ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 35

1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის დროს:

2

წადი რექაბიანთა თემში, ელაპარაკე და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში და ღვინო შეასვი.

3

წამოვიყვანე იაზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმები, მისი შვილები და რექაბიანთა მთელი თემი,

4

და მივიყვანე ისინი უფლის სახლში ღვთისკაცის, ხანან იგდალიას, სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეია შალუმის ძის, ზღურბლის მცველის, სენაკის ზემოთ.

5

წინ დავუდგი რექაბიანთა თემის შვილებს ღვინით სავსე თასები და ფიალები და ვუთხარი მათ: შესვით ღვინო.

6

თქვესა ღვინოს არა ვსვამთ, რადგან იონადაბ რექაბის ძემ, ჩვენმა წინაპარმა გვიანდერძა, ღვინოს ნუ დალევთ ნურასოდეს, ნურც თქვენ და ნურც თქვენი შვილებიო.

7

სახლებს ნუ ააშენებთ, თესლს ნუ დათესავთ, ვენახს ნუ გააშენებთ, ნურაფერს იქონიებთ; მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი სიცოცხლე, რათა დიდხანს იცოცხლოთ დედამიწის ზურგზე, სადაც მდგმურებად ხართო.

8

ჩვენც ვემორჩილებით იონადაბ რექაბის ძეს, ჩვენს წინაპარს, ყველაფერში, რაც გვიანდერძა: არ დავლიოთ ღვინო მთელი ჩვენი სიცოცხლე, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ვაჟებმა და არც ჩვენმა ასულებმა,

9

არ ვაშენოთ სახლები საცხოვრებლად. არა გვაქვს არც ვენახი, არც ყანა, არც ნათესები;

10

ვცხოვრობთ კარვებში და ვემორჩილებით იონადაბს, ჩვენს წინაპარს, და ყველაუერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვიანდერძა.

11

როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მოადგა ქვეყანას, ჩვენ ვთქვით: წამო, წავიდეთ იერუსალიმში, გავეცალოთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს. და ვცხოვრობთ იერუსალიმში.

12

იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი.

13

ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი, უთხარი იუდას ხალხს და იერუსალიმის მცხოვრებლებს, ნუთუ აღარ ისწავლით ჭკუას და არ გაიგონებთ ჩემს ნათქვამს? ამბობს უფალი.

14

სრულდება იონადაბ რექაბის ძის ნაანდერძევი სიტყვები თავისი შთამომავლებისადმი, რომ არ დალიონ ღვინო, და დღემდე არ სვამენ, რადგან ემორჩილებიან თავიანთი წინაპრის ანდერძს. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, მაგრამ ჩემი გაგონებაც არ გინდოდათ.

15

გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ.

16

ასეა, ასრულებენ იონადაბ რექაბის შთამომავლები თავიანთი წინაპრის ნაანდერძევს. ამ ხალხს კი ჩემი გაგონება არ უნდა.

17

ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვუვლენ იუდას და იერუსალიმის მცხოვრებლებს ყველა ბოროტებას, რითაც დავემუქრე მათ, იმის გამო, რომ ველაპარაკებოდი და არ მიგონებდნენ, ვუხმობდი და ხმას არ მცემდნენ.

18

რექაბიანთა თემს უთხრა იერემიამ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრის, იონადაბის ნაანდერძევს, იცავთ მის ყოველ ნაანდერძევს და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიანდერძათ,

19

ამიტომაც, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი.

1

სიტყვა ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა მეფისა იუდაჲსათა მეტყუელი

2

ვიდოდე სახიდმი რექაბისა და მიუწოდე მათ სახიდ უფლისა, ერთსა ეზოთაგანსა, და ასუ მათ ღჳნოჲ.

3

და მოვიყვანე იეზონია, ძე იერემიაჲსი, ძისა ხავაზინისი, და ძმანი მისნი, და ძენი მისნი და ყოველი სახლი რექაბისი,

4

შევიყვანე სახიდ უფლისა და პასტოფორიონსა ძისა ანანისსა, ძისა ღოდოლიაჲსსა, კაცისა ღმრთისაჲსა, რომელი არს მახლობელ სახლისა მთავართასა, ზენაჲთ პასტოფორიონსა მაასესა, ძისა სელომისსა, რომელი სცვიდა სადგურსა.

