ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 26

1

ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.

2

თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყოს, სიგანე - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომის უნდა იყოს.

3

ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადაეკეროს, სხვა ხუთი ნაჭერი - ერთმანეთს.

4

ლურჯი კილოები გაუკეთე ერთ ნაჭერს კიდეზე, ბოლოში, გადანაკერთან; ასევე გაუკეთე უკანასკნელი ნაჭრის კიდეს მეორე გადანაკერთან.

5

ორმოცდაათი კილო გაუკეთე ერთ ნაჭერს; ორმოცდაათი კილო გაუკეთე ნაჭერს ბოლოში, მეორე გადანაკერთან. კილოები უნდა მიესადაგონ ერთმანეთს.

6

გააკეთე ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და შეჰკარი კაუჭებით ნაჭრები, რომ სავანე მთლიანი გამოვიდეს.

7

დაამზადე თხისურის ნაჭრები სავანის გადასახურავად. თხუთმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადე.

8

ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა, სიგანე - ოთხი წყრთა; თერთმეტივე ნაჭერი ერთი ზომისა უნდა იყოს.

9

ხუთი ნაჭერი ცალკე გადააკერე, ექვსი ნაჭერი - ცალკე; ორად მოკეცე მეექვსე ნაჭერი კარვის წინა მხარეს.

10

გაუკეთე ორმოცდაათი კილო ბოლო ნაჭერს კიდეზე, გადანაკერთან, და ორმოცდაათი კილო მეორე ნაჭერს კიდეზე, გადანაკერთან.

11

გააკეთე ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი და გაუყარე კილოებს კაუჭები. შეკარი გადასახურავი, რომ ერთიანი იყოს.

12

გადასახურავს მორჩენილი ნაჭრის ნახევარი სავანის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული.

13

სიგრძეზე მორჩენილი ნაჭრის ნაწილი სავანის ორივე მხარეს თითო წყრთაზე იყოს ჩამოშვებული, აქეთ და იქით, მის დასაფარავად.

14

გააკეთე გადასაფარი დათრიმლული ცხვრის ტყავისგან. ზემო გადასაფარი თახაშის ტყავისგან.

15

დაამზადე ბოძები სავანისთვის აკაციის სწორი ძელებისგან.

16

ათი წყრთა უნდა იყოს ბოძის სიგრძე, ერთნახევარი წყრთა - სიგანე.

17

ორ-ორი რიკი ჰქონდეს თითოეულ ბოძს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთე კარვის ყოველ ბოძს.

18

დაამზადე ბოძები სავანისთვის: ოცი ბოძი სამხრეთ მხარეს.

19

ორმოცი ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს; ორ-ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.

20

სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთ მხარეს ოცი ბოძი.

21

და მათი ორმოცი ვერცხლის ფეხი, ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ, ორი ფეხიც მეორე ბოძის ქვეშ.

22

სავანის უკანა მხარეს, დასავლეთით, ექვსი ბოძი დადგი.

23

ორი ბოძი დაამზადე სავანის კუთხეებისთვის უკანა მხარისკენ.

24

შეკრული უნდა იყოს ქვემოთ და ზემოთ ერთი რგოლით; ორივესთვის ასე უნდა იყოს; ორივე კუთხისთვის უნდა იყოს.

25

რვა ბოძი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი უნდა იყოს, ორ-ორი ფეხი თითოეული ბოძისთვის.

26

დაამზადე ლარტყები ურთხელისგან ბოძებისთვის. ხუთი ლარტყი სავანის ერთ მხარეს,

27

და ხუთი სავანის მეორე მხარეს; ხუთიც სავანის უკანა მხარეს, დასავლეთით.

28

შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა გასდევდეს ბოძებს.

29

ბოძები ოქროთი მოჭედე; მისი რგოლები, ლარტყეების გასაყრელები ოქროსი გააკეთე; ლარტყებიც ოქროთი მოჭედე.

30

იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე.

31

გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული.

