ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 25

1

ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2

უთხარი ისრაელიანებს, შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან, ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი.

3

აი, შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

4

ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლი, სელი და თხისური.

5

დათრიმლული ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები.

6

გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის.

7

სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.

8

გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.

9

როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.

10

გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.

11

ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.

12

ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს.

13

გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე.

14

კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს.

15

კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ.

16

ჩასდებ კიდობანში აღთქმას, რომელსაც მოგცემ.

17

გაუკეთებ სახურავს ხალასი ოქროსგან, სიგრძე ორნახევარი წყრთა იქნება, ერთნახევარი წყრთა - სიგანე.

18

ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ.

19

ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს - მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები.

20

თავსზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი; პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული, სახურავს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები.

21

ზემოდან დაადე სახურავი კიდობანს, ხოლო კიდობანში მოწმობა ჩადე, რომელსაც მე მოგცემ.

22

მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ.

23

გააკეთებ ტაბლას ურთხელისგან: სიგრძე ორი წყრთა იქნება, სიგანე - ერთი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.

24

წმიდა ოქროთი მოჭედავ მას და ირგვლივ ოქროს გვირგვინს შემოავლებ.

25

ერთი მტკაველი სიმაღლის კედელი გაუკეთე ირგვლივ და ოქროს გვირგვინი შემოავლე კედელს.

26

ოთხი ოქროს რგოლი გაუკეთე და ოთხსავე კიდეზე ოთხსავე ფეხთან მიუმაგრე.

27

კეტების გასაყრელად უნდა იყოს რგოლები კედლებზე, ტაბლის ტარება რომ შეიძლებოდეს.

28

გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე; მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა.

29

გააკეთე მისთვის თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი სამწდეოები; ხალასი ოქროსგან გააკეთე.

30

მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემს წინაშე დასადებელი პური.

31

გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.

32

ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი რტო ერთი მხრიდან, სასანთლის სამი რტო მეორე მხრიდან.

33

სამი ნუშისებური ჯამი ერთ რტოზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებური ჯამი მეორე რტოზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.

34

სასანთლის ღეროზე კი ოთხი ნუშისებური ჯამი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით.

35

ერთი კვირტი ორ რტოს ქვეშ, ერთი კვირტი კიდევ ორ რტოს ქვეშ, და ერთი კვირტიც კიდევ ორ რტოს ქვეშ, ექვსსავე რტოს ქვეშ, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.

36

მათი კვირტები და რტოები ერთიანი უნდა იყიოს. ერთიანად უნდა იყოს ნაჭედი მთლიანი ხალასი ოქროსაგან.

37

გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად.

38

მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან გააკეთე.

39

ერთი ქანქარი ხალასი ოქროსაგან გააკეთონ იგი მთელი ამ მოწყობილობითურთ.

40

იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.

1

და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:

2

არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიხუენით ჩემთჳს დასაბამნი ყოველთაგან ნაყოფთა, რომელთაცა სთნდეს გულსა, მიიხუენით დასაბამნი ჩემთჳს.

3

და ესე არს ნაყოფი, რომელი მიიღო მათგან: ოქროჲ, ვეცხლი, რვალი,

4

ჳაკინთი, პორფირი, ძოწეული ორკეცი, და ბისონი ძახილი და ბალანი თხათაჲ,

5

და ტყავნი მეწამულ-ქმნილნი და ტყავნი ჳაკინტინი და შეშანი ულპოლველნი,

6

ზეთი და სასაკუმევლე, ნელსაცხებელი და საკუმეველი,

7

და ქვანი სარდიონნი და ქვანი საწახნაგებელნი სამჴართათჳს და პოდირისაჲ.

8

და მიქმნე მე სიწმიდე და გეჩუენებოდი თქუენ შორის.

9

და მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი მე გიჩუენო შენ მთასა ზედა მაგალითი კარვისაჲ და მაგალითი ჭურჭელთა მისთაჲ.

10

ეგრეთ ჰქმნა. და ჰქმნა კიდობანი წამებისა ძელთაგან ულპოლველთა ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.

11

და ოქრომოსილ-ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ, ოქრომოსილ-ჰყო იგი და ჰყვნე თხზულნი ოქროჲსანი ქცეულნი გარემოჲს მისსა.

12

და განშჭედნე იგინი ოთხად ბეჭდად ოქროსად და დაჰსხნე ოთხთა კიდეთა ზედა ორნი ბეჭედნი ერთსა კიდესა ზედა და ორნი ბეჭედნი სხუასა კიდესა ზედა.

13

და ჰქმნე აღსაღებელნი ძელთაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა.

