ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 39

1

ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

2

დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.

3

გაგლინეს ოქროს ფირფიტები და ძაფებად დაჭრეს, რომ დაეტნიათ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილსა და სელს შორის.

4

გაუკეთეს მისამაგრებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო მიმაგრებული.

5

მასზე შემოსარტყმელი ზონარი იმავე მასალისა და მსგავსი ნახელავი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერა და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სულისგან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

6

დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.

7

განალაგა ისინი ეფოდის სამხრეებზე - ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

8

გააკეთა სამკერდული ამოქარგული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.

9

ოთხკუთხედი იყო იგი; ორკეცი გააკეთეს სამკერდული - სიგრძით ერთი მტკაველი და სიგანითაც ერთი მტკაველი, ორკეცი.

10

ოთხრიგად გააწყვეს მასზე თვლები: ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.

11

მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;

12

მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;

13

მეოთხე რიგი: ქრისოლითი, ონიქსი და ბერილი. ოქროს ბუდეებში იყოს ჩასმული.

14

თვლები ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო, თორმეტი, მათი სახელების მიხედვით, თორმეტივე ტომის სახელი იყო ამოტვიფრული.

15

გაუკეთა სამკერდულს წნული ძეწკვი ხალასი ოქროსი;

16

გააკეთა ორი ოქროს ბუდე და ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ორი რგოლი სამკერდულის ორთავე კიდეს.

17

გაუყარა ორი ოქროს წნული ძეწკვი ორ რგოლში სამკერდულის კიდეებზე.

18

ორი წნული ძეწკვის ორი ბოლო მიამაგრა ორ ბუდეს და წინიდან მიაბა ისინი ეფოდის სამხრეებს.

19

გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.

20

გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ეფოდის ორ სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.

21

გადააბეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ ყოფილიყო ეფოდის სარტყელს ზემოთ და არ ასცდენოდა სამკერდული ეფოდს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

22

გააკეთა ეფოდის მოსასხამი, ნაქსოვი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.

23

შუაში ამოჭრილი იყო მოსასხამი ჯაჭვის პერანგივით; ამოჭრილის კიდეს არშია გასდევდა, რომ არ შემორღვეულიყო.

24

ამოქარგა მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი გრეხილი ძაფებით.

25

გააკეთა ეჟვნები წმიდა ოქროსაგან და ჩამოჰკიდა ეჟვნები ბროწეულებს შორის მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, ბროწეულებს შორის.

26

ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

27

გააკეთეს კვართი სელისგან, ნაქსოვი აარონისთვის და მისი შვილებისთვის,

28

თავსაბურველი სელისგან, ქუდი სელისგან და ტილოს შარვალი გრეხილი სელისგან.

29

სარტყელი გრეხილი ბისონისგან და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან, ნაქარგი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

30

გააკეთა ჯიღა - სიწმიდის გვირგვინი - ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე.

31

გამოაბა მას ლურჯი ძაფი, რომ თავსაბურველზე მიემაგრებინა ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

32

დასრულდა სავანის სადღესასწაულო კარვის მთელი სამუშაო. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს; ასე გააკეთეს.

33

მიუტანეს სავანე მოსეს, გადასახურავი და მთელი მისი მოწყობილობა, კაუჭები, ძელები, ლარტყები, სვეტები, ფეხები.

34

დათრიმლული ტყავის გადასაფარებელი, თახაშის ტყავის გადასაფარებელი და კრეტსაბმელი,

35

მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და სახურავი.

36

ტაბლა მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პური,

37

წმიდა სასანთლე და მისი ლამპრები, ჩასამწკრივებელი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობითურთ; და ზეთი გასანათებლად,

38

ოქროს სამსხვერპლო, მირონი, სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი კარვის კარისათვის,

39

სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისვე ცხაურით, მისი კეტები და მთელი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით,

40

ეზოს ფარდები, მისი სვეტები მათი ფეხებით, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, მისი ბაგირები, პალოები და ყოველი ჭურჭელი სადღესასწაულო კარვისთვის,

41

საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი და მისი შვილების სამღვდელო შესამოსელი.

42

როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.

43

ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.