32

ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე; კაუჭები ოქროსი იყოს, ფეხები ვერცხლისა.

33

ჩამოჰკიდე კრეტსაბმელი კაუჭებზე და შეიტანე მოწმობის კიდობანი კრეტსაბმელის უკან; კრეტსაბმელი გაგიმიჯნავთ წმიდა ადგილს წმიდათა წმიდასაგან.

34

დაახურე სახურავი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში.

35

დადგი ტაბლა კრეტსაბმელს გარეთ და ლამპარი ტაბლის პირდაპირ, სავანის გვერდით, სამხრეთით.

36

გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი, ნაქარგი სელისგან.

37

გააკეთე ჩამოსაფარებლისთვის ხუთი სვეტი ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე, კაუჭები ოქროსი იყოს. ხუთი სპილენძის ფეხი ჩამოასხი მათთვის.

1

და კარავი ჰქმნე ათ ეზოებად ბისონისა ძახილისა და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა; ქერობინად ქმნულად ქსოილად ჰქმნნე იგინი.

2

სიგრძე ეზოჲსა ერთისა ოცდარვა წყრთა და სივრცე ოთხ წყრთა ეზოჲსა ერთისა იყოს საზომი, იგივე იყოს ყოველთა ეზოთაჲ.

3

ხუთნი ეზონი იყვნენ მახლობელნი ერთკერძო და ხუთნივე იგი იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა.

4

და უქმნე მათ კილოები ჳაკინთისა ძგიდესა ზედა ეზოჲსა ერთისასა ერთისა კერძოჲსაგან შესაკინძველად და ესრეთ ჰყო ძგიდისაგან გარეგანისა ეზოჲსა შესაკინძველად მეორისა.

5

ხოლო ერგასისნი კილონი უქმნნე ეზოსა ერთსა და ერგასისნი კილონი უქმნნე კერძოსა ეზოჲსასა შესაკინძველად მეორისა, წინაშე პირსა წინა ემთხჳოს თჳთოეული მათი ურთიერთას.

6

და ჰქმნნე კარშიკები ერგასისი ოქროჲსაჲ და შეაბრძჳლო ეზოები მოყუასი მოყუასსა კარშიკებითა და იყოს კარავი ერთი.

7

და ჰქმნე გარდასაბურველი თმისა საფარველად კარვისა მის, ათერთმეტი გარდასაბურველი უქმნე მათ.

8

სიბრძე გარდასაბურველისაჲ ერთისაჲ იყოს ოცდაათი წყრთა და ოთხი წყრთა სივრცე გარდასაბურველისა ერთისაჲ, საზომი იგივე იყოს გარდასაბურველთა ათერთმეტთაჲ.

9

და შეიყვნენ ხუთნი გარდასაბურველნი ერთბამად და ექუსნი გარდასაბურველნი ერთბამად; და შემოჰკეცო მეექუსე იგი გარდასაბურველი წინაშე პირსა კარვისასა.

10

და ჰქმნნე ღილნი ერგასისნი ძგიდესა ზედა გარდასაბურველისასა, რომელი შეეკინძებოდის მეორესა.

11

და ჰქმნნე კარშიკნი რვალისანი ერგასისნი და შეაკინძო კარშიკები იგი კილოებითა მით, შეაბრძჳლნე გარდასაბურველნი და იყვნენ ერთ.

12

და შეუკეცო დამატებული გარდასაბურველთა შორის კარვისათა, ნახევრითა გარდასაბურველითა დაშთომილისათა დაჰბურო დამეტებული გარდასაბურველთა კარვისათა, დაჰბურო უკუანა კერძო კარვისა.

13

წყრთაჲ ამიერ და წყრთაჲ იმიერ ნამეტავისაგან სიგრძისა საბურველთასა გარდასაბურველთაგან კარვისათა იყოს დამფარველ გუერდთა ზედა კარვისათა ამიერ და იმიერ, რათა დაჰფარვიდეს.

