გამოსვლა, თავი 21
აჰა, კანონები, რომლებიც უნდა დაუდგინო მათ:
თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს.
თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს.
თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო,
მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ.
თუ კაცი ვინმე მხევლად გაყიდის თავის ქალიშვილს, ყმასავით არ უნდა წავიდეს იგი.
თუ თვალში არ მოუვიდა პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, თავი მაინც გამოასყიდვინოს; უფლება არა აქვს, უცხოს მიჰყიდოს, რადგან პირი უშალა.
თუ თავის ვაჟიშვილზე დანიშნავს, როგორც ქალიშვილს, ისე უნდა მოექცეს.
თუ სხვა ქალს შერთავს მას, საკვების, სამოსელის და სარეცელის უფლება არ უნდა წაერთვას.
თუ ამ სამი რამით არ უზრუნველჰყო, ქალს შეუძლია გამოსასყიდის გარეშე წავიდეს.
თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, თავადაც უნდა მოკვდეს.
თუ განზრახვა არ ჰქონია და ღმერთმა შეამთხვია, მე დავუნიშნავ ადგილს, სადაც უნდა შეაფაროს თავი.
თუ კაცს თვისტომის ჯავრი სჭირდა და მზაკვრულად მოკლა იგი, ჩემი სამსხვერპლოდან წაიყვანე მოსაკლავად.
ვინც ხელს შემოჰკრავს თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
თუ კაცები ერთმანეთს წაეკიდნენ, ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი დაჰკრა, კაცი გადარჩა, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
მერე თუ ფეხზე წამოდგა და ჯოხით გარეთ სიარული შეძლო, მისი მცემელი არ დაისჯება; მხოლოდ გაცდენილ დროს აუნაზღაურებს და უმკურნალებს.
თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს.
ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი.
თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ.
თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ.
თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.
დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ.
თუ კაცი თვის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, თვალის წილ უნდა გაათავისუფლოს.
თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, კბილის წილ უნდა გაათავისუფლოს.
თუ ხარი კაცს ან ქალს ურქენს და მოკლავს, ხარი უნდა ჩაიქოლოს; მისი ხორცი არ იჭმება; ხარის პატრონი უბრალოა.
თუ ხარი გუშინ და გუშინწინაც მორქენალი იყო და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დააბა და ხარმა მოკლა კაცი ან ქალი, უნდა ჩაიქოლოს და მისი პატრონიც უნდა მოკვდეს.
თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გადაიხადოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ.
თუ ვაჟიშვილს ურქენს, ან ქალიშვილს ურქენს, ამ კანონის მიხედვით მოექცნენ.
თუ ყმას ურქენს ხარი ან მხევალს, ოცდაათი შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ პატრონს, ხარი კი ჩაქოლონ.
თუ კაცი ვინმე თავს ახდის ორმოს ან თუ ამოიღებს ორმოს და არ გადახურავს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდება,
ორმოს პატრონმა ვერცხლით უნდა აუნაზღაუროს საქონლის პატრონს; მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩება.
თუ ვინმეს ხარი მეზობლის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და მისი ფასი თანასწორად გაინაწილონ; მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ.
თუ ხარი ადრეც მორქენალი იყო და პატრონს დაბმული არ ჰყავდა, ხარის წილ ხარი უნდა უზღოს; მევდარი კი მას დარჩეს.
თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ ხუთი ხარი და ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს.
და ესე აღრიცხვაჲ სამართალთა ჩემთა წინაშე მათსა.
უკუეთუ მოიგო მონაჲ ებრაელი, ექუს წელ გმონებდეს შენ, ხოლო მეშჳდესა წელსა განვიდეს თავისუფალი ნიჭითა.
ხოლო უკუეთუ თჳთ მხოლოჲ შემოვიდეს, მხოლოცა განვიდეს. ხოლო უკუეთუ ცოლი შემოვიდეს მის თანა, ცოლიცა განვიდეს მის თანა.
ხოლო უკუეთუ უფალმან მისმან უსუას მას ცოლი და უშვნეს მას ძენი, ანუ ასულნი, ცოლი და შჳლნი იყვნედ უფლისა მათისად და იგი მხოლოჲ განვიდეს.
ხოლო უკუეთუ მიუგოს და ჰრქუას მონამან: შევიყუარე უფალი ჩემი და ცოლი ჩემი და შვილნი ჩემნი და არა განვალ თავისუფალი.
მიიყუანოს იგი უფალმან მისმან სამშჯავროსა ღმრთისასა და მერმე მიიყუანოს იგი კარად ზღურბლსა თანა და განუჴურიტოს მას უფალმან მისმან ყური სადგისითა და ჰმონებდეს მას უკუნისამდე.
უკუეთუ ვინმე მისცეს ასული თჳსი მონასა, არა განვიდეს, ვითარცა განვლენ მჴევალნი.
ხოლო უკუეთუ არა სათნო-იყოს უფლისა თჳსისა, რომელი არა აღიარა მან წინაშე თუალთა, გამოიჴსნას იგი, ხოლო წარმართისა უცხოჲსა არა უფალ არს განსყიდისა მისისა, რამეთუ შეურაცხ-ყო იგი.
ხოლო უკუეთუ ძედ აღიაროს იგი, სამართალთაებრ ასულთასა უყოს მას.
და უკუეთუ სხუაჲ მიიყვანოს მან, სათანადოთაგან და შესამოსლისა და ზრახვისა მისისა არა დააკლოს იგი.