1

და ქმნა ყოველმან ბრძენმან მოქმედთა მათ შორის სამოსელი იგი წმიდაჲ, რომელი არს აჰრონ მღდლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან მოსეს.

2

და ქმნეს სამჴარნი იგი ოქროჲსაგან, და იაკინთისა, და ძოწეულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.

3

და დახიეს ოქროჲ იგი განჭედილი სხეპლად, რათა თანა-შეექსოოს იაკინთესა მას, და ძოწეულსა, და მეწამულსა სთულსა და ზეზსა მას ძახილსა, ქსოვილად ქმნეს იგი სამჴრად.

4

შეყოფილად ორ კერძოვე ნაწევართა მისთა, ქმნულად ურთიერთას შეწმასნილად მის ზედა.

5

და მისგანვე ქმნეს მისვე ქმნულებისაებრ ოქროჲსა და იაკინთოსა, და ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

6

და ქმნეს ორნივე იგი ქვანი ზამარაგდენი თანა-შექსოვილად ოქროსა მას ქანდაკებულად, გამოჭრილად ბეჭდის სახედ სახელებისაებრ ძეთა ისრაილისათა.

7

და დასხნა იგინი მჴართა ზედა მის სამჴრისათა ქვანი მოსაჴსენებელნი, ძეთა ისრაჱლისათანი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

8

და ქმნა საკითხავი იგი ქმნული ქსოვილად ჭრელად ქმნულისა მისებრვე სამჴართა ოქროჲსაგან და იაკინთისა, და ძოწეულისა, და მეწამულისა და ზეზისაგან ძახილისა.

9

ოთხკიდედ ორკეცად ქმნა საკითხავი იგი, მტკაველ სიგრძე მისი და მტკაველ - სივრცე მისი ორკეცად.

10

და თან შეაქსოვა მას ქსოვილი თითოეული ანთრაკი კარგად-კარგად ოთხ სტიქონად; კარგი ერთი: ქვაჲ სარდიონი, და ტოპაზიონი და ზამარაგდონი.

11

და მეორე იგი კარგი: ანთრაკი, და საფირონი და იასპი.

12

და მესამე იგი კარგი: ლიგჳრი, აქატი და ამეთჳსტონი.

13

(36,20) და მეოთხე იგი კარგი: ოქროქვა, და ბივრილიონი და ფრცხილი და გარემოდგმული ოქროჲთა.

14

(36,21) და შემაგრებული ოქროსა შინა და ანთრაკნი ესე იყვნეს სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათა, ათორმეტ სახელები მათი გამოწერით ბეჭდებრ თჳთოეული სახელი ათორმეტთა მათ ტომთაჲ.

15

(36,22) და ჰქმნეს საკითხავსა მას ფერსუები თანა შეთხზულად ქმნულად თხზულსა ოქროჲსაგან წმიდისა.

16

(36,23) და ქმნეს ორნი იგი ფიცარნი ოქროჲსანი და გამოაბნეს ორნი იგი გრკალნი ოქროჲსანი ორთა მათ კიდეთა საკითხავისა.

17

(36,24) და განაცუნეს თხზულნი იგი ოქროჲსანი ორთა მათ გრკალთა ორკერძოვე კიდეთა მის საკითხავისათა (36,25) და ორთა მათ შესაკინძველთა ორთა მათ თხზულთასა, და განასხნეს ორთა მათ ასპიტაკთა და დაასხნეს ორთა მათ ზედა მჴართა მის სამჴრისათა

18

19

წინაუკმო პირისპირ მისსა (36,26) და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი, და განასხნეს იგინი ორთა მათ ფრთეთა კიდეთა მის საკითხავისათა, ერთ კერძო კიდეთა ბეჭით კერძოთა მის სამჴრისათა, შიგან კერძო და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი სხვანი, და განასხნეს ორთავე მათ კერძოთა ბეჭთა მის სამჴრისათა ქვემო კერძო მის წინაშე პირისპირ შეკინძულისა მის ზემო კერძოსა თანა-შექსოისა მისაებრვე სამჴართასა.

