გამოსვლა, თავი 30
გააკეთე სამსხვერპლო საკმევად; ურთხელისგან გააკეთე იგი.
სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა; ოთხკუთხედი უნდა იყოს; სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს, რქები უნდა გამოდიოდეს მისგან.
ხალასი ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
ორი ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინს ქვემოთ ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს გაუკეთე. კეტების გასაყრელად იყოს, რომ მისი ტარება შეიძლებოდეს.
კეტები ურთხელისგან გააკეთე და ოქროთი მოჭედე.
დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით.
აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს.
როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყოს მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში.
ნუ დასდებთ მასზე უცხო საკმეველს, ნურც აღსავღენს, ნურც ფქვილს; ნურც საღვრელს ნუ დაღვრით მასზე.
შეასრულებს აარონი მიტევების წესს მის რქებზე წელიწადში ერთხელ; ცოდვის მისატევებელი მსხვერპლის სისხლით შეასრულებს მიტევების წესს წელიწადში ერთხელ თაობიდან თაობაში. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის.
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
როცა შეუდგება ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, გადაუხადოს თითოეულმა აღრიცხვის დროს თავისი სულის გამოსასყიდი უფალს, რომ ჟამი არ მოედოთ აღრიცხვისას.
ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის: ნახევარი შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით: ოცი გერაა შეკელში; ნახევარი შეკელი საუფლო ძღვენია.
ყველამ, ვინც კი სათვალავში გადის, ოცი წლის ასაკიდან მოყოლებული, ძღვენი უნდა მიართვას უფალს.
მდიდარმა არ უნდა გადაამეტოს და ღარიბმა არ უნდა დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც უფალს აძლევთ ძღვნად თქვენი სულის გამოსასყიდად.
აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და გაეცი სადღესასწაულო კარვის სამსახურისთვის. იყოს სამახსოვროდ ისრაელიანთათვის უფლის წინაშე თქვენი სულის გამოსასყიდად.
ასე უთხრა უფალმა მოსეს.
გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად; დადგი იგი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერბლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.
ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები.
წყლით განიბანონ სადღესასწაულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ. ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ სამსახურის აღსასრულებლად, უფლისადმი საცეცხლო მსხვერპლის საკმევად.
განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობაში.
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი: ხუთასი შეკელი სუფთა მური, ამის ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი, ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი,
ხუთასი შეკელი კასია საღვთო შეკელის მიხედვით, და ერთი ჰინი ზეთისხილის ზეთი.
დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, შეზავებული მენელსაცხებელთა ხელოვნებით. წმიდა მირონი იქნება ეს.
სცხე ეს სადღესასწაულო კარავს და მოწმობის კიდობანს.
ტაბლას და მთელს მის ჭურჭელს, ლამპარს და მთელს მის ჭურჭელს, საკმევლის სამსხვერპლოს,
აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს.
განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება
სცხე აარონს და მის შვილებს და განწმიდე ისინი რომ მღვდლობა გამიწიონ მე.
ისრაელიანებს ასე უთხარი: ეს მექნება წმიდა მირონად თაობიდან თაობაში.
გარეშე კაცის სხეულს არ უნდა ეცხოს იგი, ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადებთ სახმარად, რადგან სიწმიდეა იგი; სიწმიდე უნდა იყოს თქვენთვის.
ვინც ამის მსგავს რასმე შეაზავებს და ვინც გარეშე კაცს სცხებს მათ, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად.
დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.
წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში, სადაც მე გამოგეცხადებით. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.
არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმიდედ გქონდეს იგი უფლისათვის.
ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
და ჰქმნე საკურთხეველი საკუმეველისა ძელთაგან ულპოლველთა.
და ჰქმნა იგი წყრთეულ სიგრძით და წყრთეულ სივრცით, მოთხჳთ იყოს იგი, და ორ წყრთეულ სიმაღლედ. მისგანვე იყვნედ რქანი მისნი და ოქროვან.
ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა იატაკი მისი და კედელნი მისნი გარემოჲს და რქანი მისნი, უქმნნე მას ღულარჭნილი გჳრგჳნი ოქროჲსა გარემოჲს.
და ორნი კარშიკნი ოქროჲსანი წმიდანი უქმნნე მას ღულარჭნილსა ქუეშე გჳრგჳნსა მისსა ორნი კიდენი
და კუერთხნი იგი ჰქმნნე ძელთაგან ულპოლველთა და შეჰმოსნე იგინი ოქროჲთა.
და დასდგა იგი წინაშე კრეტსაბმელისა, რომელი არს კიდობანსა ზედა საწამებელთასა, რთმელთა შინა გეცნობებოდი მე შენ მუნ.
და აკუმიოს მას ზედა აჰრონ საკუმეველი შეზავებული წყლითა განთიად-განთიად, რაჟამს განჰმზადებდეს სასანთლეთა, აკუმიოს მას ზედა სამარადისოდ.
და რაჟამს აღანთებდეს აჰრონ სასანთლესა, მწუხრი აკუმიოს მას ზედა საკუმეველი სამიმდემო მარადის წინაშე უფლისა ნათესავსა შინა მათსა.
და არა აღვიდეს მას ზედა საკუმეველი სხუა, ნაყოფვბაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი არა შეწირულ იქმნნეს მას ზედა.
