ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 20

1

გაიგონა ფაშხურ იმერის ძემ, მღვდელმა, უფლის სახლის ზედამხედველმა და წინამძღვარმა, ეს სიტყვები, იერემია რომ ქადაგებდა,

2

და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და ჩააგდო იგი დილეგში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლში.

3

მაგრამ მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან და უთხრა მას იერემიამ: ფაშხურს კი აღარ დაგიძახებს უფალი, არამედ შიშის ზარს ირგვლივ.

4

რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიში ზარს დაგცემ შენ და შენს მეგობრებს, დაეცემიან ისინი მტრების მახვილისგან და შენი თვალით იხილავ ამას. ბაბილონელთა მეფის ხელში ჩავაგდებ მთელს იუდას, გადაასახლებს მათ ბაბილონში და მახვილით ამოსწყვეტს.

5

გავცემ ამ ქალაქის მთელს ქონებას, მთელს მის ჭირნახულს, მთელს ძვირფასეულობას და იუდას მეფეების მთელს საგანძურს, და ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, დაიტაცებენ და ბაბილონში წაიღებენ.

6

და შენც, ფაშხურ, ტყვედ წახვალ ბაბილონს-მთელი შენი სახლითურთ და იქ მოკვდები; იქ დაიმარხებით შენც და ყველა შენი მეგობარი, რომელთაც ცრუდ უწინასწარმეტყველებდი.

7

შენ გადამიბირე, უფალო, და მეც დაგყევი; ჩამიჭირე და დამძალე; ყოველდღე საცინლად მიგდებენ, ყველა მამასხრებს.

8

როგორც კი ავლაპარაკდები, ჩივილი აღმომხდება ძარცვა-გლეჯის გამო. ამიტომაც გადამექცა უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად.

9

ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.

10

რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცთუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.

11

ჩემთან არის უფალი როგორც ძლიერი მეომარი, ამიტომაც წაიფორხილებენ ჩემი მდევრები, ვერ გაიმარჯვებენ. დიდად შერცხვებიან, რომ უგუნურად მოიქცნენ. სამარადისოდ გასტანს სირცხვილი, არდასავიწყებელი.

12

ცაბაოთ უფალო! სიმართლის გამომკვლეველო, გულთამხილავო! მოვესწრო შენს შურისგებას მათზე, რადგან შენთვისა მაქვს მინდობილი ჩემი სამართალი!

13

უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან იხსნის ღატაკის სიცოცხლეს ბოროტეულთა ხელიდან.

14

წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!

15

წყეული იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ვაჟი შეგეძინაო! (რაზომი იყო მისი სიხარული!)

16

იმ ქალაქებივით დაემართოს ამ კაცს, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად, წივილ-კივილი ესმოდეს დილაობით და ბრძოლის ყიჟინა შუადღისას.

17

ბარემ საშოშივე მოგეშთე, რომ ჩემს საფლავად ქცეულიყო დედაჩემი და მისი საშო მარად ორსული დარჩენილიყო.

18

რისთვის გამოვედი საშოდან, თუ მხოლოდ სატანჯველს ვნახავდი და სირცხვილში დასრულდებოდა ჩემი დღეები.

1

და ესმა პასქორს, ძესა ემმირისსა, მღდელსა, და იგი იყო დადგინებულ სახლსა უფლისასა, იერემიას წინაწარმეტყუელება სიტყუათაჲ ამათ.

2

და უხეთქნა პასქორმან იერემიას წინაწარმეტყუელსა და შთააგდო იგი მღჳმესა, რომელი იყო ბჭეთა თანა ბენიამენისსა სახლისა განკიდებულისა ქორედისა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა.

3

და იყო ხვალისაგან, და გამოიყვანა პასქორმან იერემია მღვიმით და ჰრქუა მას იერემია: არა პასქორ გიწოდა უფალმან სახელი შენი, არამედ გარდასახლებულ

4

მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგცემ შენ გარდასახლებად ყოველთა თანა მოყვარეთა შენთა, და დაეცნენ მახჳლითა მტერთა მათთაჲთა, და თუალთა შენთა იხილონ. და შენ და ყოველი იუდაჲ მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და გარდაასახლენ იგინი ბაბილოვნად და დაჭრნენ იგინი მახჳლითა.

