ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 4

1

თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ,

2

დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში.

3

რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ!

4

წინდაიცვითეთ უფლისათვის და მოიშორეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აბრიალდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.

5

გააცხადეთ იუდაში და ასმინეთ იერუსალიმშიც, ამცნეთ და დაჰკარით ბუკს ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ძალით და ამცნეთ: შეიკრიბენით და ციხე-ქალაქებში წავიდეთ!

6

აღმართეთ სიონზე დროშა, თავს უშველეთ, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურებას მოვაწევ ჩრდილოეთიდან და დიდ გასაჭირს!

7

გამოვარდა ლომი თავისი შამბნარიდან და დაიძრა ხალხთა დამღუპველი; გამოდის თავისი სადგომიდან, რათა უდაბნოდ აქციოს შენი ქვეყანა. შენი ქალაქები გაცამტერდება და გაუკაცრიელდება.

8

აბა, შეირტყით ჯვალო, იგლოვდეთ და მოთქვამდეთ, რადგან ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან უფლის რისხვის ალი.

9

დადგება დღე, ამბობს უფალი, და გული შეუდრკებათ მეფეს და მთავრებს, შეძრწუნდებიან მღვდლები, გაოგნდებიან წინასწარმეტყველნი.

10

ვთქვი; ეჰა, უფალო ღმერთო! ნამდვილად მოგიტყუებია ეს ერი და იერუსალიმი, რომ ეუბნებოდი: მშვიდობა იქნებაო თქვენში, მაგრამ ყელზეა მობჯენილი მახვილი.

11

იმჟამად ეტყვიან ამ ერს და იერუსალიმს: მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხმელგორებიდან, ჩემი ერის ასულის გზაზე, არც სანიავებლად და არგ გადასარჩევად.

12

ამაზე უფრო ძლიერი ქარი ატყდება ჩემგან და მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს.

13

აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი, ქარბორბალაა მისი ეტლები, არწივზე უსწრაფესია მისი ცხენები. ვაი ჩვენს თავს, გავნადგურდით!

14

გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! როდემდის უნდა იბუდოს შენს წიაღში უკეთურმა ზრახვებმა?

15

რადგან ხმა მოდის დანიდან და ავის მთხრობელი ეფრემის მთიდან!

16

გამოუცხადეთ ხალხებს, ხმა მიიტანეთ იერუსალიმამდე: მტერი მოდის შორი ქვეყნიდან და ყიჟინით აყრუებს იუდას ქალაქებს.

17

მეველეებივით გარს უვლიან, რადგან ამიჯანყდა მე, ამბობს უფალი.

18

შენმა საქციელმა და ნამოქმედარმა დაგმართა ეს ყველაფერი; ისე მწარეა ეს შენი ცოდვა, რომ გულამდე გიწია.

19

ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.

20

უბედურება უბედურებას მოსდევს; გაპარტახდა მთელი ქვეყანა, უცებ გაპარტახდა ჩემი კარვები, წამისყოფაში - ჩემი ჩარდახები.

21

როდემდის უნდა ვუყურო დროშას, ვუსმინო ბუკის ხმას?

22

ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.

23

შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.

24

შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.

25

შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან.

26

შევხედე და, აჰა, წალკოტი უდაბნოდ ქცეულა, ერთიანად გაცამტვერებულა ქალაქები უფლის წინაშე, მისი რისხვის ალისაგან.

27

რადგან ასე ამბობს უფალი: გაუდაბურდება მთელი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ არ გავანადგურებ.

28

ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი, არ შევინანებ და არ გადავთქვამ.

29

ცხენოსანთა და მოისართა ხმას გაურბის მთელი ქალაქი; გარბიან უღრან ტყეებში და კლდეებს ეხიზნებიან; დაცარიელდა მთელი ქალაქი, ერთი მცხოვრებიც არ დარჩენილა.

