ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 1

1

ეს არის სახელები ისრაელიანთა, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლითურთ ჩავიდა.

2

რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა.

3

ისახარი, ზებულონი და ბენიამინი.

4

დანი, ნაფთალი, გადი და აშერი.

5

სულ სამოცდაათი სული იყო იაკობის საზარდულიდან გამოსული. ხოლო იოსები ეგვიპტეში იყო.

6

აღესრულა იოსები, მისი ყველა ძმა და მთელი ის თაობა.

7

ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა.

8

დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელსაც არ გაეგონა იოსები.

9

უთხრა თავის ხალხს: ხედავთ, ჩვენზე მრავალრიცხოვანია და ძლიერი ისრაელიანთა ხალხი.

10

მოდით, როგორმე ვაჯობოთ ჭკუით, რომ არ გამრავლდეს. თუ ომი ატყდა, შეუერთდება ჩვენს მტრებს, აგვიმხედრდება და გავა ქვეყნიდან.

11

დაუნიშნეს მას ბეგრის უფროსები, რომ მძიმე შრომით დაეჩაგრათ იგი. აუშენა მან ფარაონს მარაგისათვის ქალაქები - ფითომი და რამსესი.

12

მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე.

13

უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები.

14

სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უწყალოდ ამუშავებდნენ.

15

უთხრა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს სახელად ერქვა შიფრა, მეორეს - ფუაყი.

16

უთხრა: როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ, თუ ვაჟი იყოს, მოკალით, თუ ქალი - ცოცხალი დარჩეს.

17

ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.

18

იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და უთხრა: ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რატომ ტოვებთ ვაჟებს?

19

უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე.

20

წყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.

21

ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და ღმერთმაც ააშენა ისინი.

22

მაშინ უბრძანა ფარაონმა მთელს თავის ხალხს: ნილოსში ჩააგდეთ ყოველი ახალშობილი ვაჟი, ხოლო ქალი ცოცხალი დატოვეთ.

1

ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი შესრულ იყვნეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, კაცად-კაცადი ყოვლითურთ სახლით მათით შევიდეს.

2

რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა,

3

იზაქარ, ზაბულონ და ბენიამენ.

4

დაან და ლეფთალემ, გაად და ასერ.

5

ხოლო იოსებ იყოვე ეგჳპტეს და იყო ყიველი სული იაკობისითაგანი სამეოცდაათხუთმეტ.

6

აღესრულა იოსებ და ყოველნი ძმანი მისნი და ყოველივე იგი ნათესავი.

7

ხოლო ძენი ისრაჱლისანი აღორძნდეს და განმრავლდეს და ამრღუე იქმნეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, რამეთუ განამრავლებდა მათ ქუეყანა იგი.

8

აღდგა მეფე სხუაჲ ეგჳპტეს შინა, რომელმან იცოდავე არა იოსებ,

9

და ჰრქუა ნათესავსა თჳსსა: აჰა ესერა, ნათესავი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ დიდი სიმრავლე არს და ძლიერ არს უფროჲს ჩუენსა.

10

მოდით და ვისიბრძნოთ დამჴობად მათდა, ნუუკუე განმრავლდენ და ოდეს, თუ სადმე შეგვემთხჳოს ჩუენ ბრძოლაჲ, შეერთნენ იგინიცა მტერთა მათ ჩუენთა და გუბრძოდიან ჩუენ და ეგრეთ განვიდენ ქუეყანით.

11

და დაადგინნა მათ ზედა ზედამდგომელნი საქმისანი, რათა ძჳრსა შეაჩუენებდენ მათ საქმითა და უშენნენ ქალაქნი ძლიერნი ფარაოს: პითოფი და რამესე და ონი, რომელ არს მზის ქალაქი.

12

და რაოდენ იგინი დაამდაბლებდენ, ეგოდენ ესენი განმრავლდებოდეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად.

13

და საძაგელ იყვნეს ეგჳპტელნი ძეთაგან ისრაჱლისათა და მსძლავრობდეს მეგჳპტელნი იგი ძეთა ისრაჱლისათა ძლით.

14

და აჭირვებდეს სალმობით ცხორებასა მათსა საქმითა მით ფიცხელითა თიჴისა და ალიზისათა და ყოვლითავე საქმითა, რომლითა დაიმონებდეს მათ სასტიკად.

15

და ჰრქუა მეფემან მან მეგჳპტელთამან ყრმისა ამქუმელთა მათ ებრაელთასა, სახელი ერთისა მის სეფორა და ერთისა - ფოა

16

და ჰრქუა მათ: ოდეს შეხჳდეთ შჳნებად ებრაელთა მათ და შობასა იყუნენ, უკუეთუ წული იყოს, მოკალით იგი და, უკუეთუ ქალი იყოს, განარინეთ იგი.

17

შეეშინა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და არა ყვეს ეგრე, ვითარ-იგი უბრძანა მათ მეფემან ეგჳპტელთამან და აცხოვნებდეს წულსა.

18

მოუწოდა მეფემან ეგჳპტელთამან ყრმისა აღმქუმელთა მათ და ჰრქუა: რაჲსათჳს ჰყავთ საქმე ესე და აცხოვნებდით ყოველსა წულსა?

19

ჰრქუეს ყრმისა აღმქუმელთა მათ ფარაოს: არა ვითარცა დედანი ეგჳპტისანი არიან ებრაელთა დედანი, რამეთუ შვიან ვიდრე შესლვადმდე ყრმისა აღმქუმელთა და შობდეს იგინი.

20

კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმისა აღმქუმელთა მათ და განმრავლდა ერი იგი და განძლიერდებოდა ფრიად.

21

რამეთუ ეშინოდა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და იშენეს მათ თავისა მათისა სახლებ.

22

უბრძანა ფარაო ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი წული, რომელი შვიან ებრაელთა, მდინარესა შთასთხევდით და ყოველსა ქალსა აცხოვნებდით.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940