ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 23

1

ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი.

2

ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, მწყემსებზე, რომლებიც მწყესავენ ჩემს ერს: თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი, თქვენ გარეკეთ იგი და ყური არ უგდეთ. აჰა, მე ვუგდებ ყურს თქვენს ბოროტ საქციელს, ამბობს უფალი.

3

მე თავად მოვუყრი თავს ჩემს ცხვარს ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე, ინაყოფიერებენ და იმრავლებენ.

4

დავუყენებ მწყემსებს და ისინი დამწყესავენ მათ, აღარ შეშინდებიან, არ დაფრთხებიან, არ დაიკარგებიან, ამბობს უფალი.

5

აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.

6

მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე.

7

ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო ისრაელიანები,

8

არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა და რომელმაც მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. და იცხოვრებენ თავიანთ მიწებზე.

9

წინასწარმეტყველთა გამო მისკდება გული მკერდში და მტეხს ძვლები; მთვრალი კაცივით ვარ, ღვინო რომ მორევია, უფლის გულისთვის, მისი წმიდა სიტყვებისთვის.

10

რადგან გარყვნილი ხალხით გაივსო ქვეყანა; რადგან წყევლისაგან მოთქვამს მიწა, გადახმა უდაბნოს საძოვრები. ბოროტია მათი ზრახვები, მათი ძლიერება უკეთურებაა.

11

რადგან გაირყვნენ წინასწარმეტყველნიც და მღვდლებიც; ჩემს სახლშიც კი ვპოულობ მათ ნაავკაცარს, ამბობს უფალი.

12

ამიტომაც მოლიპული იქნება მათი გზები სიბნელეში, წაიფორხილებენ და დაეცემიან; რადგან უბედურებას მოვუტან მათ განკითხვის წელს, ამბობს უფალი.

13

სამარიის წინასწარმეტყველთა შორისაც დავინახე სისაძაგლე: ბაალის სახელით ქადაგებდნენ და აცთუნებდნენ ჩემს ერს - ისრაელს.

14

იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორისაც ვხედავ სიბილწეს: გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ, უკეთურთა მხარი უჭირავთ, რომ არცერთი მათგანი არ მოიქცეს თავის უკეთურობისგან. სოდომივით გახდნენ ჩემთვის ყველანი და გომორასავით - მისი მცხოვრებნი.

15

ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წირსწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში.

16

ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, არ შეისმინოთ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რასაც გიწინასწარმეტყველებენ, გაცთუნებენ ისინი, მოგონილ ხილვებს გიქადაგებენ, არა უფლისმიერს.

17

ეუბნებიან ჩემს მაგინებლებს: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველას, ვინც თავის გულისთქმას აჰყოლია, ეუბნებიან: უბედურება არ დაგემართებათო.

18

რადგან ვინ იდგა უფლის საბჭოში, ვინ ხედავდა და ისმენდა მის სიტყვას? ვინ უგდებდა ყურს მის სიტყვას და ესმოდა?

19

აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა ამოვარდა! ქარბორბალა დაუბერავს და ბოროტეულთ დაატყდება თავს.

20

არ გაბრუნდება უფლის რისხვა, ვიდრეარ შეასრულებს, ვიდრე არ მიაღწევს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ცხადად.

21

მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ; არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ.

22

ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, ჩემს ერს გამოუცხადებდნენ ჩემს სიტყვებს და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და ავკაცობიდან.

23

განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, განა შორიდან არა ვარ ღმერთი?

24

სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.

25

გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!

26

როდემდის უნდა იყოს ასე წინასწარმეტყველთა გული, სიცრუეს რომ ქადაგებენ, საკუთარი ცბიერი გულის წინასწარმეტყველნი რომ არიან?

27

ცდილობენ დაავიწყონ ჩემს ერს ჩემი სახელი თავიანთი ზმანებით, რომელთაც ერთმანეთს უყვებიან, როგორც მათმა მამა-პაპამ დაივიწყა ჩემი სახელი ბაალის გამო.

28

წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი.

29

განა ცეცხლივით არ არის ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი. უროსავით, კლდეს რომ ანგრევს?

30

ამიტომ, აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, ერთმანეთს რომ პარავენ ჩემს სიტყვებს.

31

აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, თავსას რომ ლაპარაკობენ და ამბობენ, უფლის ნათქვამიაო.

32

აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი.

33

თუ შეგეკითხება ეს ხალხი ან წინასწარმეტყველთ, ან მღვდელი, რა არისო უფლის განაჩენი? უთხარი მათ, რა განაჩენია. მე მიგატოვებთ თქვენ, ამბობს უფალი.

34

თუ წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ერისკაცი იტყვის: უფლის განაჩენიაო, დავსჯი იმ კაცს და მის სახლს.

35

ასე უთხარით ერთიმეორეს; რა პასუხი იყო უფლისგან? რა თქვა უფალმა?

