ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 29

1

აი, რა უნდა გააკეთოთ მათი კურთხევისათვის, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიყვანე ერთი კურატი და ორი ჯანსაღი ჭედილა,

2

აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი ნამცხვრები და ზეთნაცხები უფუარი კვერები; ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი.

3

ჩააწყვე ერთ კალათაში და მოიტანე კალათით, კურატი და ორი ჭედილაც მოიყვანე.

4

მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.

5

აიღე შესამოსელი და შემოსე აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი.

6

თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმიდის ჯიღა მიუმაგრე თავსაბურველზე.

7

აიღე მირონი, თავზე დაასხი და სცხე.

8

მისი შვილებიც მოიყვანე და ისინიც შემოსე კვართით.

9

სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს.

10

მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა.

11

დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

12

აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს ძირს დაღვარე.

13

აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.

14

კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს.

15

მოიყვანე ერთი ჭედილა და თავზე დაადონ ხელები აარონმა და მისმა შვილებმა.

16

დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს.

17

ნაწილებად დასჭერი ჭედილა, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დააწყვე ისინი ამ ნაწილებზე და თავზე.

18

დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.

19

მოიყვანე მეორე ჭედილა და თავზე დაადონ ხელი ჭედილას აარონმა და მისმა შვილებმა.

20

დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, და ირგვლივ მოასხურე სისხლი სამსხვერპლოს.

21

აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და ასხურე აარონს, მის შესამოსელს, მის შვილებს და მათ შესამოსელს. გაინათლება იგი და მისი შესამოსელი, და მასთან ერთად მისი შვილები და მათი შესამოსელი.

22

აართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, ქონიანად, მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა).

23

ერთი პურის კოკორი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი ხმიადებიანი კალათიდან, უფლის წინაშე რომ დგას.

24

დაუწყვე ეს ყველაფერი ხელზე აარონს და მის შვილებს და შეარხიე უფლის წინაშე.

25

ხელიდან გამოართვი ეს ყველაფერი და აკმიე სამსხვერპლოზე აღსავლენ მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისათვის.

26

აიღე ხელდასხმის ჭედილას მკერდი, აარონისთვის რომ არის განკუთვნილი, და შეარხიე იგი უფლის წინაშე. ეს იქნება შენი წილი.

27

განათლე შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი, რომლებიც შეირხა და აღიმართა ხელავსების ჭედილასაგან, აარონისა და მისი შვილებისთვის რომ არის განკუთვნილი.

28

ეს იყოს აარონისთვის და მისი შვილებისოვის სამარადისო წესი ისრაელიანთაგან, რადგან აღმართვაა ეს და აღსამართავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან; სამადლობელო მსხვერპლიდან უნდა აღიმართოს იგი უფლისათვის.

29

წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება, რომ ამ შესამოსელში სცხონ მათ და აუვსონ ხელი.

30

შვიდ დღეს უნდა ემოსოს ეს შესამოსელი მის შვილს, ვინც მის ნაცვლად იქნება მღვდლად და მოვა სადღესასწაულო კარავთან, რომ სამსახური გასწიოს საწმიდარში.

31

აიყვანე ხელავსების ჭედილა და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი.

32

სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შეჭამონ აარონმა და მისმა შვილებმა ჭედილას ხორცი და პური, რომელიც კალათშია.

33

შეჭამონ ეს, რომლითაც მიღებული აქვთ მიტევება ხელავსებისთვის და კურთხევისთვის. გარეშე კაცმა უნდა შეჭამოს, რადგან წმიდაა იგი.

34

თუ დილისთვის დარჩა ხელავსების ხორცი და პური, ცეცხლში დაწვი მონარჩენი; არ იჭმევა, რადგან წმიდაა იგი.

35

ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის შვილებს, როგორც მე გიბრძანე. შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი.

36

ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მისატევებელ მსხვერპლთან ერთად, ცოდვებს ჩამორეცხავ სამსხვერპლოდან, როცა მიტევებას მიიღებ მასზე, და ზეთს სცხებ, რომ განათლო იგი.

37

ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მიტევების მსხვერპლთან ერთად და ცოდვას მოაშორებ სამსხვერპლოს, როცა მიტევებას იქმ მასზე, ზეთს სცხებ და წმიდა ჰყოფ მას.

38

შვიდ დღეს ჰქმენ მიტევება. სამსხვერპლოზე და განწმიდე იგი, და წმიდათა წმიდა გახდება სამსხვერპლო. რაც კი მიეკარება სამსხვერპლოს, წმიდა გახდება ყველაფერი.

39

აი, რა უნდა გქონდეს გამზადებული სამსხვერპლოსთვის: ორი ერთწლიანი ბატკანი ყოველდღიურად, მუდმივად.

40

ერთი ბატკანი დილისთვის გაამზადე, მეორე ბატკანი - საღამოსთვის.

