ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 27

1

გააკეთე სამსხვერპლო ურთხელისგან, ხუთი წყრთა ჰქონდეს სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე. ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე.

2

გაუკეთე რქები ოთხსავე კუთხეში; კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს რქები. სპილენძით მოჭედე ისინი.

3

გაუკეთე ქვაბები ნაცრისთვის, ნიჩბები, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა იარაღი სპილენძისგან გააკეთე.

4

გაუკეთე ბადისებური ცხაური სპილენძისაგან; გაუკეთე ბადეს სპილენძის ოთხი რგოლი ოთხსავე კუთხეში.

5

ქვეშიდან შეუდგი იგი სამსხვერპლოს. ბადე სამსხვერპლოს შუამდე უნდა სწვდებოდეს.

6

გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, ურთხელის კეტები, და სპილენძით მოჭედე.

7

რგოლებში გაუყარე კეტები; სამსხვერპლოს ორივე მხარეს იყოს კეტები მის სატარებლად.

8

ღრუ გააკეთე იგი, ფიცრებისგან; როგორც მთაზე გეჩვენა, ისე გააკეთონ.

9

ეზო გაუკეთე სავანეს; სამხრეთ მხარეს ფარდები ჰქონდეს ეზოს გრეხილი სელისგან, ასი წყრთა სიგრძისა ერთ მხარეს.

10

ოცი სვეტი და ოცი მისი კვარცხლბეკი სპილენძისა; სვეტების კავები და მათი სამაგრები ვერცხლისა.

11

ასევე ჩრდილოეთ მხარეს მთელს სიგრძეზე ასი წყრთა სიგრძის ფარდა და ოცი სვეტი ოცი სპილენძის კვარცხლბეკითურთ, სვეტების კავები და მისი სამაგრები ვერცხლისა.

12

ეზოს სიგანეზე დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა სიგრძის ფარდები; და ათი სვეტი მისი ათი კვარცხლბეკითურთ.

13

ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს ათი წყრთა ფარდა.

14

თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი ფრთისთვის და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ.

15

მეორე ფრთისთვის თხუთმეტი ფარდა და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ.

16

ეზოს კარისთვის ჩამოსაფარებელი ოცი წყრთა ლურჯი, ძოწისფერი ქსოვილისაგან და გრეხილი სელისაგან მოქარგული; ოთხი სვეტი ოთხი კვარცხლბეკითურთ.

17

ეზოს ყველა სვეტს ირგვლივ ვერცხლის სამაგრები უნდა ჰქონდეს; კავები - ვერცხლის, ხოლო კვარცხლბეკები - სპილენძის.

18

ეზოს სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები გრეხილი სელისა, კვარცხლბეკები სპილენძისა.

19

სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ, ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო სპილენძის უნდა იყოს.

20

უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.

21

სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში.

1

და ჰქმნე საკურთხეველი ძელთაგან ულპოლველთა ხუთ წყრთა სიგრძე და ხუთ წყრთა სივრცე მისი, მოთხვითი იყოს საკურთხეველი იგი და სამი წყრთა სიმაღლე მისი.

2

და უქმნნე რქანი ოთხთა კიდეთა მისთა. მისგანვე იყვნენ რქანი მისნი და დაჰფარნე იგინი რვალითა.

3

და უქმნნე გჳრგჳნი საკურთხეველსა, დასაბურავი მისი და ფიალები მისი და ფუცხუები მისი და საცეცხური მისი და ყოველი ჭურჭელი მისი ჰქმნე რვალისა.

4

და უქმნე ლანძჳ ბადის სახე რვალისაჲ და აქმნე ლანძუსა ოთხნი ბეჭედნი რვალისანი ოთხთა კიდეთა მისთა.

5

და შემოუდრიკნე იგინი ლანძუსა მას საკურთხეველისასა ქუეშე კერძო, ხოლო იყოს ლანძჳ იგი ვიდრე ნახევრადმდე საკურთხეველისა.

6

და უქმნე აღსაღებელი საკურთხეველსა მას ძელთაგან ულპოლველთა და გარე შეჰრვალნე იგინი რვალითა.

7

და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა მათ და იყვნენ აღსაღებელნი იგი ორთავე გუერდთა საკურთხეველისათა აღსაღებელად მისსა.

8

გრძელოვნად ფიცრედად ჰქმნე იგი ჩუენებულისაებრ შენდა მთასა ზედა, ეგრეთ ჰქმნნე.

9

და ჰქმნე ეზოჲ ტაძრისა კერძოჲსაჲ სამხრად მიმართსა, კრეტსაბმელი ეზოჲსაჲ ბისონისგან ძახილისა, სიგრძე - ასი წყრთაჲ ერთისა მის მომრგულებისაჲ.

10

და სუეტნი მათნი ოცნი და ხარისხნი მათნი - ოცნი რვალისანი და კარშიკნი მათნი და მარწუხნი მათნი - ვეცხლისანი.

11

ეგრეთვე კერძოსა აღმოსავლად მიმართსა - კრეტსაბმელი, ასი წყრთა სიგრძით და სუეტნი მისნი ოცნი - რვალისანი და ხარისხნი მისნი ოცნი - რვალისანი და კარშიკნი მისნი და მარწუხნი სუეტთანი და ხარსხნი - გარემოვეცხლულ ვეცხლითა.

12

ხოლო სივრცე ეზოჲსა ზღჳთ კერძოჲსა - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მისნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ.

13

ხოლო სივრცე ეზოჲსა ჩრდილო კერძოჲსაჲ - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მათნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ.

14

და ათხუთმეტი წყრთაჲ - სიმაღლე კრეტსაბმელთა ერთისა მის კერძოჲსათა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ.

15

და მეორისა კერძოჲსა - ათხუთმეტი წყრთაჲ სიმაღლე კრეტსაბმელთა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ.

16

და ბჭესა მას ეზოჲსასა საბურველი - ოცი წყრთაჲ სიმაღლით ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ჭრელად ნემსულისა სუეტნი მისნი - ოთხ და ხარისხნი მისნი - ოთხ.

17

ყოველნი სუეტნი ეზოჲსანი გარემოჲს - რვალისანი და მოვეცხლილნი ვეცხლითა, სუეტის თავნი მათნი - ვეცხლისანი და ხარისხნი მაინი - რვალისანი.

18

ხოლო სიგრძე ეზოჲსა - ასი ასსა თანა და სივრცე - ერგასისი ერგასისსა თანა, და სიმაღლე - ხუთ წყრთა ბისონისაგან გრეხილისა და ხარისხნი მათნი რვალისანი.

19

და ყოველი სამზადისი კარვისა და ყოველნი ჭურჭელნი და მანანი მის ეზოჲსანი - რვალისანი.

20

და შენ ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე ზეთი ზეთთაგან უთხლეო, წმიდა, წურვილი სანთებლად, რათა მარადის ენთებოდის სასანთლე.

21

კარავსა შინა წამებისასა გარეშე კრეტსაბმელსა ზედა კერძოსა აღთქუმისასა ანთებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან ვიდრე განთიადადმდე წინაშე უფლისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შინა თქუენსა ძეთა მიერ ისრაჱლისათა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940