14

და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა შინა, რომელნი არიან კიდეთა ზედა კიდობნისათა აღებად კიდობნისა მათ მიერ.

15

ბეჭედთა შინა კიდობნისა მის აღთქმისათა იყვნენ აღსაღებელნი შეურრყეველ.

16

და შთაჰსხნე კიდობანსა შინა წამებანი, რომელნიცა მოგცნე შენ.

17

და ჰქმნა სალხინებელი ზედა დასადებელი ოქროჲსა წმიდსაჲ ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე მისი და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი.

18

და ჰქმნე ორნი ქერობინნი ოქროჲსანი წახნაგებულნი და დაჰსხნე იგინი ორკერძოთაგანვე კიდეთა სალხინებელისათა.

19

და იქმნნენ ქერობინი ერთი კიდისა ამისგან და ქერობინი ერთი კიდისაგან მეორისა სალხინებელისა მის.

20

და ჰქმნნე ორნი ქერობინნი ორთა ზედა კიდეთა მისთა, იყვნენ ქერობინნი განმპყრობელნი ფრთეთანი ზედა კერძო მაგრილობელნი ფრთეებითა მათითა სალხინებელსა ზედა და პირნი მათნი ურთიერთას მიმართ სალხინებელისა მიმართ, იყვნენ პირნი ქერობინთანი. და დასდვა სალხინებელისა კიდობანსა ზედა ზენათ.

21

და კიდობანსა შინა დაჰსხნე საიდუმლონი, რომელნიცა მიგცნე შენ.

22

და გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზენა კერძოჲთ, სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა, ყოველთა მათებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.

23

და ჰქმნე ტაბლაჲ ძელთაგან ულპოლველისა ორი წყრთა სიგრძით და წყრთაჲ სივრცით და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.

24

და აქმნნე მას კიდენი ოქროჲსა წმიდისანი თხზვით გარემო.

25

და აქმნე მას გჳრგჳნი ოთხგოჯეული გარემოჲს და აქმნე ქუეით თხზული გარემოჲს გჳრგჳნისა.

26

და აქმნე მას ოთხნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაასხნე ბეჭედნი იგი ოთხთა ზედა კერძოთა ფერჴთა მისთასა.

27

გჳრგჳნსა ქუეშე, და იყვნენ ბეჭედნი იგი შესაცუმელად აღსაღებელთა მათ, რათა აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.

28

და ჰქმნნე აღსაღებელნი იგი ძელთაგან ულპოლველთა და ოქროჲთა, მოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა წმიდითა და აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.

29

და ჰქმნე პინაკები მისი და ფიალები და ტაკუკები და ბარძიმები და შთასაყოფელები, რომლითა შესწირვიდე მათ მიერ, ოქროჲსაგან წმიდისა ჰქმნნე იგინი.

30

დააგნე ტაბლასა ზედა პურნი საწინაშონი წინაშე ჩემსა მარადის.

31

და ჰქმნე სასანთლე ოქროჲსაგან წმიდისა, წახნაგებულად ჰქმნე სასანთლე. ღერი მისი და ლელწმის სახენი და ტაკუკნი და ბირთჳს სახენი და შროშანნი მისგან იყვნენ.

32

და ექუსნი ლელწმის სახენი გამოვიდოდინ გუერდთაგან: სამნი ლელწმის სახენი სასანთლისანი გუერდისაგან მისისა ერთისა და სამნი ლელწმის სახენი გუერდისაგან მეორისა.

33

და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა, ესრეთ ექუსთა ლელწმის სახეთა გამომავალთა სასანთლისაგან.

34

და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი ბირთჳს სახენი და შროშანნი მისნი.

35

ბირთჳს სახე ქუეშე: ორთა ლელწმის სახეთა მისგან და ბირთჳს სახე ქუეშე ორთა ლელწმის სახეთა მისგან, ესრეთ ექუსნი ლელწმის სახენი გამომავალნი სასანთლისაგან.

36

ბირთჳს სახენი და ლელწმის სახენი მისგან იყვნენ ყოველი წახნაგებული, ერთისაგან ოქროჲსა წმიდისა.

37

და ჰქმნე სასანთლენი მისნი შჳდნი და ზედა დაჰსხნე სანთელნი მისნი და ნათობდენ ერთისაგან პირისა.

38

და მოსაყოფელი მისი და ქუეშე შესადგმელი მისი ოქროჲსაგან წმიდისა.

39

ტალანტისაგან ოქროჲსა წმიდისა ჰქმნნე ყოველნი ესე ჭურჭელნი.

40

იხილე, ჰქმნე წესისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940