ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 14

1

ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2

უთხარი ისრაელიანებს, გაემართონ ფი-პეხიროთისკენ და დაიბანაკონ მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაალცაფონის წინ. მის გასწვრივ, ზღვასთან დაიბანაკეთ.

3

იფიქრებს ფარაონი ისრაელიანებზე, გზა აებნათო ამ ქვეყანაში, უდაბნომ მოიმწყვდიაო.

4

გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ; გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელს მის ჯარზე და მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ უფალი ვარ. ასეც მოიქცნენ.

5

ემცნო ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი. შეეცვალათ გუნება ფარაონს და მის მორჩილთ ამ ხალხზე და თქვეს: ეს რა ვქენით, რომ გავათავისუფლეთ ისრაელიანები ჩვენი მორჩილებისგან?

6

შეკაზმა ფარაონმა თავისი ეტლი და იახლა თავისი ხალხი.

7

წაიყვანა ექვსასი რჩეული ეტლი, ეგვიპტის ყველა ეტლი და მათი მეთაურები.

8

გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელიანებს. ხოლო ისრაელიანები მაღალი ხელის შემწეობით გადიოდნენ.

9

უკან დაედევნა მათ ეგვიპტე და მიეწივნენ ფი-პახიროთთან, ბაალ-ცაფონის გასწვრივ, ზღვის პირას დაბანაკებულთ ფარაონის ეტლები, მხედრები და ჯარი.

10

მოახლოვდა ფარაონი, გაიხედეს ისრაელიანებმა და, აჰა, მოსდევს მათ მთელი ეგვიპტე; ძლიერ შეეშინდათ და შეჰბღავლეს უფალს.

11

უთხრეს მოსეს: განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ? ეს რა გვიყავი, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?

12

განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვანებე თავი და დავემორჩილებით ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მორჩილებაში ყოფნა გვირჩევნია?

13

უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.

14

უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.

15

უთხრა უფალმა მოსეს: რას შემომბღავით? უთხარი, დაიძრან, ისრაელიანებს.

16

შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიან შუაგულ ზღვაში.

17

ხოლო მე გულს გავუსასტიკებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან. მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე.

18

მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მხედრებზე.

19

დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და უკან გაჰყვა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და უკან შეუდგა მათ.

20

ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის იყო ღრუბლად და წყვდიადად ეგვიპტელთათვის, ისრაელს კი ღამეს უნათებდა. მთელი ღამის მანძილზე არ მიახლოვებიან ერთმანეთს.

21

დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი.

22

მშრალად შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ.

23

დაედევნენ ეგვიპტელები, შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენები, მისი ეტლები და მხედრები.

24

დაჰხედა დილის სახმილავზე უფალმა ცეცხლისა და ღრუბლის სვეტიდან ეგვიპტელთა ბანაკს და არივ-დარია ეგვიპტელთა ბანაკი.

25

დააძრო ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: გავერიდოთ ისრაელს, რადგან მისი გულისთვის ებრძვის უფალი ეგვიპტელებს.

26

უთხრა უფალმა მოსეს: დააღირე ზღვას ხელი და მიიქცევა წყალი ეგვიპტელებისკენ, მათი ეტლებისა და მხედრობისკენ.

27

დააღირა ხელი ზღვას მოსემ და განთიადამდე მიიქცა ზღვა თავის ადგილას. უკან მიბრუნებული ეგვიპტელები მიაწყდნენ ზღვას და ჩაყარა ისინი უფალმა შუაგულ ზღვაში.

28

მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები დ ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა.

29

ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ.

30

იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის ნაპირზე.

31

იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მორჩილი მოსე.

1

და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან:

2

არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიქცენ და წყობა-ყონ წინაშე ეპავლეოჲსა საშუალ მაგდალოსა და საშუალ ზღუასა პირისპირ ბეელსეფონსა, და წინაშე მათსა წყობას-ჰყოფდე ზღუად მიმართ.

3

და თქუა ფარაო ძეთათჳს ისრაჱლისათა: მიმოსცთებიან ისინი ქუეყანასა შინა, რამეთუ გარე შეაქცევს მათ უდაბნო.

4

ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და დევნა-უყოს შემდგომად მათსა.

5

და მიეთხრა მეფესა მეგჳპტელთასა, ვითარმედ ივლტოდა ერი, და გარდაიქცა გული ფარაოსი და მსახურთა მისთა ერსა მას ზედა, და თქუეს: რაჲ-ესე ვყავთ განვლინებაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ არღარა მონებად ჩუენდა?

6

და შეაუღლნა ფარაო ეტლები თჳსნი და ყოველი ერი თჳსი წარიყუანა თავისა თჳსისა თანა და აღიხუნა ექუსასნი ეტლნი რჩეულნი და ყოველი ცხენი მეგჳპტელთა და სამმდგომნი ყოველთა ზედა.

7

8

და განაფიცხა უფალმან გული ფარაოსი მეფისა მეგჳპტელთასა, და დევნა-უყო შემდგომად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო ძენი ისრაჱლისანი განვიდოდეს ჴელითა მაღლითა.

