გამოსვლა, თავი 10
უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში,
რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილთაშვილისთვის, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რომ გცოდნოდათ, რომ უფალი ვარ.
მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ერი, რომ მემსახურონ.
თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას მივუსევ შენს სამფლობელოს.
დაფარავს მიწის პირს და შეუძლებელი გახდება მიწის ხილვა; შეგიჭამთ ყველაფერს, რაც სეტყვას გადაურჩა, ხეებს, მინდვრად რომ გეზრდებათ.
აავსებენ შენს სახლებს, შენს მორჩილთა სახლებს, ყველა ეგვიპტელის სახლს, - რასაც არ მოსწრებია შენი მამა-პაპა იმ დღიდან, რაც არსებობენ ამქვეყნად. გაბრუნდა მოსე და გავიდა ფარაონისგან.
უთხრეს ფარაონს მისმა მორჩილებმა: როდემდის ვითმინოთ ეს სატანჯველი? გაუშვი ეგ ხალხი და ემსახურონ თავიანთ უფალ ღმერთს. ვეღარ მიხვდი, რომ იღუპება ეგვიპტე?
დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრა მათ ფარაონმა: წადით და ემსახურეთ თქვენს უფალ ღმერთს. ვინ და ვინ წავა?
უთხრა მოსემ: ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებითურთ წავალთ. ჩვენი ქალ-ვაჟებითა და ცხვარ-ძროხითურთ წავალთ, რადგან საუფლო დღესასწაული გვაქვს.
უთხრა მათ ფარაონმა: ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებიანად გაგიშვათ. იცოდეთ, ბოროტს ეპირებით!
ასე არ იქნება. მხოლოდ მამაკაცები წადით და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ესწრაფით. და გაყარეს ისინი ფარაონისგან.
უთხრა უფალმა მოსეს: მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას კალიის გამოსახმობად და შეესიოს კალია ეგვიპტის ქვეყანას; გადაჭამოს ქვეყნის მთელი ბალახი, რაც სეტყვას გადაურჩა.
მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად; ქროდა ქარი მთელს დღესა და მთელს ღამეს. დადგა დილა და მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია.
შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს. არც მანამდე და არც მას მერე გამოჩენილა ამდენი კალია.
დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა; გადაჭამა ქვეყნის მთელი ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. არ შერჩენია სიმწვანე არც ხეს, არც მინდვრის ბალახს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
სასწრაფოდ მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: ცოდვილი ვარ უფლის, თქვენი ღვთისა და თქვენს წინაშე.
ერთხელ კიდევ მომიტევეთ ცოდვა, შეევედრეთ თქვენს უფალ ღმერთს, ოღონდაც ამარიდოს ეს სიკვდილი.
გამოვიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს.
შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მხარეში.
გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ფარაონმა ისრაელიანები.
უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი.
ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს.
ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, სამ დღეს არავინ დაძრულა ადგილიდან; ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში.
უხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: წადით და ემსახურეთ უფალს, ოღონდ ცხვარ-ძროხა დარჩეს, ბავშვები კი თან წაიყოლეთ.
უთხრა მოსემ: შენც უნდა მოგვცე საკლავი და აღსავლენი, რომ ჩვენს უფალს, ღმერთს შევწიროთ.
ჩვენი საქონელიც უნდა წამოგვყვეს, ერთი ჩლიქიც არ უნდა დარჩეს; მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღვთისათვის. სანამ იქ არ მივსულვართ, არ ვიცით, როგორ უნდა ვემსახუროთ უფალს.
გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ ინება მათი გაშვება ფარაონმა.
უთხრა ფარაონმა: მომწყდი თავიდან! ფრთხილად იყავი, თვალით აღარ დამენახო, თორემ იმდღესვვ მოკვდები, რა დღესაც დამენახვები.
მიუგო მოსემ: სწორს ამბობ: მეტს აღარ დაგენახვები.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე, შევედ შენ ფარაოჲსა, რამეთუ მე განმიფიცხებიეს გული მისი და გული ერისა მისისაჲ და გული მთავართა მისთა, რათა აწ ცხადად მოვიდეს ყოველი ესე სასწაული მის ზედა.
რათა თქუენცა უთხრათ შჳლთა თქუენთა და შვილის შვილთა თქუენთა-ნაშობთა მათ თჳსთა, რაოდენი უყო მე ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
და სასწაულები იგი და ნიშები ჩემი, რომელ ვყავ მაგათ ზედა გულისჴმა-ჰყოთ და უწყოდეთ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი. შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ებრაელთა: ვიდრემდის არა გრცხუენოდის, გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა მსახურებაჲ მმსახურონ მე.
უკუეთუ არა გნებავს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, ხვალე და მასვე ჟამსა შინა მოვჰჴადო საზღვართა შენთა ზედა მკალი.
და დაფაროს პირი ქუეყანისა მაგის შენისაჲ და ვერ იხილო ქუეყანაჲ იგი შენი და შეჭამოს ყოველივე იგი ნეშტი ქუეყანისა მაგის, რომელი დაშთომილ იყოს სეტყჳსა მისგან და შეჭამოს ყოველივე მცენარე ქუეყანისა მაგის შენისაჲ.
აღივსოს საუნჯეები შენი და ტაძრები ეგე შენი და სახლები და ყოველი საუნჯეები მონებისა მაგის შენისა და ყოველივე სახლები აღივსოს ყოველსა მაგას ქუეყანასა ეგჳპტელთასა, რომელ ეგევითარი არა სადა ეხილვოს მამათა თქუენთა ჟამითგან, რომლით დაბადებულ იყვნეს იგინი ქუეყანასა ზედა მოდღენდელად დღედმდე, მიჰრიდა მოსე და გამოვიდა პირისაგან ფარაოჲსა მთავართა თჳსთა.
