გამოსვლა, თავი 15
მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი.
ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ.
მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში.
მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში.
შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს.
შენი უსაზომო დიდებით ამხობ შენს წინააღმდგომთ, გზავნი შენს რისხვას და ჩალასავით გადაბუგავ მათ.
შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში.
თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი.
სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში.
ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?
მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი.
ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში.
გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი.
მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი.
დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.
შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ!
იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე!
როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.
აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.
ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.
დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა (მწარე).
შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ?
შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.
მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან.
უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა.
შემწე და მფარველ მექმნა მე მაცხოვარებად ესე ღმერთი ჩემი, ვადიდო ესე ღმერთი მამისა ჩემისა და აღვამაღლო ესე.
უფალი შემმუსრველ ბრძოლათა, უფალ-სახელი მისი.
ეტლები ფარაოჲსი და ძალი მისი შთასთხია ზღუასა, რჩეული მჴედრები სამმდგომნი დაანთქნა ზღუასა მეწამულსა.
ღრმამან დაფარნა იგინი, შთაჴდეს სიღრმედ ვითარცა ლოდი.
მარჯუენე შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯუენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი.
და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შეჰმუსრენ წინააღმდგომნი, მიავლინე რისხვაჲ შენი და შეჭამნა იგინი, ვითარცა ლერწამი.
და სულისაგან გულისწყრომისა შენისა განიყო წყალი, შეჰყინდეს ვითარცა ზღუდენი წყალნი, შეჰყინდეს ღელვანიცა შუა ზღუასა.
თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო და განვიყო ნატყუენავი და განვიძღო სული ჩემი, მოვსრა მახჳლითა ჩემითა, ეუფლის ჴელი ჩემი.
მიავლინე სული შენი, და დაფარნა იგინი ზღუამან, დაჴდეს ვითარცა ბრპენი წყალსა შინა ფრიადსა.
ვინ მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო? ვინ მსგავს შენდა წმიდათა შორის, დიდებული, საკჳრველ, დიდებათა შინა მოქმედი ნიშნებისაჲ?
მიჰყავ მარჯუენე შენი, შთანთქნა იგინი ქუეყანამან.
უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა შენსა ამას, რომელი იჴსენ, ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა წმიდასა შენსა.
ესმა წარმართთა და განრისხნეს და სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი ფილსტიმისანი.
მაშინ ისწრაფეს მთავართა ედომისათა, და მთავართა მოაბელთამან, ძრწოლამან შეიპყრნა იგინი, და დადნეს ყოველნი მკჳდრნი ქანანისანი.
დაეცეს მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ, სიდიდითა მკლავისა შენისათა ქვა იქმნენ, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან, უფალო, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან ამან, რომელ მოიგე.
შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მკჳდრობისა შენისასა განმზადებულსა სამკჳდრებელსა შენსა, რომელ ჰქმენ, უფალო, სიწმიდე, უფალო, რომელ განჰმზადეს ჴელთა შენთა, უფალო.
უფალი მეფე არს საუკუნე და საუკუნესა და მერმეცა.
რამეთუ შევიდა ჰუნე ფარაოჲსი ეტლებითურთ და მჴედრებით ზღუად, და მოაქცია მათ ზედა უფალმან წყალი იგი ზღჳსაჲ. ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა.
და მოიღო მარიამ წინასწარმეტყუელმან, დამან აჰრონისმან, ებანი ჴელითა მისითა და განვიდეს ყოველნი დედანი შემდგომად მისსა ბობღნებისა თანა და მწყობრებისა.
ხოლო უპირობდა მათ მარიამ მეტყუელი:
უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. ცხენი და მჴედარი შთასთხია ზღუასა. და აღიხუნა მოსე ძენი ისრაჱლისანი ზღჳით მეწამულით და მოიყუანნა იგინი უდაბნოდ სურდ. და ვიდოდეს სამთა დღეთა უდაბნოსა მას შინა და არა ჰპოებდეს წყალსა, რათამცა სუეს.
ხოლო მოვიდეს მერრანდ და ვერ ეძლო სუმად წყალი მერრანისაგან, რამეთუ იყო მწარე.
და დრტჳნვიდა ერი მოსესთჳს და იტყოდეს: რაჲ ვსუათ?
ხოლო ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და უჩუენა მას უფალმან ძელი და შთააგდო იგი წყალსა და დატკბა წყალი. მუნ დაუსხნა ღმერთმან სამართალნი და მსჯავრი და მუნ გამოსცდიდა მას.
და თქუა: უკუეთუ სმენით ისმინო ჴმისა უფლისა, ღმრთისა შენისა, და სათნონი წინაშე მისსა ჰყვნე და ყურად-იხუნე მცნებანი მისნი და დაიცვნე ყოველნი სამართალნი მისნი, ყოველი სნეულებაჲ, რომელი მოვაწიე მეგჳპტელთა ზედა, არა მოვაწიე შენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი, განმკურნებელი შენი.
და მოვიდეს ელიმდ, და იყვნეს მუნ ათორმეტნი წყარონი წყალთანი და სამეოცდაათნი ხენი დანაკისკუდთანი და დაიბანაკეს მუნ წყალთა მათ ზედა.