ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 6

1

უთხრა უფალმა მოსეს: ახლა დაინახავ, რას დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გაყაროს მისი ქვეყნიდან.

2

ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი.

3

მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის.

4

აღთქმაც დავუდევი, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი მდგმურობის ქვეყანას, სადაც მდგმურობდნენ.

5

მევე ვისმინე ისრაელიანთა კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.

6

ამიტომ ამცნე ისრავლიანებს: მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა კირთებისგან, მე გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან, მე გიხსნით შემართული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით.

7

მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან თქვენი გამომხსნელი.

8

მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს. ახლა თქვენთვის მომიცია იგი დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი.

9

ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, მაგრამ არ უსმინეს მოსეს, რადგან სულმოკლენი იყვნენ და შრომისაგან გატანჯულნი.

10

ასე უთხრა უფალმა მოსეს:

11

მიდი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.

12

ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ?

13

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და ათქმევინა ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან.

14

ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის საგვარეულოები.

15

სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული, ქანაანელი დედაკაცის შვილი. ესენია სიმონის საგვარეულოები.

16

ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. ლევის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.

17

გერშონის ძენი: ლიბნი და შიმყი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.

18

კეჰათის ძენი: ყამრამი, ხებრონი და ყუზიელი. ხოლო კეჰათის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაცამეტი წელი.

19

მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის საგვარეულოები თაობათა მიხედვით.

20

შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად და უშვა ქალმა აარონი და მოსე. ყამრამის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.

21

იცჰარის ძენი: კორასი, ნეფეგი და ზიქრი.

22

ყუზიელის ძენი: მისაელი, ელცაფანი და სითრი.

23

შეირთო აარონმა ცოლად ელისაბედი, ამინადაბის ასული, ნახშონის და; უშვა ქალმა ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.

24

კორახის ძენი: ასირი, ელკანა, და აბიასაფი. ებენია კორახიანთა საგვარეულოები.

25

ითხოვა ელიაზარმა, აარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ერთ-ერთი ასული და უშვა ქალმა ფინხასი. ესენი არიან ლევიანთა მამამთავარნი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.

26

ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უბრძანა უფალმა: გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად.

27

ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეყვანათ ისრაელიანები ეგვიპტიდან. ესენი იყვნენ მოსე და აარონი.

28

მაშინ იყო, რომ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.

29

ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. რასაც გეუბნები, ყველაფერი უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს.

30

თქვა მოსემ უფლის წინაშე. მე ხომ ენაბრგვილი ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?

1

ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილო, რაჲ-იგი უყო ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მათით.

2

ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,

3

რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყეა მათ?

4

და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელსაცა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა.

5

და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებენ მათ და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი.

6

წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყუანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა დიდ-დიდითა.

7

და მოგიყუანნე თქუენ ერად ჩემდა და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა.

8

და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან.

9

ეტყოდა ესრეთ მოსე ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისა მისგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა.

10

ჰრქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან:

11

შევედ შენ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

12

იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა, ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო. რამეთუ მე უსიტყუ ვარ?

13

ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და ფარაოს, რათა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

14

და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი, ძენი რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი.

15

ესე არიან ნათესავნი რუბენისნი და ძენი სჳმეონისნი: იჱმუელ, და იამინ, და ოდ, და იაქიმ, და საარ და საულ, რომელი იყო ფინიკიელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი.

16

და ესე სახლები არს ძეთა ლევისთა ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ და კაათ და მერარი, და წელნი ცხორებისა ლევისნი ასოცდაათჩჳდმეტ წელ.

17

და ესე არიან ძენი გეთსონისნი: ლობენი და სემეი, სახლისა მამათმთავართა მათისანი.

18

და ძენი კათისნი: ამბრამ და ისაჰრ, ქებრონ და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ასოცდაათსამეტ წელ.

19

და ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი, ესე სახლისა მამათმთავართა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი.

20

და მოიყუანა ამბრაამ იოქაბედ, ასული მამის ძმისა თჳსისა, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას: აჰრონ, და მოსე და მარიამ, დაჲ მათი, ხოლო წელნი ცხორებისა ამბრამისნი ასოცდაათშჳდმეტ წელ.

21

და ძენი ესაარისნი: კორე და ნაფეგ და ზექრი.

22

და ძენი ოზიელისნი: მისაელ, ელისაფან და სეთრი.

23

და მოიყუანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი და დაჲ ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნადაბ და აბიუდ და ელიეზერ და იათამარ.

24

და ძენი კორესნი: ასერ და ელკანა და აბიასარ - ესე შობანი კორესნი.

25

და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყუანა ასულთაგანი ფუტიელისთა თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთანი მსგავსად შობისა მათისა.

26

ესენი არიან აჰრონ და მოსე, რომელთა ჰრქუა ღმერთმან გამოყვანებაჲ ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით ძალითურთ მათით.

27

ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და გამოიყვანეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით. ესე არიან აჰრონ და მოსე.

28

დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაოდენი მე გრქუა შენ.

29

30

და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა ესერა, მე ჴმა-წულილ ვარ და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940