30

რას იზამ, გაპარტახებულო? თუმცა ჩაგიცვამს ძოწეული, ოქროს სამკაულებით მორთულხარ, თვალები სურმით მოგიხატავს, მაგრამ ამაოდ ილამაზებ თავს: შეგიძულეს საყვარლებმა, სასიკვდილოდ დაგდევენ.

31

ყვირილი მესმის თითქოსდა მშობიარისა, კივილი ქალისა პირველად რომ შობს, ყვირილი სიონის ასულისა; სულთქვამს და ხელებს იშვერს: ვაიმე, სული ამომდის მკვლელების მოლოდინში!

1

უკეთუ მოიქცევის ისრაილ, - იტყჳს უფალი, - ჩემდა მომართ მოიქცეს, და უკეთუ მოისპვნეს საძაგელნი მათნი პირისაგან მისისა და პირისაგან ჩემისა შეიშინოს.

2

და ფუცოს: ცხოველ არს უფალი ჭეშმარიტებისა თანა მსჯავრისა მიერ და სიმართლისა და აკურთხევდენ მის შორის ნათესავნი და მის თანა აქებდენ ღმერთსა იერუსალიმს შინა,

3

რამეთუ ამათ ეტყჳს კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს: იანეულენით თავთა თჳსთად ანეულნი და ნუ სთესავთ ეკალთა ზედა.

4

წინდაიცვითეთ ღმრთისა თქუენისად და წინდაგეცჳთოს დაუცუეთილობაჲ გულისა თქუენისა, კაცნო იუდაჲსნო და დამკჳდრებულნო იერუსალიმს. ნუ გამოვიდეს, ვითარცა ცეცხლი გულისწყრომაჲ ჩემდა, აღეტყინნეთ და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთასა.

5

იქადაგენ იუდას შორის, და სასმენელ იქმნენინ იერუსალიმს შინა. არქუთ და ეცით საყჳრსა ქუეყანასა ზედა. და ღაღად-ყავთ დიდად, არქუთ: შეკერბით და შევიდეთ ქალაქთამი მოზღუდვილთა.

6

აღმღებელნი შეივლტოდეთ სიონდ. ისწრაფეთ, ნუ სდგათ, რამეთუ ძჳრთა მოვაწევ მე ჩრდილოჲთ გამო და შემუსრვასა დიდსა.

7

აღმოვიდა ლომი საყუდლისაგან თჳსისა, და მომსრველმან ნათესავი აღიღო და გამოვიდა ადგილისაგან თჳსისა დადებად ქუეყანაჲ შენი მოსაოჴრებელად და ქალაქნი შენნი დაირღუენ უმკჳდროობისა მიერ მათისა.

8

ამათ ზედა გარემოირტყეთ ძაძები. და იტყებდით და ვალალაებდით მით, რამეთუ არა მოიქცა გულისწყრომაჲ რისხვისა უფლისა თქუენგან.

9

და იყოს, მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარწყმდეს გული მეფისა და გული მთავართა, და მღდელნი განჰკრთენ და წინაწარმეტყუელნი განჰკჳრდენ.

10

და ვარქუ: ჵ მეუფეო, უფალო, ნუსადა ცთუნებით აცთუნე ერი ესე და იერუსალიმი მეტყუელმან: მშჳდობაჲ იყოს თქუენდა! და შეახო მახჳლმან ვიდრე სულად მათდამდე.

11

მას ჟამსა შინა ჰრქუან ერსა ამას და იერუსალიმსა, სული შეცთომილობისა უდაბნოს შინა, გზაჲ ასულისა ერისა ჩემისა არა უბიწოებად მიმართ, არცა სიღირსედ.

12

სული წმიდისა მიმართ სავსებისა მოვიდა ჩემდა ამათგან, ხოლო აწ მე ვთქუნე სასჯელნი ჩემნი მათდა მიმართ.

13

აჰა, ესერა, ღრუბელი აღმოჴდეს და, ეითარცა ნიავქარი, საჭურველნი მათნი, უსუბუქესნი არწივთასა ცხენნი მათნი, ვაებანი ჩუენ, რამეთუ ვსაარებლებთ.