9

და სდევდეს მეგჳპტელნი შემდგომად მათსა და პოვნეს იგინი დაბანაკებულნი ზღჳს კიდესა, და ყოველი ცხენი და ეტლები ფარაოსი და ცხენნი მათნი და ლაშქარი მისი წინაშე ეპავლეოსა პირისპირ ვეელსეფონსა.

10

და ფარაო წინა ვიდოდა და აღიხილნეს ძეთა ისრაჱლისათა თუალნი და იხილეს, და მეგჳპტელნი განწყობილ იყუნეს უკუანა მათსა, და შეეშინა ფრიად.

11

და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და ჰრქუეს მოსეს: არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა? რაჲ-ესე მიყავ ჩუენ გამოყვანებაჲ ჩუენი ეგჳპტით?

12

არა ესე სიტყუაჲ იყოა, რომელი ვთქუთ შენდა მიმართ ეგჳპტეს შინა, მეტყუელთა: მიტევენ ჩუენ, რათა ვჰმონებდეთ მეგჳპტელთა? რამეთუ უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ მეგჳპტელთაჲ ვიდრე სიკუდილი უდაბნოსა ამას შინა.

13

და თქუა მოსე ერისა მიმართ: მინდობილ იყუენით, დეგით და იხილოთ მაცხოვარებაჲ უფლისამიერი, რომელი გიყოს თქუენ დღეს, რამეთუ ვითარ სახედ იხილენით მეგჳპტელნი დღეს, არღა შესძინოთ მერმე ხილვად მათდა საუკუნესა ამსა.

14

უფალი ებრძოლოს თქუენ წილ, და თქუენ დუმენით.

15

ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ? არქუ ძეთა ისრაჱლისათა, და აღეგნენ.

16

და შენ აღიღე კუერთხი შენი და განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა და განაღე იგი, და შევიდენ ძენი ისრაჱლისანი საშუალ ზღუასა ვითარცა ჴმელსა.

17

და აჰა, მე განვაფიცხო გული ფარაოსი და მეგჳპტელთა ყოველთა და შევიდენ შემდგომად მათსა და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა მჴედრობასა მისსა ზედა და ეტლთა მისთა ზედა და ცხენთა მისთა ზედა.

18

რათა გულისხმა-ყონ ყოველთა მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი ვიდიდო ფარაოს ზედა და ეტლებსა მისსა და ჰუნებსა ზედა მისსა.

19

ხოლო აღიძრა ანგელოზი იგი წინამავალი ბანაკისა ძეთა ისრაჱლისათასა და ვიდოდა უკუანაგან, და აღიძრა სუეტიცა ღრუბლისა პირისაგან მათისა და დადგა უკუანაგან მათსა.

20

და შევიდა საშუვალ ბანაკსა მეგჳპტელთასა და საშუვალ ძეთა ისრაჱლისათასა და იყო ალმური და ბნელი, და წარჴდა ღამე, და არა აღერინეს ურთიერთას ყოველსა მის ღამესა.

21

ხოლო განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზღუასა ზედა, და მოაწია უფალმან ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღუასა ზედა და ყო ზღუაჲ იგი ჴმელ, და განიპო წყალი.

22

და შევიდეს ძენი ისრაჱლისანი შორის ზღუასა ჴმელებრ, და წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით.

23

ხოლო სდევდეს მეგჳპტელნი და შევიდეს შემდგომად მათსა, ყოველი ჰუნე ფარაოსი და ეტლები და მჴედრები შუა ზღჳსასა.

24

და იყო საჴუმილავსა განთიადისასა და მიჰხედა უფალმან ბანაკსა მეგჳპტელთასა სუეტითა ცეცხლისა და ღრუბლისათა და განაწყო ბანაკი მეგჳპტელთაჲ.

25

და შეუკრა ღერძები ეტლებისა მათისა და მოჰყუანდეს იგინი იძულებით და თქუეს მეგჳპტელთა: ვევლტოდით პირისაგან ისრაჱლისა, რამეთუ უფალი ჰბრძავს მათ წილ მეგჳპტელთა.

26

და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგენ წყალი, და დაფარნეს მეგჳპტელნი ეტლებსა ზედა და მჴედრებსა ზედა.

27

და განირთხა მოსე ჴელი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგო წყალი იგი დღეულად ადგილსა მასვე ზედა, ხოლო მეგჳპტელნი ივლტოდეს წყალსა ზედა, და შთაყარნა უფალმან მეგჳპტელნი შუა ზღუასა.

28

და მოაქცია წყალმან და დაფარნა ეტლნი და მჴედარნი და ყოველი ძალი ფარაოსი შესრული შემდგომად მათსა ზღუად, და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.

29

ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა, და იყო წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით.

30

და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელისაგან მეგჳპტელთასა.

31

და იხილნა ისრაჱლმან მეგჳპტელნი მომწყუდარნი კიდესა თანა ზღჳსასა, ხოლო იხილა ისრაჱლმან ჴელი დიდი, რომელი უყო უფალმან მეგჳპტელთა. და შეეშინა ერსა უფლისა და ჰრწმენა ღმრთისა და მოსესი, მსახურისა მისისა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940