ჰრქუეს მონათა ფარაოს: ვიდრემდე იყოს გუემა ესე ჩუენ ზედა, განუტევე ერი ეგე, რათა მივიდენ და მსახურებაჲ ჰმსახურონ უფალსა თჳსსა, ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე?
და მოაქციეს მოსე და აჰრონ მუნვე ფარაოსა და ჰრქუა მათ: გუალეთ, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, და აწ ვინ და ვინ მისლვად ხართ?
მიუგო მოსე და ჰრქუა: მოხუცებულითურთ და ჭაბუკითურთ მივალთ, ძეებით და ასულებით, ცოლით და შჳლითურთ, ზროხით და ცხოვარით, და ყოვლით საცხოვარითურთ, რამეთუ დღესასწაული არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.
და ჰრქუა მათ ფარაო: ეგრე იყავნ, უფალი თქუენ თანა, და თქუენ განგიტევნე, სახლითურთ თქუენით გნებავს წარსლვის? ჰხედავთ, რამეთუ ზრახვაჲ ბოროტებისა ძეს გულსა შინა თქუენსა.
არა ეგრე არს. ნუ მიხუალთ, არამედ მამანი ხოლო მივიდე და მსახურებაჲ თჳსი ჰმსახურედ უფალსა ღმერთსა მათსა, სადა მაგას რასა ეძიებდი თქუენ. და გამოასხნეს იგინი პირისაგან ფარაოსა.
ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი ქუეყანასა მაგას ეგჳპტელთასა და აღმოვედინ მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს ყოველი მხალი ნედლი და ყოველივე ნაყოფი ხისა, რომელ დაშთომილ იყოს სეტყჳსაგან
აღიპყრნა მოსე ჴელნი თჳსნი ზეცად და მიავლინა უფალმან ქარი ბღუარისაჲ ყოველსა მას ზედა ქუეყანასა დღე ყოველ და ღამე ყოველ. განთიადითგან შემწუხრებადმდე და მიცისკრადმდე ქარნი იგი ქროდა და აღმოადინებდა მკალსა.
და აღავსებდა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა და მოაქცია ყოველივე საზღვარი ქუეყანისა ეგჳპტისა მკალმან დიდად ფრიად, რამეთუ არასადა იყო დასაბამითგან აქამომდე.
და დაფარა ყოველი პირი ქუეყანისაჲ და განრყუნა ყოველი ქუეყანა ეგჳპტელთაჲ და შეჭამა ყოველი მწუანვილი ველისაჲ და ყოველი ნაყოფი ხისაჲ, რომელ განრინებულ იყო სეტყჳსაგან სასტიკისა და არა დაშთა რაჲთურთით მხალი ნედლი ველისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
სწრაფით მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: ვცოდე მე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენცა.
ამას ჯერსა შე-ღა-მიწყნარეთ მე ამას უნასსა ზედა. და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ, ღმრთისა თქუენისა, რათა განაქარვოს ჩემგან მკალი ესე.
და გამოვიდა მოსე პირისაგან ფარაოჲსა და ილოცვიდა უფლისა მიმართ.
და გარდააქცია უფალმან ქარი იგი უსასტიკესად ზღჳთ, და აღიღო და აღუმაღლა მკალსა მას და შთადვა იგი ზღუასა მას მეწამულსა და არა დაშთა რაჲთურთით მკალი იგი არცა ერთ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.
მერმე განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი, და არავე უნდა განტევებაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათა.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღირთხ ჴელი შენი და იყავნ ბნელ უღაღ, ჴშირ, ჴელით შესაპყრობელ ქუეყანასა მაგას ზედა ეგჳპტელთასა!
აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ზეცად და იქმნა ბნელი წყუდიადი, ნისლი და არმური ყოველსა ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა სამ დღე.
და ვერ იხილა კაცმან მოყუასი თჳსი, ვერცა ძმაჲ თჳსი და არა ვის ეძლო ყოვლად აღდგომად სარეცელით თჳსით სამთა მათ დღეთა. ხოლო ძეთა მათ ისრაჱლისათა იყო ნათელ ყოველთავე საყოფელთა მათთა.
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: გუალე, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხაჲ ადგილობანს იყავნ და ყოვლითა სიმრავლითა წარვედით.
მიუგო მოსე და ჰრქუა: არა ეგრე, არამედ ცხოვრით და ზროხით და ყოვლითურთ ჭურჭლით ჩვენით წარვიდეთ და ზედა შენცა მეც ჩუენ საწევნელი მსხუერპლთა მათ, რომელ-იგი შევწიროთ ჩუენ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
აცადე, თუ ჩუენი არა დაგიტეოთ შენ, არცაღა ჭლაკი ერთი მათგანი, რამეთუ არა უწყით, რაჲ სათნო იყოს მსახურებად უფლისა, ღმრთისა ჩუენისა, მსხუერპლი საკუერთხთაჲ ნაყოისა მის ჩუენისაგნი, არც უწყით, რაჲ ბრძანებაჲ გამოვიდეს ჩუენდა მსახურებისა მისთჳს მსხუერპლთასა ვიდრე მიწევნადმდე ადგილსა მას მსხუერპლისასა.
მერმე გან-ვე-უფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, და არავე უნდა გამოტევებაჲ მათი.
და განრისხნა ფარაო და თქუა: წინა განმეშორენით, წარვედით ჩემგან და ნუღარა შესძინებთ ხილვად პირსა ჩემსა, რამეთუ რომელსა დღესა მეჩუენო მე შენ, მუნთქუესვე მოჰკუდე!
ჰრქუა მას მოსე: არღარა გეჩუენო პირსა შენსა.