გამოსვლა, თავი 19
ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს.
დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი.
ავიდა ღმერთთან მოსე და მთიდან ჩამოსძახა მას უფალმა: ასე უთხარი იაკობის სახლს და ამცნე ისრაელიანებს:
თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ.
ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.
მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა.
ერთხმად მიუგო ერმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა. წაუღო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ.
განემზადონ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და ნუ მიეკარებით მის კალთებს; ვინც კი მთას მიეკარება, ვერ გადაურჩება სიკვდილს.
ხელი არავინ მიაკაროს მას, რადგან ჩაიქოლება იგი, ან შუბით განიგმირება; გინა პირუტყვი იყოს, გინა კაცი, არავინ გადარჩება ცოცხალი. როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მთაზე ასვლა.
ჩამოვიდა მოსე მთიდან და განწმიდა ხალხი; გაირეცხეს მათ სამოსელი.
უთხრა ხალხს: ზეგისათვის გაემზადეთ, დედაკაცს არ მიეკაროთ.
მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და დადგნენ მთის ძირას.
ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე.
უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.
მღვდელმსახურნიც, რომელნიც მოეახლებიან უფალს, უნდა განიწმიდონ, რომ არ გაწყვიტოს ისინი უფალმა.
უთხრა მოსემ უფალს: ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაფრთხილებული გყავართ, საზღვარი შემოავლე მთას და განწმიდეო იგი.
უთხრა მას უფალმა: ჩადი და ამოიყვანე აარონი; მღვდელმსახურნი და ხალხი ნუ ეცდებიან უფალთან ამოსვლას, რომ არ გაწყვიტოს ისინი.
ჩავიდა მოსე ხალხთან და უთხრა ყველაფერი.
და თთუესა მესამესა გამოსლვისა ძეთა ისრაელისათასა ქუეყანით ეგჳპტით, ამას დღესა მოვიდეს უდაბნოდ სინად.
და იტრნეს რაფიდინით და მოვიდეს უდაბნოდ სინაჲსა და დაიბანაკა მუნ ისრაჱლმან წინაშე მთისა.
და მოსე აღვიდა მთასა ღმრთისასა და უწოდა მას ღმერთმან მთით გამომეტყუელმან: ესე ჰრქუენ სახლსა იაკობისასა, მიუთხრენ ძეთა ისრაჱლისათა.
თჳთ იხილენით, რაოდენნი უყვენ მეგჳპტელია და აღგიხუენ თქუენ ვითარცა ფრთეთა ზედა არწივისათა და შემოგკრიბენ თქუენ თავისა მიმართ ჩემისა.
და აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმაჲ ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპუროჲ ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანაჲ.
ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფოჲ მღდელობაჲ, ნათესავ წმიდა. ესე სიტყუანი ჰრქუნე ძეთა ისრაჱლისათა.
ხოლო მოვიდა მოსე და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ერისათა და წინა დაუგნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი მიუმცნნა მათ ღმერთმან.
და მიუგო ყოველმან ერმან ერთბამად და თქუა: ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ. და მიაწინა მოსე სიტყუანი ერისანი ღმრთისა მიმართ.
ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე მოვალ შენდა სუეტითა ღრუბლისათა, რათა ესმას ერსა. ვიტყოდი მე შენდა მომართ და ჰრწმენეს შენი უკუნისამდე. და მიუთხრობდა მოსე სიტყუათა ერისათა უფალსა.
ხოლო უფალი ეტყოდა მოსეს: შთავედ და უწამე ერსა და განწმდენ იგინი დღეს და ხვალე და განირცხნენ სამოსელნი მათნი.
და იყვნენ მზა დღესა მესამესა, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოვიდეს უფალი მთასა ზედა სინასა წინაშე ყოვლისა ერისა.
და განაყენო ერი გარემოჲს მეტყუელმან: ეკრძალენით თავთა თქუენთა აღსლვად მთად და შეხებად რასმე მისსა. ყოველი, რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს.
არა შეეხოს მას ჴელი, რამეთუ ქვითა დაიქოლოს, ანუ სატყორცნითა განიშურდლოს, უკუეთუ საცხოვარი, უკუეთუ კაცი არა ცხოვნდეს, რაჟამს ჴმანი და საყჳრნი და ღრუბელი წარვიდენ მთით, მაშინ აღვიდენ იგინი მთად.
და შთამოვიდა მოსე მთით ერისა მომართ და განწმიდნა იგინი და განირსხნეს სამოსელნი მათნი.
და ჰრქუა ერსა: იყვენით მზა, სამთა დღეთა ნუ შეხუალთ დედაკაცისა.
ხოლო იყო მესამესა დღესა, იქმნა რაჲ ცისკარი, იქმნეს ჴმანი და ელვანი და ღრუბელი ალმურიანი მთასა ზედა სინასა, ჴმაჲ საყჳრისა ოხრიდა დიდად და შეშინდა ყოველი ერი ბანაკსა შინა.
განიყვანა მოსემან ერი შემთხუევად ღმრთისა გარეშე ბანაკისა და წარდგეს წინაშე მთისა.
ხოლო მთაჲ სინა მკმოლვარე იყო ყოვლად გარდამოსლვისათჳს ღმრთისა მას ზედა ცეცხლითა. და აღვიდოდა კუამლი ვითარცა კუამლი საჴუმილისა.
და განკჳრდა ყოველი ერი ფრიად და იყვნეს ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს, უძლიერეს იქმნებოდეს ფრიად და მოსე იტყოდა, ხოლო ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა.
და გარდამოვიდა უფალი მთასა ზედა სინასა, თხემსა ზედა მთისასა, და უწოდდა უფალი მოსეს მიმართ თხემსა ზედა მთისასა და აღვიდა მოსე.
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან: შთავედ, უწამე ერსა, ნუსადა მიეახლნენ ღმრთისა მიმართ განცდად მთასა ზედა და დაეცეს მათგანი სიმრავლე.
და მღდელნი, მახლობელნი უფლისა ღმრთისანი, წმიდა იყვნენ, ნუსადა მოაკუდინოს მათგან უფალმან.
და თქუა მოსე ღმრთისა მიმართ: ვერ შეუძლებს ერი აღმოსლვად მთასა სინასა, რამეთუ შენ მიწამე ჩუენ, მეტყუელმან, განაჩინე მთაჲ და წმიდა-ყავ იგი.
და ჰრქუა მას უფალმან: ვიდოდე, შთავედ და აღმოხჳდე შენ და აჰრონ შენ თანა, ხოლო მღდელნი და ერნი ნუ იიძულებიან აღსლვად ღმრთისა მიმართ, ნუსადა წარწყმიდოს მათგანი უფალმან.
ხოლო შთავიდა მოსე ერისა მიმართ და ჰრქუა მათ.