ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 18

1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:

2

ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვას.

3

ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.

4

როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა გასაკეთებლად.

5

იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:

6

ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო!

7

ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას,

8

მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი.

9

ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას,

10

მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას.

11

ახლა ასე გამოუცხადე იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და საქციელი.

12

ამბობენ: არამც და არამც! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალზე უნდა ვიაროთ და თითოეული ჩვენგანი თავისი ბოროტი გულისთქმის თანახმად უნდა მოიქცესო.

13

ამიტომ ამბობს უფალი: აბა, შეეკითხეთ ხალხებს, ვის სმენია ამგვარი ამბავი? უსაზომო სისაძაგლენი ჩაიდინა ქალწულმა - ისრაელმა.

14

თუ მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა ტინებს? თუ შეწყდება შორით მომდინარი ცივი წყლები?

15

მაგრამ დამივიწყა ჩემმა ერმა, ამაოებას უკმევენ; გაიმრუდეს გზა, ძველი სავალი, რომ ევლოთ გაუთელავი გზის ბილიკებით.

16

რომ უდაბნოდ ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად სასტვინებლად, რათა ყოველი ჩამვლელი შეძრწუნებულიყო და თავი გაექნია.

17

აღმოსავლეთის ქარივით დავფანტავ მათ მათი მტრების წინაშე. ზურგს ვუჩვენებ მათ, არა სახეს, გასაჭირის ჟამს.

18

თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო.

19

ყური მიგდე, უფალო, და ისმინე ჩემი მომჩივრების ხმა.

20

განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს დასაღუპად? გამიხსენე შენს წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის.

21

ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში.

22

კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა ანაზდად ავაზაკებს მიუსევ, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფეხქვეშ იდუმალ მახეს მიგებენ.

23

შენ იცი, უფალო, რომ ყველაფერს ღონობენ ჩემს მოსაკლავად! ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და ცოდვებს ნუ წარუხოცავ მათ შენს თვალთაგან. აყვნენ დამხობილნი შენს წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ!

1

სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიას მიმართ მეტყუელი:

2

აღდეგ და შთავედ სახიდ მეკეცისა, და მუნ გესმნენ სიტყუანი ჩემნი.

3

და შთავედ სახიდ მეკეცისა. და, აჰა, იგი იქმოდა საქმესა ქვათა ზედა.

4

დავარდა ჭურჭელი, რომელსა-იგი იქმოდა თიჴისაგან ჴელთა შინა მისთა, და კუალად შექმნა იგი ჭურჭლად სხუად, ვითარცა სთნდა წინაშე მისსა ქმნად.

5

და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: არქუ მათ:

6

უკუეთუ ვითარცა მეკეცესა ამას ვერ ძალ-მიც ქმნად თქუენდა, სახლო, ისრაილისაო? აჰა, ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეთ თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაილისაო!

7

აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად.

8

და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა.

9

დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად

10

და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა.

11

და აწ თქუ მამაკაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმს: ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვზელ თქუენ ზედა ბოროტთა და ვსიტყუავ თქუენ ზედა გულისსიტყვასა: მოიქეცინ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უკეთეს-ჰყვენით სიმარჯუენი თქუენი და გზანი თქუენი

12

და თქუეს: ვმჴნდეთ, რამეთუ უკანა განდრეკილებათა ჩუენთასა ვიდოდით და კაცადმან სათნონი გულისა ჩუენისა ბოროტნი ვქმნნეთ.

13

ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: იკითხეთ წარმართთა შორის, ვის ესმნეს ესევითარნი განსაკრთომელნი ფრიად, რომელნი ქმნნა ასულმან ქალწულმან იერუსალიმისამან?

14

ნუ მოაკლდეს კლდისაგან ძუძუნი, ანუ თოვლი ლიბანისაგან, ანუ მიაქციის წყალი მაიძულებელისა ქარისა მობერვამან?

15

რამეთუ დამივიწყა მე ერმან ჩემმან, ცუდისადმი აკმევდეს და მოუძლურდენ გზათა მათთა ზედა, საბელთა საუკუნეთა ზედსლვისათჳს ალაგთა არმქონებელთა გზისათა სავალად.

16

და დაწესებად ქუეყანაჲ მათი უჩინოსაქმნელად და სასტჳნველად საუკუნოდ. ყოველნი წარმავლელნი მის მიერ განცჳბრდენ და შეხარნენ თავნი მათნი,

17

ვითარცა ქარმან შემწუელმან განვაბნინე იგინი წინაშე პირსა მტერთა მათთასა. ქედი და არა პირი უჩუენო მათ დღესა შინა წარწყმედისა მათისასა.

18

და თქუეს: მოვედით, ვსიტყოთ იერემიას ზედა გულისსიტყუა, რამეთუ არა წარწყმდეს შჯული მღდელისაგან და განზრახვაჲ გულისჴმიერისაგან და სიტყვა წინაწარმეტყუელისაგან. მოვედით და გავაბრძოლოთ იგი ენისა მიერ, და არა ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი.

19

ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართლისა ჩემისაჲ.

20

უკეთუ მიეგებიან ბოროტნი კეთილთა წილ, რამეთუ შეთქუნეს სიტყუანი ძჳნად სულისა ჩემისა და ტანჯვაჲ მათი დამირწყუეს მე? მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე პირსა შენსა თქმად მათ ძლით კეთილთა, გარემიქცევად გულისწყრომა შენი მათგან.

21

ამისთჳს მისცენ ძენი მათნი სიყმილსა და შეაწყუდიენ იგინი ჴელთა მახჳლისათა. იქმენინ ცოლნი მათნი უშვილო და ქურივებ, და ქმარნი მათნი იქმენინ მოწყუედილ სიკვდილითა და ჭაბუკნი მათნი დაცემულ მახჳლითა ბრძოლასა შინა.

22

იქმენინ ღაღადება სახლებსა შინა მათსა, მოავლინენ მათ ზედა ავაზაკნი მყის, რამეთუ ჴელ-ყვეს სიტყვა შეპყრობად ჩემდა, და მახენი დაარწყუნეს ჩემ ზედა.

23

და შენ, უფალო, სცან ყოველი განზრახვაჲ ჩემ ზედა სასიკვდინედ. ნუ ააუბრალოებ უმართლობათა მათთა და ცოდვათა მათთა პირისა შენისაგან ნუ აჰჴოც. იყავნ უძლურებაჲ მათი წინაშე შენსა, ჟამსა შინა გულისწყრომისა შენისასა ყავ მათ შორის.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152