36

ხოლო უფლის განაჩენი მეტად აღარ ახსენოთ, რადგან განაჩენი იქნება ამ კაცისთვის მისი სიტყვა, რადგან თქვენ ასხვაფერებთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის სიტყვებს.

37

ასე უთხარი წინასწარმეტყველს: რა გიძასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?

38

თუ იტყვით, უფლის განაჩენიაო, ასე ამბობს უფალი: იმის გამო, რომ ამბობთ ამ გამოთქმას - უფლის განაჩენიაო, მე კი შემოგითვალეთ, ნუ ამბობთ-მეთქი, უფლის განაჩენიაო,

39

სრულიად დაგივიწყებთ და დაგაგდებთ თქვენ და ამ ქალაქს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა მოცემული;

40

ჩაგაგდებთ სამუდამო სირცხვილში და სამუდამო დამცირებაში, რაც არასოდეს იქნება დავიწყებული.

1

ჵ მწყემსნო წარმწყმედელნო და განმაბნეველნო ცხოვართა საძოვრისა ჩემისათა, - იტყჳს უფალი.

2

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მწყემსთა ზედა მმწყსელთა ერისა ჩემისათა: თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაგარეენით იგინი, და არ მოიხილენით იგინი. აჰა, მე შურ-ვიგო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან,

3

და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადა განვაგარეენ იგინი მუნ, და დავადგინნე იგინი საძოვარსა მათსა ზედა, და აღოძრნდენ და განმრავლდენ.

4

და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი ჰმწყსიდენ მათ, და არღა ეშინოდის მერმე, არცა იწიწვოდიან, არცა ორჴმაობდენღა, - იტყჳს უფალი.

5

ესერა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეფობდეს მეფე მართალი და გულისჴმა-ყოს და ქმნას განკითხვა და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

6

დღეთა შინა მისთა ცხონდეს იუდაჲ და ისრაელი დაემკჳდროს სასოებით და ესე სახელ მისსა, რომელი უწოდოს მას უფალმან (იოსედეკ თჳთ წინაწარმეტყუელთა შორის).

7

ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, აღმომყვანებელი ძეთა ისრაელისათა ეგჳპტით.

8

და ცხოველ არს უფალი აღმომყვანებელი და მომყვანებელი თესლსა სახლისა ისრაჱლისასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადაცა განვაგარეენ იგინი მუნ, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა.

9

წინაწარმეტყუელთათჳს შეიმუსრა გული ჩემ შორის, შეირყინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი. ვიქმენ, ვითარცა მამაკაცი შემუსრვილი და ვითარცა კაცი შეპყრობილი ღჳნისა მიერ, პირისაგან უფლისა და პირისაგან მისისა,

10

რამეთუ მრუშებათა მიერ აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ პირისაგან ამათისა იგლოვა ქუეყანამან. განჴმეს საძოვარნი უდაბნოჲსანი და იქმნა სრბაჲ მათი ბოროტ, და ძალი მათი არა ესრე,

11

რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელნი შეიმწიკულნეს, და სახლსა შინა ჩემსა ვიხილენ უკეთურებანი მათნი, - თქუა უფალმან,

12

ამისთჳს იქმენინ გზა მათი მათდა საბრჴე ალმურსა შინა, და შებრკოლდენ და დაეცნეს მას შინა მით, რამეთუ მოვჰჴადნე მათ ზედა ძჳრნი წელიწადსა შინა ზედ მიხედვისა მათისასა, - თქუა უფალმან, -

13

და წინაწარმეტყუელთა შორის სამარიაჲსათა ვიხილენ უსჯულოებანი. წინაწარმეტყუელებდეს სახელსა ზედა ჩემსა ბაალისთჳს და შეაცთუნეს ერი ჩემი ისრაელი.

14

და წინაწარმეტყუელთაცა შორის იერუსალემისათა ვიხილენ განსაკრთომელნი მემრუშექმნილთა და მავალთა სიცრუეთა შინა და შემწეთა ჴელთა ბოროტთასა არმოქცევისათჳს კაცადისა გზისაგან მისისა ბოროტისა. იქმნეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა სოდომაჲ და მკჳდრნი მისნი, ვითარცა გომორრაჲ.

15

ამისთვის იტყჳს უფალი ძალთა წინაწარმეტყუელთა ზედა: აჰა, მე ვაჭამებ მათ სალმობასა და ვასუამ მათ წყალსა მწარესა, რამეთუ წინაწარმეტყუელთაგან იერუსალიმისათა გამოჴდა შემწიკულება ყოვლისა ქუეყანისად.

16

ესრეთ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინასწარმეტყველებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყჳან და არა პირისაგან უფლისა.

17

ეტყჳან ურჩთა სიტყჳსა უფლისათა: მშჳდობა იყოს თქუენდაო, და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა ყოვლისა მავალისა, საცთურითა გულისა მისისაჲთა. ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძჳრნი,

18

რამეთუ ვინ დადგა სახილავსა შორის უფლისასა. და იხილა და ესმნეს სიტყვანი მისნი? ვინ ყურად-იღო სიტყვა მისი და ისმინა?