და ლხინება-ყოს აჰრონ რქათა მისთა ზედა ერთგზის წელიწადსა შინა სისხლისაგან განსაწმედელისა ცოდვათასა სალხინებელისა, ერთსა ჯერსა წელიწადისასა განწმიდოს იგი ნათესავსა შინა მათსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა უფლისა არს.
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმა: უკუეთუ მოიღო შენაკრები ძელთაგან ისრაჱლისათა მოხედვასა შინა მათსა და მისცეს კაცად-კაცადმან საჴსარი სულისა თჳსისა უფალსა. და არა იყოს მათ შორის დაცემაჲ მოხედვასა შინა მათსა.
და ესე არს, რომელი მისცენ, რომელნი თანა წარიჴდიდენ მოხედვასა, ნახევარი დიდრაქმისა, რომელ არს სიწმიდე დიდრაქმისაებრ, ოცი დანგი არს დიდრაქმაჲ, ხოლო კერძოჲ დიდრაქმისა სახარკოჲ უფლისაჲ.
ყოველი, რომელი წარიჴდიდეს მოხედვასა მას ოცით წლითგანი და უზეშთაესი, მისცენ სახარკოჲ უფალსა.
მდიდარმან არა შემატოს და მკოდოვანმან არა დააკლოს.
ნახევრისაგან დიდრაქმისა მი-რა-სცემდით უფალსა სახარკოჲსა ძენი ისრაილისანი ლხინებისათჳს სულთა თქუენთასა და მოიღო ვეცხლი სახარკოჲსა ძეთაგან ისრაჱლისათა და მისცე იგი საქმარად კარვისა საწამებელისა. და იყოს ძეთათჳს ისრაჱლისათა მოსაჴსენებელად წინაშე უფლისა ლხინებისათჳს სულთა მათთასა.
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი:
ქმენ ემბაზი რვალისა და ხარისხი მისი რვალისა დასაბანელად დასდგა იგი შორის კარვისა საწემებელისა და შთაასხა მას შინა წყალი.
დაიბანოდიან აჰრონ და ძენი მისნი მისგან ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა.
რაჟამს შევიდოდინ კარვად საწამებელისად, დაიბანოდინ წყლითა, რათა არა მოკუდენ, ანუ რაჟამს მოუჴდებოდინ საკურთხეველსა მსახურებად და შეწირვად უფლისა ყოვლად დასაწველთა. დაიბანოდინ ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა წყლითა.
და არა მოკუდენ და იყო მათდა და ნათესავთა მისთა.
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:
და შენ მოიხვენ სულნელი ყვავილი ზმჳრნისა რჩეულისა ხუთასი სიკილა და კინამო სულნელთა ნახევარი მისი - ორის და ერგასისი და საკუმეველი და კალამი სულნელთა - ორის და ერგასისი.
და ირეოს ხუთასი სიკილაჲ წმიდისა და ზეთი ზეთთაგან სათველი ერთი.
და ჰქმნე იგი ზეთი საცხებელი წმიდაჲ მიჰრონად მიჰრონობითად ნაჴელოვნებად მემიჰრონისად, ზეთი ცხებისა წმიდა იყოს.
და სცხო მისგან კარავსა წამებისასა და კიდობანსა მას საწამებელისა,
და საკურთხეველსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, სასანთლესა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საკურთხეველსა საკუმეველთასა, საკურთხეველსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მათთა.
და ტრაპეზსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საბანელსა და ხარისხსა მისსა.
და განწმიდნე იგინი და იყავნ წმიდაჲ წმიდათა. ყოველი, რომელი შეეხოს მათ, წმიდა იქმნეს.
და აჰრონს და ძეთა მისთა სცხო და წმიდა-ჰყვნე იგინი მღდელობად ჩემდა.
და ძეთა ისრაჱლისათა ჰრქუა მეტყუელმან: ზეთი, საცხებელი ცხებისა, წმიდა იყოს ესე თქუენდა უკუნისამდე.
და ჴორცსა კაცისასა არა შეეხოს და მსგავსად შეზავებულობისა მისისა ჰქმნე ეგრეთვე, რამეთუ წმიდა არს და სიწმიდე იყოს თქუენდა.
რომელმან ქნეს ეგრეთვე და რომელმან უქმნეს უცხოთესლსა, მოისპოს იგი ერისგან თჳსისა.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიღე შენ სუნელი შტახსი და ფრჩხილი და ბანე და გუნდრუკი მჭვინარე სწორ-სწორი იყოს.
და ჰქმნე იგი საკუმეველად მენელსაცხებელთა ქმნულად ნელსაცხებლის მგბოლველთად, აღზავებული განრჩეული წმიდაჲ.
და მოჰგალო ამისგან წვლილად და დასდვა იგი წინაშე საწამებელთასა და კარსა მას კარისა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადოდი შენ, წმიდაჲ წმიდათა იყოს საკურთხეველი იგი თქუენდა ამის ქმნულებისაებრ.
არა ჰქმნათ თავისა თქუენისა სხუაჲ საკუმეველი, სიწმიდე უფალი იყოს თქუენდა. კაცმან, რომელმან ქმნეს ეგრევე, ვითარცა იყნოსა იგი, წარწყმდეს იგი ერისაგან თჳსისა.