ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 17

1

დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა.

2

შესჩიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა: მოგვეცით სასმელი წყალი! უთხრა მათ მოსემ: რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს?

3

ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?

4

ასე შეჰღაღადა მოსემ. უფალს: რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.

5

უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიარე ხალხის წინ, და თან ისრაელის უხუცესთაგანნი იახლე; ხელში გეჭიროს კვერთხი, რომელსაც სცემდი ნილოსს, და იარე.

6

მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.

7

უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა ისრაელიანთა შუღლის გამო და იმის გამო, რომ უფალი გამოცადეს, როცა თქვეს: არის თუ არა ჩვენს შორის უფალი?

8

მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.

9

უთხრა მოსემ იესოს: გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში.

10

ისე მოიქცა იესო, როგორც უბრძანა მოსემ: წავიდა ყამალეკთან საბრძოლველად, ხოლო მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ.

11

როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი. როცა დაუშვებდა ხელს, ყამალეკი ძლევდა.

12

დაუმძიმდა ხელები მოსეს; მოუტანეს ქვა, ქვეშ დაუდეს და ჩამოჯდა ქვაზე მოსე. ხოლო აარონსა და ხურს მისი ხელები ეჭირათ, ერთს ერთი მხრიდან, მეორეს მეორე მხრიდან. არ ჩამოშვებია ხელები მზის ჩასვლამდე.

13

სძლია იესომ ყამალეკს და მის ხალხს მახვილით.

14

უთხრა უფალმა მოსეს: სამახსოვროდ ჩასწერე ეს წიგნში და ჩააგონე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.

15

ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა სახელად ადონაი-ნისი (უფალი - ალამი ჩემი).

16

თქვა: რადგან ხელი უფლის ტახტზეა: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.

1

და აღიტრა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ უდაბნოთ სინით დაბანაკებისაებრ მათისა სიტყჳთა უფლისათა და დაიბანაკეს რაფიდინს შინა; ხოლო არა იყო წყალი სასუმელად ერისა.

2

და ჭუოდა ერი მოსეს მიმართ და იტყოდა: მეც ჩუენ წყალი, რათა ვსუათ! და ჰრქუა მათ მოსე: რაჲსა სჭუით ჩემდა მომართ? და რაჲსა განსცდით უფალსა?

3

ხოლო მოეწყურა მუნ ერსა წყალი, და დრტჳნვიდეს მოსეს ზედა და იტყოდეს: რაჲსათჳს აღმომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოწყუედად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა და საცხოვარსა ჩუენსა წყურილითა?

4

და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ მეტყუელმან: რაჲ უყო ერსა ამას? მერე მცირედღა, და ქვაჲ დამკრიბონ მე!

5

და ჰრქუა უფალმან მოსეს: წინა წარუძეღუ ერსა ამას, ხოლო მიიყვანენ შენ თანა მოხუცებულთაგან ერისათა და კუერთხი, რომლითა ეც მდინარესა, მიიღე ჴელსა შენსა და მოვედ აქა.

6

რამეთუ მე ვდგე პირველ მოსლვისა შენისა მუნ კლდესა ზედა ქორებს; და სცე კლდესა და გამოვიდეს წყალი, და სუას ერმან, და ქმნა მოსე ეგრეთ წინაშე ძეთა ისრაჱლისათასა.

7

და უწოდა სახელი ადგილსა მას "განცდა და დრტჳნვაჲ" დრტჳნვისა მისთჳს ძეთა ისრაჱლისათისა და გამოცდისათჳს უფლისა და თქუმისა: უკუეთუ არს უფალი ჩუენ შორის, ანუ არა.

8

ხოლო მოვიდა ამალეკი და ებრძოლა ისრაჱლსა რაფიდინს.

9

და ჰრქუა მოსე ისოს: გამოირჩიენ თავისა შენისა მამაკაცნი და განსრული ეწყვე ამალეკსა ხვალე! და აჰა, მე ვდგე თხემსა ზედა ბორცჳსასა და კუერთხი ღმრთისაჲ ჴელსა შინა ჩემსა.

10

და იყო ისო, ვითარ-იგი ჰრქუა მას მოსე, და განეწყო ამალეკსა. და მოსე და აჰრონ და ორ აღვიდეს თხემსა ზედა ბორცჳსასა.

11

და იყვის, რაჟამს აღიხუნის მოსე ჴელნი, განძლიერდის ისრაჱლი, ხოლო რაჟამს შთამოიხუნის ჴელნი, განძლიერდის ამალეკი.

12

ხოლო ჴელნი მოსესნი იყვნეს მძიმე, და მოიღეს ქვაჲ, და დადვეს ქუეშე მისსა, და დაჯდა მას ზედა. ხოლო აჰრონ და ორ განამტკიცებდეს ჴელთა მისთა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ. და იყვნეს ჴელნი მოსესნი განპყრობილ ვიდრე დასლვადმდე მზისა.

13

და განაქცია ისო ამალეკი და ყოველი ერი მისი სიკუდილითა მახჳლისათა.

14

და ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე საჴსენებელად წიგნსა შინა და მიეც ყურთა ისოჲსთა, ვითარმედ: აღჴოცით აღვჴოცო საჴსენებელი ამალეკისა ცისქუეშისაგან.

15

და აღაშენა მოსე საკურთხეველი და უწოდა სახელი მისი `უფალი ჩემი და შესავედრებელი ჩემი".

16

რამეთუ დაფარულითა ჴელითა ჰბრძავს უფალი ამალეკსა ნათესავთათაგან ნათესავთამდე.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940