19

აჰა, ძრვაჲ უფლისა მიერ და რისხვაჲ გამოვალს თანადშესარყეველად, კუალად ქცეული უთნოთა ზედა მოიწია.

20

არღა მერმე მიიქცეს გულისწყრომაჲ უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს იგი და ვიდრემდის დაადგინოს იგი ჴელ-ყოფანი გულისა მისისანი, უკანასკნელთა დღეთასა გულისხმა-ყუნენ იგინი.

21

არ მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვიტყოდე მათდა მიმართ, და იგინი წინასწარმეტყველებდეს.

22

და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის, და ისმინნეს სიტყვანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა.

23

ღმერთი მახლობელი მე ვარ, - იტყჳს უფალი, - და არა ღმერთი შორიელი.

24

ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა, და მე არა ვიხილო იგი? - იტყჳს უფალი, - ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი, -

25

მესმნეს, რომელთა იტყჳან წინასწარმეტყველნი, რათა წინასწარმეტყველებენ სახელითა ჩემითა ცრუთა მეტყუელნი: ვიძილისშინეთ ძილისშინა:

26

ვიდრემდის იყოს გულსა შინა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი წინასწარმეტყველებენ ცრუთა, და წინასწარმეტყველებენ ნებათა გულისა მათისათა, რომელნი იგონებენ:

27

დავიწყებასა ერისა ჩემისაგან სახელსა ჩემისასა ძილისშინათა მათთა მიერ, რომელთა მიუთხრობდა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, ვითარ-იგი დაივიწყეს მამათა მათთა სახელისა ჩემისა ბაალის ძლით?

28

წინაწარმეტყუელმან, რომლისა შორის არს ძილისშინა, შთამოთქუნ ძილისშინაჲ თჳსი, რომლისა შორის სიტყვა ჩემი მისდა მიმართ, შთამოთქუნ სიტყვა ჩემი ჭეშმარიტებით, - იტყჳს უფალი, რაჲ არს ბზე იფქლისა მიმართ?

29

ეგრეთ სიტყვანი ჩემნი არა სიტყვანი ჩემნი, ვითარცა ცეცხლი მოტყინარე, - იტყჳს უფალი, - და ვითარცა წერაქვი განმკუეთი კლდისაჲ?

30

ამისთჳს, აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - რომელნი იპარვენ სიტყვათა ჩემთა თითოეული მოყუსისაგან თჳსისა.

31

აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, - რომელნი გამოიღებენ ენასა წინასწარმეტყველებათასა და წმასნიან სიცრუით უწყებასა, და მიირულებენ ჰრულსა მათსა.

32

აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, რომელნი წინასწარმეტყველებენ ძილისშინათა ცრუთა, - თქუა უფალმან, - და მიუთხრობენ მათ და აცთუნებენ ერსა ჩემსა ტყუილთა მათთა მიერ და საცთურთა მათთა მიერ. და მე არ მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ, და სარგებელი არა არგონ ერსა ამას, - თქუა უფალმან.

33

და უკეთუ გკითხოს შენ ერმან ამან, ანუ მღდელმან, ანუ წინაწარმეტყუელმან, მეტყუელმან: რაჲ არს მიმართება უფლისაჲ? და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მიმართება უფლისაჲ, და დაგამჴუნე თქუენ, - იტყჳს უფალი, -

34

და წინაწარმეტყუელმან და მღდელმან და ერმან ამათ უკეთუ თქვან მიმართება უფლისაჲ, და შური ვიძიო კაცსა მას ზედა და სახლსა მისსა ზედა,

35

რამეთუ ესრეთ იტყჳთ კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა. რაჲ მოგიგო უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან?

36

და მიმართება უფლისაჲ ნუ სახელ-იდებინ მერმე, რამეთუ მიმართება უფლისაჲ იყოს კაცისა სიტყვა მისი. გარდააქციენით სიტყუანი ღმრთისა ცხოველისანი, უფლისა ძალთაჲსა ღმრთისა ჩუენისანი.

37

ესრეთ სთქუთ წინაწარმეტყუელისა მიმართ: რაჲ მოგიგო შენ უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან?

38

და მიმართებასა უფლისასა ნუ იტყჳთ. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვა ესე, მიმართება უფლისაჲ, და მივავლინე თქუენდამი მეტყუელმან: არა იტყჳთ მიმართებასა უფლისასა.

39

ამისთჳს, აჰა, მე მიგიხუნე თქუენ მიმართებითა, და დაგამჴუნე თქუენ და ქალაქი, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა პირისაგან ჩემისა.

40

და მივსცე თქუენ ზედა ყუედრება საუკუნოჲ და უპატიოებაჲ საუკუნოჲ, რომელი არ დავიწყებულ იქმნეს.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152