ხოლო უკუეთუ სამნი ესე არა ყვნეს მან, განვიდეს იგი ცუდად თჳნიერ ვეცხლისა.
ხოლო უკუეთუ სცეს ვინმე ვისმე და მოკუდეს, იგიცა მოკუედინ.
ხოლო რომელმან არა ნებსით, არამედ ღმერთმან მისცა იგი ჴელთა მისთა. მისცე ადგილი, რომელსა მიივლტოდის მუნ კაცისმკულელი იგი.
ხოლო უკუეთუ ვინმე ზედა დაესხას მოყუასსა მოკლვად მისა ზაკვითა და მოივლტოდის იგი საკურთხეველისა მიმართ ჩემისა, გამოიყვანო იგი მოკლვად.
რომელმან სცეს მამასა თჳსსა, ანუ დედასა, სიკუდილით მოკუდეს.
რომელმან მოჰპაროს ვისმე რაჲმე ძეთა ისრაჱლისათაგანსა და ჰმძლავროს მას მიხუეჭად და იპოოს მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.
ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს.
უკუეთუ ილალებოდინ ორნი მამაკაცნი და სცეს ვინმე მოყუასსა ქვითა, ანუ მჯიღითა და არა მოკუდეს, გარნა დავარდესვე ცხედარსა ზედა.
უკუეთუ აღდგეს კაცი იგი და ვიდოდეს გარე კუერთხითა, უბრალო იყოს მცემელი იგი, გარნა უქმებისათჳს მისისა მიაგოს მისდა კურნებისაჲ.
ხოლო უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თჳსსა, ანუ მჴევალსა კუერთხითა და მოკუდეს ჴელთა მიერ მისთა, პატიჟი მიეჴადოს,
ხოლო უკუეთუ იცხორებოდისღა დღე ერთი, ანუ ორი, არა მიეჴადოს, რამეთუ ვეცხლი მისი არს.
უკუეთუ ვინმე იბრძოდინ ორნი კაცნი და დასცეს დედაკაცი მუცელქუმული და განვიდეს ყრმაჲ მისი დაუხატველი, ზღვევით იზღვიოს, ვითარცა ინებოს ქმარმან მის დედაკაცისამან და მისცეს პატივისა თანა.
ხოლო უკუეთუ დახატული იყოს, მისცეს სული ნაცულად სულისა,
თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა, ჴელი - ნაცულად ჴელისა, ფერჴი - ნაცულად ფერჴისა.
დამწუარი - ნაცულად დამწურისა, წყლული - ნაცულად წყლულისა, ნაგუემი - ნაცულად ნაგუემისა.
უკუეთუ ვინმე სცეს თუალსა მონისა ანუ მჴევლისა თჳსისასა და დააბრმოს, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად თუალთა მათთა.
უკუეთუ კბილი მონისა ანუ კბილი მჴევლისა თჳსისა აღმოჰფხურას, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად კბილისა მათისა.
უკუეთუ ურქინოს კურომან მამაკაცსა ანუ დედაკაცსა და მოკუდეს, ქვა-დაკრებულ იქმნეს კუროჲ და არა იჭამოს ჴორცი მისი, ხოლო უფალი კუროსა უბრალო იყოს.
ხოლო უკუეთუ კურო მრქენალი იყოს უწინარეს გუშინდლისა და უწინარეს ძოღანდლითგან, და უწამებდენ უფალსა მისსა და არა უჩინო-ყოს იგი, ხოლო მოკლას მამაკაცი, ანუ დედაკაცი, კუროჲ ქჳთა განიტჳნოს და უფალი მისი თანა მოკუდეს.
ხოლო უკეთუ საჴსარი იგი ზედა ესვას მას, მისცეს საჴსარი სულისა მისისა ყოველთაებრ, რაოდენნი ზედა დაჰსხნენ მას.
ხოლო უკუეთუ ძესა ურქინოს, ანუ ასულსა, სამართლისა ამისებრ უყონ მას.
ხოლო უკუეთუ მონაჲ დარქინოს კურომან, ანუ მჴევალი, ოცდაათისა ვეცხლისა დიდრაქმაჲ მისცეს უფალსა მათსა და კუროჲ ქჳთა განიტჳნოს.
უკუეთუ ვინმე განაღოს ჯურღმული, ანუ აღმოჰკუეთოს ჯურღმული და არა დაბუროს იგი და შთავარდეს მას შინა ზუარაკი, ანუ ვირი,
უფალმან ჯურღმულისამან გარდაიჴადოს: ვეცხლი მისცეს უფალსა მათსა, ხოლო მკუდარი მისი იყოს.
უკუეთუ ურქინოს კურომან ვისმანმე კუროსა მეზობლისასა და მოკუდეს, განსცეს კუროჲ იგი ცოცხალი და განიყონ ვეცხლი მისი და მომკუდარი იგიცა კუროჲ განიყონ.
ხოლო უკუეთუ ცნობილ იყოს, ვითარმედ მრქენალი არს პირველ გუშინდლისა და პირველ ძოღანდლისა და ეწამოს უფლისა მისისადა და არა უჩინო-ეყოს მას, მისცეს კუროჲ ნაცვლად კუროჲსა უფალსა მისსა, ანუ მისცეს ვეცხლი ნაცვლად კუროჲსა, ხოლო მომკუდარი იგი მისდა იყოს.