41

ჰინის ნაოთხალ გამოხდილ ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი და ჰინის ნაოთხალი ღვინო საღვრელად ერთი ბატკნისათვის.

42

მეორე ბატკანი საღამოსთვის გაამზადე. როგორც დილის ბატკანი, ესეც ფქვილთან და საღვრელთან ერთად ამოდ საყნოსელად საცეცხლო მსხვერპლად შესწირე უფალს.

43

მუდმივ აღსავლენ მსხვერპლად თაობიდან თაობაში სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო.

44

აქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით ეს ადგილი.

45

წმიდავყოფ სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს, წმიდავყოფ აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.

46

დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.

47

შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტელთა ქვეყნიდან, რომ მათ შორის დავივანო; მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.

1

და ესე არიან, რომელნი უყვნე მათ, განწმიდენ იგინი, რათა მიმღდელობდენ მე იგინი, მოიყუანო ზუარაკი ზროხათაგან ერთი და ვერძნი უბიწონი ორნი.

2

და პურნი უცომონი, გამოზელილნი ზეთითა, და ლელანგონი უცომონი, ცხებულნი ზეთითა, სამინდოსაგან იფქლისა ჰქმნნე იგინი.

3

და დააგნე იგინი ლანკნასა ზედა ერთსა და შესწირნე იგინი ლანკნითა მით და ზუარაკი და ორნი ვერძნი.

4

და აჰრონ და ძენი მისნი მოიყუანნე კართა ზედა კარვისა საწამებელისათა და განჰბანნე იგინი წყლითა.

5

და მომხუმელმან შესამოსელთა წმიდათამან შეჰმოსო აჰრონ, ძმაჲ შენი, და სამოსელი პოდირი შესამოსლისაჲ და სამჴარი და სიტყჳერი, და შეაყო სიტყჳერი იგი სამჴარსა თანა.

6

და დაადგა მიტრა თავსა ზედა მისსა და დასდვა პეტალი განწმედისაჲ მიტრასა ზედა.

7

და მოიღო ზეთი ცხებისა და დაასხა თავსა ზედა მისსა და სცხო მას.

8

და ძენი მისნი მოიყვანნე და შეჰმოსნე მათ შესამოსელნი და შეარტყნე მათ სარტყელნი.

9

და დაადგნე მათ კიდარნი და იყოს მათდა მღდელობაჲ ჩემი უკუნისამდე, და განასრულნე ჴელნი აჰრონისნი და ჴელნი ძეთა მისთანი.

10

და მოიყუანო ზუარაკი კართა თანა კარვისა საწამებელისათა და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

11

და დაჰკლა ზუარაკი წინაშე უფლისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

12

და მოიღო სისხლისაგან ზუარაკისა და სცხო რქათა საკურთხეველისათა თითითა შენითა, ხოლო სხუაჲ იგი ყოველი სისხლი მოჰღუარო ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

13

და მოიღო ყოველი ცმელი მუცლისზედაჲ და ყური ღვიძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მის ზედაჲ და აკუმიო და დააგო საკურთხვველსა ზედა.

14

ხოლო ჴორცნი ზუარაკისანი და ტყავი მისი და სკორე მისი დასწუა გარეშე ბანაკისა, რამეთუ ცოდვისა არს.

15

და მოიყვანო ვერძი ერთი და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა.

16

და დაჰკლა ვერძი, და მომღებელმან სისხლისა მისისამან მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემო.

17

და ვვრძი განჰკუეთო ორად განაწილებით და განჰრცხნე შინაგანნი მისნი და ფერჴნი მისნი წყლითა და დაჰსხნე ორგანკუეთილებითა ზედა თავისა თანა მისისა.

18

და აღიღო ვერძი სრულებით საკურთხეველსა ზედა და ყოვლად დასაწველ იყოს უფლისა სულად სულნელებისად.

19

და მოიბა ვერძი მეორე, დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ვერძისასა.

20

და დაჰკლა იგი და მოიღო სისხლისაგან მისისა და სცხო ცმელსა აჰრონის ყურისასა მარჯუენესა, და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯუენისათა და ცმელსა ყურისასა ძეთა მისთასა მარჯუენესა და მწუერვალთაჲ ჴელთა მათთა მარჯუენეთასა, და მწუერვალთა ფერჴთა მათთა მარჯუენეთასა, აპკურო სისხლი საკურთხეველსა.

21

და მოიღო სისხლთაგან საკურთხეველისა და ზეთისაგან საცხებელისა, და აპკურო აჰრონს ზედა და შესამოსელსა მისსა ზედა და ძეთა ზედა მისთა და შესამოსელსა ზედა ძეთა მისთასა მის თანა, და განწმიდნეს იგი და სამოსელი მისი და ძენი მისნი და სამოსელნი ძეთა მისთა მის თანა, ხოლო სისხლი ვერძისა მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემოჲს.

