იერემია წინასწარმეტყველი, თავი 47
უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი, ვიდრე ფარაონი ღაზას დააქცევდა.
ასე ამბობს უფალი: აჰა, მოდიდდება წყალი ჩრდილოეთიდან და გადაიქცევა წამლეკავ ნიაღვრად. წალეკავს ქვეყანას და ყველადცრს, რაც მასზეა, ქალაქებს და მის მცხოვრებლებს. აკივლდება ადამის მოდგმა და მოთქმას მოჰყვებიან ქვეყნის მცხოვრებნი.
მისი რაშების თქარათქურზე, მისი ეტლების გრუხუნზე, თვლების გარიალზე მამები ვეღარ მოხედავენ შვილებს, რადგან ხელები ჩამოუცვივდებათ.
იმ დღისთვის, რომელიც მოვა ფილისტიმელთა გასაძარცვავად, ტვიროსისა და ციდონისთვის უკანასკნელი შემწის წასართმევად, რადგან გააძარცვინებს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს- ქაფთორის კუნძულს.
გაქაჩლდა აზა, გატიალდა აშკელონი და მათი ხეობის ნატამალი. როდემდის უნდა იწყლულებდე თავს?
ო, უფლის მახვილო! როდის დაცხრები? ჩაეგე ქარქაშში, დაწყნარდი და დადუმდი.
როგორ დაცხრები? უფალმა მიუშვა აშკელონზე და ზღვისპირეთზე. იქ განაწესა.
სიტყუაჲ, რომელი იქმნა იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა უცხოტომთა ზედა, პირველ განწყობისა ფარაოჲს ღაზაჲსა.
ამათ იტყჳს უფალი: აჰა, წყალნი აღმოვლენ ჩრდილოჲთა, და იყვნენ ღუარად წარმღუნელად და წარრღუნან ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა. და ღაღადებდენ კაცნი, და ვალალებდენ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი
ჴმისაგან მიმართებისა მისისა, და საჭურველები ფერჴთა მათთა ძლიერთაჲსა, და ძრვისაგან ეტლთა მათთაჲსა და ჴმისა ურმისთვალთა მათთაჲსა, არა მოიქცეს მამანი ძეთა ზედა მათთა.
მორჩილებისაგან ჴელთა მათთაჲსა დღესა შინა მომავალსა წარწყმედად ყოველთა უცხოტომთა, და განვრყუნე ტჳროსი და სიდონი და ყოველნი ნეშტნი შემწეობისა მათისანი, რამეთუ მოჰსრავს უფალი დაშთომილთა ჭალაკებისათა.
ახს სიმტიერე ღაზასა ზედა, განვარდა ასკალონი და ნეშტნი ენაკიმეთნი, ვიდრემდის შეკრბებოდით, ვიდრემდის ჰკუეთ,
მახჳლო უფლისაო, ვიდრემდის არა დაჰყუდნები, კუალად ეგე ქარქაშსა შენსა, განისუენე და დაყუდენ,
ვითარ დაყუდნეს. და უფალმან ამცნო მას ასკალონსა ზედა და ზღჳსკიდისათა ზედა, და ნეშტთა ზედა აღდგომად.