ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 14

1

გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები და ნაძვის ძელები, კედლის მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად.

2

მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის გამო.

3

კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.

4

აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი,

5

იბხარი, ელიშუაყი, ელფალეტი,

6

ნოგაჰი, გეფეგი, იაფიაყი,

7

ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფალეტი.

8

შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინაშე.

9

მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.

10

დავითი ღმერთს დაეკითხა: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში? მიუგო მას უფალმა: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.

11

ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით, როგორც წყალი წალეკავს ხოლმე. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.

12

იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები; დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი.

13

კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე გაიშალნენ.

14

კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. მიუგო ღმერთმა: უკან ნუ გაეკიდები, გარს მოუარე და თუთების მხრიდან მიადექი.

15

როგორც კი თუთების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსვრელად.

16

ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა და გაბაონიდან გაზრამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს.

17

დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს.

1

და მოავლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳროსისამან დავითისა და მოსცა ძელი ნაძჳსა და მაშენებელნი ზღუდეთანი და ხურონი ძელისანი, რათა უშენონ მას სახლი.

2

და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმზადა მას უფალმან ისრაჱლსა ზედა. და აღორძინდა სიმაღლედ მეფობაჲ მისი ერისა მისთჳს ისრაჱლისა.

3

მო-ვეღა-იყუნნა დავით ცოლნი იერუსალჱმს, და უშვნესვე მერმე დავითს ძეები და ასულები.

4

და ესე არს სახელები მათი, რომელნი ესხნეს იერუსალჱმს: სამმა, სობაბ, ნათან, სოლომონ,

5

და იებაარ, ელისაუ, ელიფალეტ,

6

ნაგებ, ნაფეგ, იაფიე,

7

ელისამ, ბაელია და ელიბალეტ.

8

და ესმა უცხოთესლთა, რამეთუ ცხებულ არს დავით მეფედ ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და აღმოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა და განვიდა მიგებებად მათა.

9

და უცხოთესლნი იგი მოვიდეს და შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.

10

და იკითხა დავით ღმრთისა მიერ და თქუა: უკუეთუ აღვიდეთ უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ და მოგცნე იგინი ჴელთა შენთა.

11

და აღვიდა დავით ბაალფარასინად და მოსრნა იგინი დავით მუნ. თქუა დავით: განკუეთნა ღმერთმან მტერნი ჩემნი ჴელითა ჩემითა, ვითარცა განკუეთს წყალი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას განკუეთა - ფარასინს.

12

და დაუტევნეს მათ კერპნი მათნი, და ივლტოდეს და უბრძანა დავით დაწვა მათი ცეცხლითა.

13

და მერმე შე-ვეღა-სძინეს უცხოთესლთა მათ და მუნვე შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.

14

და იკითხა მერმეცა დავით ღმრთისაგან და ჰრქუა მას ღმერთმან: არა აღხჳდე შედგომად მათსა, გარემოიქეც აწ მათგან და აცადენ იგინი მახლობელად სხალოვანსა მას.

15

და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმა ძრვისა მწვერვალთა მას სხალისათა, მაშინ გამოხჳდე და ღმერთი წინაშე შენსა ბრძოლად მათად, რამეთუ მაშინ გამოვიდა ღმრთის წინაშე მოსრვად ბანაკისა მის უცხოთელსთასა.

16

და ყო ეგრე დავით, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და მოსრა ბანაკი იგი უცხოთესლთა გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე.

17

და იყო სახელი დავითისი ყოველსა ქუეყანასა. და უფალმან მოსცა შიში მისი ყოველთა ნათესავთა.

1234567891011121314151617181920212223242526272829