პირველი ნეშტთა, თავი 13
ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.
უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათ შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ.
და ჩვენთან გადმოვაბრძანოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.
მიუგო მთელმა კრებულმა: დაე, ასე იყოს, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონია ხალხის თვალში.
შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.
ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ.
დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ გადმოაგდეს ხარებმა.
აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის წაშველების გამო. და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
ღმერთის შეეშინდა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი?
არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისთან მიტანა დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გადაახვევინა.
სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის კარმიდამო, და მთელი მისი საბადებელი.
და ზრახვა-ყო დავით ათასისთავთა თანა და ასისთავთა თანა და ყოვლისა თანა, რომელსა სათნო-უჩნდა.
და არქუა დავით ყოველსა მას კრებულსა ისრაჱლისასა: უკუეთუ ესე თქუენდა სათნო არს, და უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიერ წარემართოს, მივავლინოთ ძმათაცა ჩუენთა ნეშტთა ყოველთა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მათ თანა მღდელნი იგი და ლევიტელნი ქალაქთაგან სამკჳდრებელთა მათთა შემოკრბედ ჩუენდა
და მოვიღოთ კიდობანი იგი ღმრთისა ჩუენისა ჩუენდა, რამეთუ არა ეძია იგი დღითგან საულისით.
და თქუა ყოველმან მან კრებულმან ყოფად ეგრეთ, რამეთუ სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე თუალთა ყოვლისა ამის ერისათა.
და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი საზღუარითგან ეგჳპტისთა ვიდრე შესლვადმდე ემათისა, შემოღებად კიდობნისა მის ღმრთისა ქალაქით იარიმით.
და აღმოიღო იგი დავით. და ყოველი ისრაჱლი აღმოვიდოდა ქალაქად დავითისა, რომელი იყო იუდასი, აღმოღებად მიერ კიდობანი იგი ღმრთისაჲ, მჯდომარე ქერობინსა ზედა, სადა-იგი წოდებულ იყო სახელი მისი.
და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ ურემსა ზედა ახალსა, სახლისაგან ამინადაბისა. და ოზიას და ძმათა მისთა მოჰყვანდა ურემი იგი.
და დავით და ყოველი ისრაჱლი იმღერდა წინაშე ღმრთისა ყოვლითა ძალითა, გალობითა, და ქნარითა, ებნითა, ბობღნითა, და წინწილითა და ნესტჳთა.
და მოვიდეს ვიდრე კალოდმდე ქელონისა და განყო ოზია ჴელი თჳსი დაპყრობად კიდობნისა, რამეთუ გარეშეაქცია იგი ზუარაკმან.
და გულისწყრომით განრისხნა უფალი ოზიას ზედა და მოკლა იგი მუნ განყოფისა მისთჳს ჴელისა მისისა კიდობანსა ზედა. და მოკუდა იგი მუნ წინაშე ღმრთისა.
და შეწუხნა დავით, რამეთუ განკუეთა უფალმან, განკუეთა იგი ოზიას ზედა და ჰრქჳან ადგილსა მას ,,განკუეთა ოზიასი`` ვიდრე აქა დღედმდე.
და შეიშინა დავით მას დღესა შინა ღმრთისა და თქუა: ვითარ შევიღო კიდობანი ესე ღმრთისაჲ ჩემდა.
და არა შეიღო დავით კიდობანი იგი ღმრთისაჲ ქალაქად დავითისა. და მისცა იგი სახიდ აბედასა ქეტელისა.
და იყო კიდობანი იგი ღმრთისაჲ სახლსა აბედადარისასა სამ თვე. და აკურთხა ღმერთმან აბედადარისი და ყოველივე მისი.