენისი, მთავარი ოცდაათთა ზე;
და ანან, ძე მაქასი; იოსაფატ მათთანელი;
ოზია ასტაროთელი; სამაა და იეელ - ძენი კოთაბელისნი, არარელნი;
ედიელ, ძე ასამარიასი; და იოვზაე, ძმა მისი, ოთოსაელნი;
იელიელ მაოინელი, აირაბ და ოსოია, ძენი მისნი, ელნამელნი; და იეთემა მოაბელი; ალიელ, და ობედ და იესიელ მოასათელნი.