5

და მივსცნე ყოველი ძალი ქალაქისა ამის და ყოველნი ნაშრომნი მისნი და ყოველი პატივი მისი, და ყოველნი საუნჯენი მეფისა იუდაჲსნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, და წარიხუნენ იგინი ბაბილონად.

6

და შენ, პასქორო, და ყოველნი დამკჳდრებულნი სახლსა შინა შენსა, წარხჳდეთ ტყუეობად და ბაბილონად მიხჳდეთ და მუნ მოჰკუდე. და მუნ დაეფლა შენ და ყოველნი მეგობარნი შენნი, რომელთა უწინასწარმეტყუელებდ მათ ცრუსა.

7

შემაცთუნე მე, უფალო, და შევსცეთ. შემიპყარ და მძლე ვიქმენ საცინელად, ყოველი დღე წარვლე განკიცხულმან.

8

რამეთუ განმწარებულითა სიტყჳთა ჩემითა ვიცინოდი უდებლობასა და საარებულობასა მოვხადო, რამეთუ იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა საყუედრელად და საგიობელ ყოველსა დღესა.

9

და ვთქუ: არა სახელ-ვსდვა სახელსა ღმრთისასა და არა ვიტყოდი მერმე სახელსა ზედა მისსა. და იქმნა გულსა შინა ჩემსა, ვითარცა ცეცხლი მგზებარე და მოტყინარე და შემყენებელი შორის ძუალთა ჩემთა, და შეუცავ ყოველგნით, და ვერ ძალ-მიც თავს-დებაჲ,

10

რამეთუ მესმა გიობაჲ მრავალთაჲ შეკრებულთა ჩემ ზედა მრგულივ, მეტყუელთა: ზედააღდეგით და ზედააღუდგეთ მას ყოველნი კაცნი მიყუარნი მისნი, განიხილეთ წულილ მოგონებაჲ მისი, ანუ შეაცთუნეთ და ვსძლოთ მას, და მოვიღოთ შურისძიებაჲ ჩუენი მისგან.

11

და უფალი ჩემ თანა, ვითარცა მბრძოლი ძლიერი. ამისთჳს მდევნეს და გაგონებად ვერ უძლოყე. ერცხჳნა ფრიად, რამეთუ აგრძნეს უპატიობანი მათნი, რომელნი საუკუნომდე არდავიწყებულ იქმნენ.

12

უფალო ძალთაო, გამომცდელო სამართალთაო, გულისხმის-მყოფელო თირკმელთა და გულთაო. მიხილავსმცა შენმიერი შურისძიებაჲ მათგან, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადენ პასუხის-მიცემანი ჩემნი.

13

უგალობდით უფალსა, აქებდით მას, რამეთუ განარინა სული გლახაკისაჲ ჴელისაგან მბოროტებელთასა.

14

დაწყეულ დღე, რომელსა ვიშევ მას შინა, დღე, რომელსა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, ნუ იყოფინ ზედლოცვით.

15

დაწყეულ კაცი, მახარებელი მამისა ჩემისა, მეტყუელი: გეშვა შენ ძე წული, ნუ მხიარულ იყავნ.

16

და იყავნ კაცი იგი, ვითარცა ქალაქნი, რომელნი დააქცინა უფალმან გულისწყრომით და არ შეინანა. ესმედ ღაღადებისაჲ განთიად და ვალალაებისაჲ ჟამსა შუადღისასა,

17

რამეთუ არ მომკლა მე საშოსა შინა მსაშოებელისა ჩემისასა, და იქმნა დედაჲ ჩემი საფლავ ჩემდა, და საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა.

18

რაჲსა ამისთჳს გამოვედ საშოჲთ, ხილვად შრომათა და ტკივილთა და გარდაჴდეს სირცხჳლსა შინა დღენი ჩემნი?

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152