გამოსვლა, თავი 2
წავიდა ლევის ტომის კაცი და ითხოვა ცოლად ასული ლევის ტომიდან.
დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი; დაინახა, რომ კარგი იყო, და სამ თვეს მალავდა.
როცა დამალვა ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კიდობანი, შეგოზა ფისითა და კუპრით, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში ნილოსის ნაპირას.
ხოლო ბავშვის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოუვიდოდა.
ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მხევლები კი ნილოსის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ლელიანში კიდობანი. გაგზავნა მხევალი და მოატანინა.
გახსნა და ნახა შიგ ბავშვი; აჰა, ტირის ბიჭი, შეეცოდა და თქვა ებრაელის ბავშვი იქნება.
უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: ხომ არ წავიდე და ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად? ძუძუს მოგიწოვებს მაგ ბავშვს.
უთხრა ფარაონის ასულმა: წადი. წავიდა ყმაწვილი ქალი და დაუძახა ბავშვის დედას.
უთხრა მას ფარაონის ასულმა: წაიყვანე ეს ბაეშვი და ძუძუ მიწოვე; გასამრჯელოს მოგცემ. წაიყვანა ქალმა ბავშვი და აწოვებდა ძუძუს.
წამოიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა, და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: რადგან წყლიდან მყავს ამოყვანილი.
როცა გაიზარდა მოსე, მივიდა თვისტომებთან და ნახა მათი მძიმე შრომა. ხედავს, სცემს ეგვიპტელი კაცი ერთ ებრაელს, მის თვისტომთაგანს.
მიიხედ-მოიხედა და როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.
გამოვიდა მეორე დღეს და ხედავს, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა დამნაშავეს: რად სცემ შენიანს?
მიუგო: ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი? შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულა ამბავი.
შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან.
შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად.
მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოესარჩლა მათ, დაურწყულა კიდეც ფარა.
მივიდნენ ქალები რეღუელთან, თავიანთ მამასთან. უთხრა მამამ: რატომ მოხვედით დღეს ასე ადრე?
უთხრეს: ერთმა ეგვიპტელმა კაცმა მწყემსებისგან დაგვიცვა, წყალიც ამოგვიღო და ფარაც დაგვირწყულა.
უთხრა თავის ასულებს: სად არის? რატომ მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ.
გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა, და მიათხოვა კაცმა მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად.
შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში.
გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი.
ხოლო იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან გამოიყუანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად.
მუცლად-იღო და შვა მან წული, ვითარცა იხილა იგი მკჳრცხედ, მალვიდეს მას სამ თუე.
და ვითარ-იგი ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან მისმან კიდობნაკი და მოფისა იგი და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას შინა და დადგა იგი შამბსა შინა მდინარის, კიდესა მას.
და ხედვიდა დაჲ მისი შორით, რათა უწყოდის, რაჲძი შეემთხჳოს მას.
შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და შიმუნვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა კიდობანი იგი შამბისა შორის და მიავლინა შიმუნვარი თჳსი და მოიღო იგი.
აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა კიდობანსა მას შინა და განარინა ასულმან ფარაოსმან და თქუა: ყრმათაგანი ებრაელთასა არს ესე.
ჰრქუა ასულსა ფარაოსსა დამან მის ყრმისამან: გნებავს, მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?
ხოლო ასულმან ფარაოსმან ჰრქუა: წარვედ, უწოდე. წარვიდა ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა.
და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე მე ყრმაჲ ესე, აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და აწოებდა მას და, ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, შეჰგუარა იგი ასულსაა ფარაოსსა.
და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე ეგე.
და იყო, დღეთა მრავალთა განჰმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა. და იხილა კაცი ეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათაგან მისთა, ძეთა ისრაჱლისაგანისა.
მიიხილა აქა და იქი და არა ვინ იხილა, მოკლა ეგჳპტელი იგი და დაფლა ქჳშასა შინა.
ხოლო გამო-რა-ვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, იბრძოდეს და ჰრქუა: რომელ-იგი ავსებდა მოყუასსა თჳსსა, რაჲსათჳს, სცემ შენ მოყუასსა თჳსსა?
ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ ეგჳპტელი იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?
ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს, წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსსა და დაემკჳდრა ქუეყანასა მადიამისასა, და მოვიდა იგი ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა ჯურღმულსა ზედა.
ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს ცხოვართა მამისა მათისა იოთორისთა, ვითარცა მოვიდეს, აღმოავსებდეს, წყალსა, ვიდრემდე აღავსეს ისარნები იგი, რათა ასუან ცხოვართა მამისა მათისათა.
მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი, აღდგა მოსე და განარინნა იგინი და აღმოასხა წყალი და ასუა ცხოვარსა მათსა.
და შევიდეს იგინი რაგოელ, მამისა მათისა, ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად დღეს?
და მათ ჰრქუეს: კაცმან მეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და მივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა.
ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსათჳს დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას, რათა ჭამოს პური.
და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა, ასული თჳსი, მოსეს ცოლად.
მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე და სახელი უწოდა მას გერსამ და, თქუა: რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა, ხოლო სახელი მეორისა მის უწოდა ელიეზერ და თქუა: ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და მიჴსნა მე ჴელთაგან ფარაოჲსთა.
შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტელთა და სულთ-ითქუმიდეს ძენი ისრაჱლისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღადადებდეს.
და მიიწია ღაღადებაჲ მათი წინაშე ღმრთისა და შეისმინა სულთქუმანი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამის მიმართ, ისაკ და იაკობისა.
და მოხედნა ღმერთმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.