14

განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა?

15

მით, რამეთუ ჴმაჲ მიმთხრობელისა დანით მოიწია, და სასმენელ იქმნეს ტკივილი მთით ეფრემისით.

16

აღიჴსენეთ, ნათესავნო, აჰა, მოვიდეს, მიუთხართ იერუსალიმს შორის: განსაცდელნი მოვლენ ქუეყანისაგან შორიელისა, და მოსცეს ქალაქთა ზედა იუდაჲსთა ჴმაჲ მათი,

17

ვითარცა მცველნი აგარაკისანი იქმნეს მათ ზედა გარემოს, რამეთუ მე უგულებელს-მყავ, - იტყჳს უფალი:

18

გზათა შენთა და სიმარჯუეთა შენთა გიყვნეს ესენი შენ. და ესე უკეთურება შენი, რამეთუ მწარე არს, რამეთუ შეახო ვიდრე გულად შენდამდე.

19

მუცელი ჩემი, მუცელი ჩემი მელმის და საგრძნობელნი ჩემისა შეირყევიან გულისანი, სული ჩემი განიჭრების და გული ჩემი არა დავსდუმნე, რამეთუ ჴმისა საყჳრისა ისმინა სულმან ჩემმან, ღაღადება ბრძოლათა და საარებაჲ.

20

შემუსრვათა შემუსრვასა ზედა ხადეთ, რამეთუ საარებულ იქმნა ყოველი ქვეყანა, მყის საარებულ იქმნა კარავი, დაიჴსნნეს ზღუდენი კარვისა ჩემისანი,

21

ვიდრემდის ვხედვიდე მტოლვარეთა, მესმის ჴმაჲ საყჳრთა.

22

მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს.

23

მე ვიხილე ქუეყანასა ზედა და, აჰა, არარაჲ და ცად მიმართ და არა იყვნეს ნათელნი მისნი.

24

ვიხილენ მთანი და იყვნეს მძრწოლარე და ყოველნი ბორცუნი შერყეულ.

25

მივხედენ და არა იყო კაცი, და ყოველთა მფრინველთა ცისათა ეშინოდა.

26

ვიხილე და, აჰა, კარმელი მოოჴრებულ და ყოველნი ქალაქნი მომწუარ ცეცხლითა პირისაგან უფლისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უჩინო იქმნნეს.

27

ამათ იტყჳს უფალი: ოჴერ იყოს ყოველი ქუეყანა, ხოლო აღსასრული არა ვყო.

28

ამას ზედა იგლოვდინ ქუეყანა და დაბნელდინ ცაჲ ზეგარდამო, რამეთუ ვიტყოდე და არა შევინანო, მივმართე და არა გარემივიქცე მისგან.

29

ჴმისაგან ცხენობისა და მორთხმულისა მშჳდლისა განეშორა ყოველი სოფლები, შეიმალნეს ქუაბებთამი და სამალავთა შინა დაიმალნეს, და კლდეთა მიმართ აღვიდეს. ყოველი ქალაქი დაშთა, არა მკჳდრ არს მათ შინა კაცი.

30

და შენ რაჲ ჰყო? უკეთუ შეიმოსო ძოწეული და შეიმკო სამკაული ოქროსაჲ, და უკეთუ იცხო თვალთა შენთა საგრემილველი, ამაოსა მიმართ არს მომკაულები შენი. განგიშორეს შენ ტრფიალთა შენთა, სულსა შენსა ეძიებენ,

31

რამეთუ ჴმაჲ, ვითარცა მლმობელისა, მესმა სულთქუმათა შენთა, ვითარცა პირველმშობიარისა. ჴმჲ ასულისა სიონისა განიჴსნას და წარადგინნეს ჴელნი მისნი. ვაჲ მე, რამეთუ მოაკლდა სული ჩემი მოკლულთა ზედა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152