5

და დავდგი წინაშე პირსა მათსა ძეთა სახლისა რაქაბისთასა ლაგჳნები სავსეები ღჳნითა და სასუმლები, და ვთქუ მათდამი: ესრეთ იტყჳს უფალი: სუთ ღჳნოჲ.

6

და თქუეს: ვერ ვსუათ ღჳნოჲ, რამეთუ იონადაბ, ძემან რექაბისამან, მამამან ჩუენმან, მამცნო მეტყველმან ჩუენმან: „არა სუათ ღჳნოჲ თქუენ და ძეთა თქუენთა ვიდრე საუკუნომდე.

7

და სახლნი არ აღიშენნეთ, და თესლი არა დასთესოთ, და ვენაჴთა ნუ დაასხამთ, ნუცა იყვნენ თქუენდა, რამეთუ კარავთა შინა ჰმკჳდრობდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა, რაჲთა ცოცხალ იყვნეთ დღეთა მრავალთა ქუეყანასა ზედა, რომელსა ზედა თქუენ ხჳდოდით მას ზედა“.

8

და ვისმინეთ ჴმისა იონადაბისისა, მამისა ჩუენისა, ძისა რაგავისა, ყოველთაებრ, რავდენნი გუამცნნა ჩუენ, არსუმისათჳს ღჳნისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, ჩუენ და ცოლთა ჩუენთა, და ძეთა ჩუენთა და ასულთა ჩუენთა,

9

არაღშენებისათჳს სახლთაჲსა დამკჳდრებად მუნ, და ვენაჴი და აგარაკი და თესლი არა იქმნა ჩუენდა;

10

და დავეშენენით კარავთა შინა, და ვისმინეთ და ვყავთ ყოველთაებრ, რავდენნი მამცნნა ჩუენ იონადამ, მამამან ჩუენმან.

11

და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონელთა ქუეყანასა მას ზედა, და ვთქუთ: აღსრულნი შევიდეთ იერუსალიმად პირისაგან ძალისა ქალდეველთაჲსა და პირისაგან ძალისა ასურასტანელთასა, და დავეშენნეთ მუნ იერუსალიმს შინა.

12

და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

13

ესრეთ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაილისა: წარვიდოდე და არქუ კაცსა იუდაჲსასა, დამკჳდრებულთა იერუსალიმისათა: არა შეიწყნაროთ სწავლაჲ სმენად სიტყვათა ჩემთა? - თქუა უფალმან.

14

და დაამტკიცეს სიტყუა ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, რომელი ამცნო შვილთა მისთა არა სუმად ღჳნისა, და არა სუეს ვიდრე დღისამდე ამის, რამეთუ ისმინეს მცნებისა მამისა მათისაჲ; და მე ვითარ ვიტყოდე თქუენდამი, აღმმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ ჩემი.

15

და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინასწარმეტყველნი, აღმსთობმან და მიმავლენელმან და მეტყუელმან: ,,მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უმჯობესებ-ყვენით სიმარჯუენი თქუენნი, და ნუ ხუალთ უკანა ღმერთა სხუათა მსახურებად მათდა და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, და არა მოჰყვენით ყურნი თქუენნი და არა ისმინეთ ჩემი.

16

და ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, დაამტკიცეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ, რომელი ამცნო მათ, ხოლო ერმან ამან არა ისმინა ჩემი.

17

ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიხუნე იუდას ზედა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მათ ზედა ყოველნი მის წილ, რამეთუ ვიტყოდე მათდამი, და არა ისმინეს, და უწოდე მათ, და არა მომიგეს.

18

და სახლსა რექაბისსა ჰრქუა იერემია: ამისთჳს თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვინაჲთგან ისმინეს ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, მცნება მამისა მათისა იონადაბისი, და დაიცვნეს თანად ყოველნი მცნებანი მისნი ქმნად ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნა მათ მამამან მათმან.

19

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: არა მოაკლდეს მამაკაცი ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, წინამდგომი წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა ქუეყანისათა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152