22

და მოიღო ვერძისაგან ცმელი მისი და ცმელი დამფარველი მუცლისაჲ და ყური ღჳძლისა და ორნი თირკუმელნი და მათ ზედა ცმელი და მარჯუენე მჴარი, რამეთუ განსრულებაჲ არს მისი.

23

და პური ერთი ზეთისაგან და ლელანგოჲ ერთი ლანკლნისაგან უცომოთა დაგებულთასა წინაშე უფლისა.

24

და დააგნე ყოველნი ჴელთა ზედა აჰრონისთა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და განაჩინნე იგინი განჩინებად წინაშე უფლისა.

25

და მიითუალნეს იგინი ჴელთაგან მათთა და აღიხუნე იგინი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველობისასა სულად სულნელებისად წინაშე უფალსა, ნაყოფება არს უფლისა.

26

და მოიღო მკერდი ვერძისაგან სრულებისასა, რომელ არს აჰრონისი, და განაჩინო იგი განჩინებად წინაშე უფლისა და იყოს შენდა ნაწილად.

27

და წმიდა-ჰყო მკერდი განჩინებული და მჴარი განჩინებისა, რომელი განჩინებულ არს და რომელი შეწირულ არს ვერძისაგან

28

სრულებისასა აჰრონისაგან და ძეთა მისთაგან შჯულად საუკუნოდ ძეთაგან ისრაჱლისათა, რამეთუ არს განჩინებული ესე და განჩინებაჲ იყოს ძეთაგან ისრაჱლისათა საკლველთაგან ცხორებისათა განჩინებული უფლისა.

29

და სამოსელი სიწმიდისა, რომელ არს აჰრონისსა, იყოს ძეთა მისთაცა მის თანა, ცხებად მათდა მათ შინა და განსრულებად ჴელთა მათთა.

30

შჳდ დღე შეიმოსდეს მათ მღდელი, ნაცვალი მისი, ძეთა მისთაგანი, რომელი შევიდოდის კარვად საწამებელად მსახურებად მის შორისთა წმიდათა.

31

და ვერძი სრულებისა მოიღო და შეაგბო ჴორცი მისი ადგილსა წმიდასა.

32

და შეჭამნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴორცნი ვერძისანი და პურნი ლაკნისანი, კართა თანა კარვისა საწამებელისათა შეჭამნენ იგინი.

33

რომელთა შინა წმიდა იქმნნეს, მათ შინა სრულ იქმნნეს ჴელნი მათნი და განწმდეს იგინი და სხუა ნათესავმან არა ჭამოს მათგან, რამეთუ არიან წმიდა.

34

ხოლო უკეთუ დაშთეს ჴორცთაგან სრულებისათაჲსა და პურთაგან ვიდრე განთიადმდე, დასწუა იგი ცეცხლითა და სხუანი არა იჭამნენ, რამეთუ სიწმიდენი არიან.

35

და უყვნენ აჰრონს და ძეთა მისთა ყოველნი, რაოდენნი გამცნენ შენ. შჳდთა დღეთა განასრულნე ჴელნი მათნი.

36

და ჴბოჲ ცოდვისა ჰქმნა დღესა განწმედისასა და წმიდა-ჰყო საკურთხეველი განწმედითა შენითა მას ზედა და სცხო მას. შჳდთა დღეთა განსწმიდო საკურთხეველი და წმიდა-ჰყო იგი და იყოს საკურთხეველი წმიდაჲ წმიდისა. ყოველი, რომელი შეეხოს საკურთხვველსა, განწმდეს.

37

38

39

და ესენი არიან, რომელნი ჰქმნნე საკურთხეველსა ზედა ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი, ორნი დღესა შინა მიმდემად ნაყოფებად სამიმდემოდ.

40

კრავი ერთი ჰყო ცისკრად და კრავი მეორე ჰყო მიმწუხრი.

41

და მეათედი სამინდოჲსა შესუარული ზეთითა წმიდითა ერთსა კრავსა თანა მეოთხედი სათუელისაჲ საღჳნისაჲ კრავსა ერთსა.

42

და კრავი მეორე ჰქმნა მიმწუხრი მსხუერპლისაებრ საცისკროჲსა და შეწირვისაებრ მისისა ჰქმნა სულად სულნელებისად.

43

ნაყოფებად უფლისა მსხუერპლი სამიმდემო ნათესავსა შინა თქუენსა კართა ზედა წინაშე უფლისა კარვისა საწამებელისათა, რომელთა შორის გეცნობო შენ მუნ ვიდრე ზრახვადმდე შენდა.

44

და უბრძანებდე მუნ ძეთა ისრაჱლისათა და განვწმიდნე მე დიდებითა ჩემითა.

45

და განვწმიდო კარავი წამებისა და საკურთხეველი, და აჰრონ და ძენი მისნი განვწმიდნე მღდელობად ჩემდა.

46

და წოდებულ ვიქმნე ძეთა ზედა ისრაჱლისათა და ვიყო მე მათდა ღმერთ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი ქუეყანით ეგჳპტით,

47

წოდებად მათ ზედა და ღმერთ მათდა ყოფად.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940