14

და ჰქმნე საფარველიცა კარვისა ტყავნი ვერძთანი მეწამულად ღებულნი და ზედა საბურველნი ტყავნი ჳაკინთის ფერნი ზედა კერძო.

15

და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ძელთაგან ულპოლველთა.

16

ათ წყრთა სიგრძე ერთისა სუეტისა და წყრთა ერთ და ნახევარ

17

სივრცე ერთისა ორნი იდაყუნი სუეტსა მას ერთსა, წინააღმდგომნი ერთი ერთისაჲ. ესრეთ უყო ყოველთა სუეტთა კარვისათა.

18

და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ოცნი სუეტნი ერთ კერძო ჩრდილოთ კერძო.

19

და ორმეოცი სუეტის თავები ვეცხლისა უქმნე ოცთა მათ სუეტთა, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა.

20

და ნაწილსა მეორესა სამხრით კერძოსა - ოცნი სუეტნი.

21

და ორმეოცნი სუეტის თავნი მათნი ვეცხლისანი, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა.

22

და უკუანა კერძო კარვისა ზღუად მიმართ ჰქმნნე ექუსნი სუეტნი.

23

და ორნი სუეტნი ჰქმნნე ყურეთა მის კარვისათა ზურგით კერძო.

24

და იყვნენ სწორ ქუენა კერძო და მისებრვე იყუნენ სწოტნი სუეტის თავთაგან შესანაწევრებელად ერთად. ესრეთ უყო ორკერძოთავე მათ ორთა ყურეთა, რათა სწორ იყვნენ.

25

და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისანი ათექუსმეტნი. ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორთავე კერძოთა მისთა.

26

და ჰქმნნე მოქლონნი ძელთაგან ულპოლველთა ხუთნი ერთსა სუეტსა ერთკერძო კარვისა.

27

და ხუთნი მოქლონნი ერთსა სუეტსა მეორესა კერძსა კარვისასა და ხუთნი მოქლონნი უკუანასა სუეტსა ზღუად მიმართსა კერძოსა კარვისასა.

28

და მოქლონი იგი შუა მოქმედებდენ საშუალ სუეტთასა ერთისა კერძოჲსგან მეორისა კერძისა მიმართ.

29

და სუეტნი იგი ოქრომოსილ ჰყვნე ოქროჲთა და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი, რომელთა განაცუნე მოქლონნი იგი და ოქროვან-ჰყვნე მოქლონნი იგი ოქროჲთა.

30

და აღჰმართო კარავი იგი სახისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.

31

და ჰქმნე კრეტსაბმელი ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა, ნაქმარად ქსოილად ჰქმნე იგი ქერობინად.

32

და დასდვა ოთხთა სუეტთა ზედა ულპოველთა, შემოსილთა ოქროჲთა და სუეტისთავნი მათნი ოქროჲსანი და ხარისხნი მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.

33

და დასდვა კრეტსაბმელი სუეტთა მათ ზედა. და შეიღო მუნ უშინაგანეს კრეტსაბმელისა კიდობანი წამებისაჲ და განგიწვალებდეს თქუენ კრეტსაბმელი იგი შორის წმიდისა მის და შორის წმიდისა წმიდათასა.

34

და დაჰფარო კრეტსაბმელითა კიდობანი იგი წამებისაჲ წმიდათა შინა წმიდათასა.

35

და დასდვა ტაბლა გარეშე კრეტსაბმელისა და სასანთლე წინაშე ტაბლისა სამხრად მიმართსა კერძოსა კარვისასა და ტაბლაჲ დასდვა ჩრდილოდ მიმართსა კერძოსა კარვისასა.

36

და ჰქმნე განსამარტებელი ჳაკინთისგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა ნაქმრად ჭრელებულად:

37

და უქმნე კრეტსაბმელსა მას ხუთნი სუეტნი ხისაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა და სუეტის თავნი მათნი ოქროჲსანი და გამოადნვნე მათგან ხუთნი ხარისხნი რვალისანი.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940