20

21

რათა შეამტკიცებდენ საკითხავსა მას კარშიკნი იგი, რომელნი იყვნენ მას ზედა კარშიკთა მათ სამჴრისათა შემტკეცილი იაკინთოთა და თანაშეთხზულ ნაქსოვსა მას სამჴართასა, რათა არა გამოეკეცებოდეს საკითხავი იგი სამჴართა მათგან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

22

და ქმნეს შთასაცუმელნი იგი ქვემო კერძო სამჴართა მათ ქმნულად ქსოილად ყოვლად იაკინთონი.

23

ხოლო საყელე იგი შთასაცმელისა მის საშუალ გამოქსოვილად თანაშეთხზულ იყო მარტივსა მას. იყო მოსხმულ კილონი იგი გარემოსთა საყელესა მას განუხსნელად.

24

და ქმნეს ნივთსა მას ქუმეჯაკისასა ქუემო კერძო, ვითარცა ყვავილი ბროწეულისაჲ ბროწეულაკები იაკინთოჲსაგან, ძოწეულისა, და მეწამულისაგან სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.

25

და ქმნეს ეჟუნები ოქროჲსაჲ წმიდისა ფესუებსა მას მის ქუმენჯაკისასა გარემო.

26

შორის ბროწეულაკთა მათ ეჟუანი ოქროჲსა, ბროწეული გარემო ფესუებსა მას ქუმენჯაკისასა სამსახურებლად, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

27

და ქმნეს პალეგავტი ზეზისა ქმნულ ქსოილი აჰრონისათჳს ძეთა მისთა.

28

ნაფერტები ზეზისა ძახილისა და ვარშამანგები ზეზისა.

29

და სარტყელები მათი ზეზისაგან, და ძოწეულისა, და იაკინთესა და მეწამულისა სთულისა ქმნულად ჭრელებულად ყვავილის სახედ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

30

და ქმნეს განჭედილი იგი ოქროჲსაგან რჩეულისა და გამოწერა მას ზედა წიგნი გამოდგმით ბეჭდის სახედ სიწმიდისა უფლისა.

31

და გამოჰკიდა მას სთული იაკინთისა, რათა იყოს ზედა კერძო ვარშამაგსა მას, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

32

და აღესრულა ყოველივე საქმარი საქმე მის კარვისა საწამებელისა, რაოდენი უბრძანა უფალმან მოსეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ეგრეთ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ხოლო ნეშტი იგი ოქროჲ მის შეწირულისა ქმნეს ჭურჭელნი სამსახურებელისა მათისა წინაშე უფლისა.

33

და მოიღეს სამოსელი იგი მოსეს წინაშე და კარავი იგი, და ყოველი ჭურჭელი მისი, და მოქლონები, და ხარისხები მისი, და სვეტები, და კიდობანი იგი სჯულისა და აღსაპყრობელნი მისნი.

34

და მაშკები ტყავებისა იგი ვერძთასა ენდროჲსფერი და საბურველი იგი ტყავებისა მის იაკინთესა.

35

და კრეტსაბმელი, რომელ ჰფარვიდა კიდობანსა მას აღთქუმისასა, და უღელნი.

36

და ტაბლა იგი წინაშე დასაგებელი, და ყოველივე სასანოვაგე ჭურჭელი მისი, და პურნი შესაწირავთანი,

37

და სასანთლე იგი წმიდაჲ, და სანთელნი იგი მისნი და სანთელნი სანათობელნი, და ზეთი იგი ნათლისაჲ.

38

და საკურთხეველი ოქროჲსა, და ყოველი ჭურჭელი მისი, და ზეთი იგი ცხებისა, და საკმეველი შეზავებული.

39

და ტაბლა იგი სპილენძისა, და სალხინებელი მათი, და ყოველი ჭურჭელი მათი, და საბანელი და ხარისხი მათი.

40

41

სამოსელნი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, სამოსელნი სიწმიდისა, რომელ არიან აჰრონ მღდელთმოძღურისა, და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელონი.

42

ყოველივე, რაოდენი უბრძანა მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველივე მომზადება.

43

და იხილა მოსე ყოველივე იგი ქნული და იყო ქმნილ მსგავსად, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს, ეგრეთ მოექმნათ იგი. აკურთხნა იგინი მოსემ.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940